Showing posts with label ბოსტნეული. Show all posts
Showing posts with label ბოსტნეული. Show all posts

ფარშირებული ჩილი

მასალა: 10 ცალი წიწაკა ჩილი, 500 გრ. მაგარი ყველი, 4 ცალი კვერცხი, 100გრ. ფქვილი (ამოსავლებად), 1 ჭიქა საფანელი, მცენარეული ზეთი შესაწვავად, მწიკვი მარილი.
მომზადება: წიწაკები გარეცხეთ, გააშრეთ და შეწვით ღუმელში ან გრილზე. გააგრილეთ და გააცალეთ კანი. ცალ მხარეს  ჩაჭერით სიგრძეზე დანით. ყველი დაყავით 10 ტოლ ნაჭრად. შემდეგ თითოეულ წიწაკაში ჩადეთ ყველის ნაჭერი და ამოავლეთ ფქვილში. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ გათეთრებამდე მარილთან ერთად. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები  და ამის შემდეგ შევურიოთ ცილას. ფქვილმოყრილი წიწაკები ამოვავლოთ კვერცხის მასაში და შემდეგ საფანელში. ტაფაში გავაცხელოთ ბლომად ზეთი და შიგ შევწვათ წიწაკები. 

რჩევა: წიწაკებისათვის გარნირად შეგვიძლია გამოვიყენოთ მოხარშული ბრინჯი. ფქვილში შეგვიძლია ავურიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სანელებელი და ისე ამოვავლოთ შიგ წიწაკები. საფანელის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სეზამის მარცვლები ან ქოქოსის ფანტელი.

კარტოფილის ძეხვები ხაჭოთი

მასალა:  800 გრ. კარტოფილი, 200გრ. ხაჭო, 2ც. კვერცხი, 0,5 ჩ.ჭ. მანანის ბურღული ან პურის ფქვილი, 30გრ. ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი, მარილი გემოვნებით, ფქვილი ძეხვების ამოსავლებად, მცენარეული ზეთი. გასაფორმებლად: კამა, მაიონეზი, კეტჩუპი. მომზადება:  კარტოფილი გავრეცხოთ კარგად და მოვხარშოთ კანიანად 20-25 წუთი. ხაჭო დავსრისოთ საცერზე. კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად და ჩავასხათ ხაჭოს მასაში. აქვე დავამატოთ კარაქი და მანანის ბურღული. კარგად ავურიოთ. მოხარშული კარტოფილი გავაგრილოთ, გავფცქვნათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. კარტოფილისა და ხაჭოს მასა გავაერთიანოთ და კარგად ავურიოთ. მიღებული ცომით გავაკეთოთ პატარა ძეხვები, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ კარგად გახურებულ ზეთიან ტაფაში. ცხელი, მზა ძეხვები დავალაგოთ თეფშზე, გავაფორმოთ კამით, მაიონეზითა და კეტჩუპით. კერძი სუფრასთან შეგვიძლია მივიტანოთ არაჟანთან ერთადაც. 

რჩევა: თუ გვინდა რომ ძეხვები ხრაშუნა გამოვიდეს, მაშინ ჯერ ამოვავლოთ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ საფანელში და ისე შევწვათ.



სალათა ცისარტყელა

მასალა: 400გრ. თეთრი კომბოსტო, 250გრ. პომიდორი ჩერი, 200გრ. კონსერვირებული სოკო, 2ც. დიდი სტაფილო, 0,25 ჩ.კ. დაფქვილი ჯანჯაფილი, 0,25 ჭიქა ვაშლის ძმარი, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 0,25 ჭიქა ვაშლის წვენი, 1ც. ყვითელი ბულგარული წიწაკა, 2ს.კ. მარილი, ქინძი, 1ს.კ. შაქარი,  0,25 ჩ.კ. სურნელოვანი პილპილი, 0,25 ჩ.კ. შავი პილპილი, 1თავი წითელი ხახვი.
მომზადება:  კომბოსტო, სტაფილო და ბულგარული წიწაკა დავჭრათ ჩხირებად, ხახვი კი ნახევარწრეებად. მოვათავსოთ საწურზე და მოვაყაროთ მარილი. დავტოვოთ ასე 1 საათი, შემდეგ გავწუროთ და გავაშროთ. გადავიტანოთ ჯამში, დავამატოთ მეოთხედებად დაჭრილი სოკო და პომიდვრები, ასევე წვრილად დაჭრილი ქინძი. ცალკე პატარა ჯამში ერთად ავურიოთ ძმარი, ვაშლის წვენი, შაქარი და სანელებლები. მიღებული მარინადი მოვასხათ ბოსტნეულს, ავურიოთ კარგად, შემდეგ ჯამს გადავაკრათ ცელოფანი და გავაჩეროთ მაცივარში 10-15 წუთი.

სალათა მონადირული

მასალა: 200გრ. კიტრის მწნილი თავისივე წვენთან ერთად, 1 თავი ხახვი, 400გრ. თეთრი კომბოსტო, 1ც. წითელი ბულგარული წიწაკა, 1ც. სტაფილო, 2 კბილი ნიორი, 1 პატარა კონა კამა, მარილი, პილპილი, შაქარი გემოვნებით.
მომზადება: ხახვი, წიწაკა და კომბოსტო დავჭრათ ჩხირებივით, მჟავე კიტრი - წრეებად, ნიორი და კამა დავაქუცმაცოთ.  დაჭრილ კომბოსტოს მოვაყაროთ მარილი, ავურიოთ კარგად და ოდნავ გავწუროთ. ყველა პროდუქტი, კამის გარდა, მოვათავსოთ დიდ ჯამში. კიტრის მწნილის წვენი ჩავასხათ ღრმა ჯამში და მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავყაროთ მარილი, შაქარი და პილპილი გემოვნებით. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ კამა. ასე მომზადებული ცხელი მარინადი დავასხათ დაჭრილ ბოსტნეულს. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ დავაფაროთ თავზე და 1 დღით მოვათავსოთ მაცივარში.

წითელი კომბოსტოს სალათა მსხლით, ქიშმიშით და დარიჩინით

მასალა: 1 თავი ხახვი, 2ც. დიდი, მაგარი მსხალი, 2ს.კ. თეთრი ქიშმიში, 1ს.კ. მცენარეული ზეთი, 0,5 ჩ.კ დარიჩინი, 500გრ. წითელი კომბოსტო, 2ჩ.კ. შაქარი,  1ს.კ. კონიაკი ან ბრენდი, 2ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 1ს.კ.  წვრილად დაქუცმაცებული  ჯანჯაფილი (კოჭა), მარილი გემოვნებით.
მომზადება:  კომბოსტო დავჭრათ მსხვილად, ხახვი კი ნახევარწრეებად.  დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი კომბოსტო და ხახვი და ვშუშოთ 5 წუთი. შემდეგ ჩავასხათ ძმარი, ჩავყაროთ ქიშმიში და ჯანჯაფილი, მოვაყაროთ მარილი.  ავურიოთ ყველაფერი კარგად, წამოვადუღოთ, შემდეგ გამოვრთოთ, დავახუროთ თავზე და დავტოვოთ ასე.  მსხალი დავჭრათ სიგრძეზე, ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში, მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი და მოვაპკუროთ კონიაკი. მოვათავსოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5 წუთით.  კომბოსტო დავალაგოთ თეფშზე, ზემოდან დავადოთ მსხლის ნაჭრები და მოვასხათ თაფაში დარჩენილი წვენი.

თბილი სალათი მზესუმზირით

მასალა: 2ც. საშუალო ზომის ბადრიჯანი,  1 პატარა თავი ბროკოლი, 50გრ. ბულგური, 2ს.კ. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 2ჩ.კ. ძირა, 1ც. წითელი წიწაკა ჩილი, 1ც. ლიმონი, 200გრ. ნუტი (თურქული ბარდა), 4ს.კ. ზეითუნის ზეთი,  6 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ქინძი, 3ც. პომიდორი, 50გრ. მზესუმზირის გაფცქვნილი მარცვალი, 150 მლ. არაჟანი 2ს.კ. სოიოს სოუსი, 3 კბილი ნიორი.
მომზადება: ბადრიჯანი გავასუფთავოთ და დავჭრათ. თუნუქის ფურცელს მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი და მასზე დავალაგოთ ბადრიჯნის ნაჭრები, რომლებსაც ასევე უნდა გადავუსვათ ზეითუნის ზეთი. გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე და გავაჩეროთ შიგ ბადრიჯნები 10 წუთით.  ამასობაში, მდუღარე წყალში 4 წუთის მანძილზე მოვხარშოთ ბროკოლი. მოვამზადოთ ბულგური: დავყაროთ ბულგური ცხელ ტაფაზე და მოვხალოთ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ტაფა მუდმივად ვამოძრავოთ, რომ არ დაგვეწვას ბულგური. შემდეგ ტაფაშივე დავამატოთ 125 მლ. წყალი, დავახუროთ თავზე და გამოვრთოთ ცეცხლი. გავაჩეროთ ასე 15 წუთი და ბოლოს ავურიოთ ჩანგლით.  სქელძირიან ტაფაში მოვხალოთ მზესუმზირა, ვურიოთ გამუდმებით ვიდრე არ გაყავისფრდება, შემდეგ მოვასხათ სოიოს სოუსი და გამოვრთოთ.  დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და მასში შევწვათ ნუტი 5 წუთის განმავლობაში. ყურადღებით იყავით, რადგან თუ ტაფა ძალიან გაცხელდება, ნუტი შეიძლება ბატიბუტივით გასკდეს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ, დაუწიეთ ცეცხლს. დაუმატეთ ნიორი, ძირა, წიწაკა ჩილი, აურიეთ და კიდევ 2 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე.  ყველა გამზადებული ინგრედიენტი, ხახვი და მწვანილი გააერთიანეთ ერთ დიდ ჯამში. ცალკე ჭურჭელში აურიეთ არაჟანი და ლიმნის წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ წყალი.  მოასხით სალათს ეს სოუსი და თბილივე მიიტანეთ სუფრასთან.

სალათი ბულგარული წიწაკით

მასალა: 1/4 ჭიქა ძმარი, 1/4 ჭიქა ცივი წყალი, 1ს.კ. მარილი, 2ჩ.კ. შაქარი, ნახევარი თავი ხახვი (წითელი ხახვი), 3ც. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 1ც. კიტრი, 100გრ. ყველი ,,ფეტა", 0.5 ჩ.ჭ. ზეთისხილი, 1/4 ჩ.ჭ. ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ერთმანეთში ავურიოთ ძმარი, წყალი, მარილი და შაქარი, ვურიოთ ვიდრე მარილი და შაქარი ბოლომდე არ დადნება. შემდეგ ჩავყაროთ შიგ კუბებად დაჭრილი წითელი ხახვი და დავტოვოთ ასე ცოტა ხნით. ამასობაში წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ პატარა კუბებად. დიდ ჯამში მოვათავსოთ ერთ ზომაზე დაჭრილი წიწაკა, კიტრი, ზეთისხილი და ყველი. ამის შემდეგ მარინადში მოთავსებული ხახვი ამოვიღოთ ბადით და დავამატოთ დაჭრილ ბოსტნეულს და ყველს. 1/4 ჭ. მარინადი, რომელშიც მანამდე იყო ხახვი, ჩავასხათ სალათში და ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.  ყველაფერი კიდევ ერთხელ ავურიოთ კარგად (ვეცადოთ რომ კოვზის გარეშე ავურიოთ, თვითონ ჯამი შევატოკოთ რამოდენიმეჯერ ისე რომ ბოსტნეული ერთმანეთში აირიოს) და მოვათავსოთ სალათი მაცივარში რამოდენიმე საათით, არომატი კარგად რომ გაუჯდეს (სასურველია ჯამს თავზე გადავაკრათ ცელოფანი, მაცივარში ძმრის სუნი რომ არ დადგეს).

კომბოსტოთი ფარშირებული ბულგარული წიწაკა

მასალა: საშუალო ზომის 20ც. ბულგარული წიწაკა (სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ სხვადასხვა ფერის), 2ც. სტაფილო, 1კგ, კომბოსტო, 1ც. ცხარე წიწაკა (თუ გინდათ რომ კერძი ცხარე იყოს), 1 კონა ოხრახუში, 1 კონა კამა.
მარინადისათვის: 0,5 ლიტრი მცენარეული ზეთი, 2 სუფრის კოვზი მარილი, 400მლ. ძმარი,პილპილის დაუფქვავი მარცვლები გემოვნებით.
მომზადება: კომბოსტო დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ნიორი დავჭრათ, ან დავჭყლიტოთ. ცხარე წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და კუბებად დავჭრათ. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ. მარინადის მოსამზადებლად, ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ძმარი, მარილი, პილპილის მარცვლები, შემოვდგათ ცეცხლზე, გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. მზა მარინადში რიგრიგობით ჩავყაროთ ბოსტნეული (ამ პროცესს ბლანშირება ჰქვია): ჯერ მთელ-მთელი ბულგარული წიწაკა (ყუნწებიანად) ჩავყაროთ 5 წუთით და ამოვიღოთ. შემდეგ - დაჭრილი კომბოსტო, პორციებად - 5 წუთით და ბოლოს სტაფილო - 10 წუთით. მარინადიც და ბლანშირებული ბოსტნეულიც გავაგრილოთ. ამის შემდეგ მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ წვრილად. ავურიოთ ერთმანეთში კომბოსტო, სტაფილო, ნიორი და მწვანილი. ბულგარულ წიწაკას გავუჭრათ გვერდი, ფრთხილად ამოვიღოთ თესლი და ამოვავსოთ ბოსტნეულის მასით. უკვე ფარშირებული წიწაკები ჩავაწყოთ ქვაბში, ზემოდან დავასხათ დარჩენილი მარინადი და დავდგათ გრილ ადგილას. 3-5 საათის შემდეგ წიწაკა უკვე მზად იქნება.
რჩევა: ასე მომზადებული წიწაკა, ზამთრისთვისაც შეგვიძლია შევინახოთ. ამისათვის წიწაკა უნდა მოვათავსოთ სტერილიზებულ ქილებში, დავასხათ ცხელი მარინადი და მოვხუფოთ.

ბადრიჯნის რულეტი ლორით და სეზამის მარცვლებით

მასალა: 3ც. საშუალო ზომის ბადრიჯანი, 150გრ. ქამა სოკო, 200გრ. ლორი, 250 მლ. არაჟანი, 3ს.კ. სეზამის მარცვლები, ოხრახუში, კამა, ფქვილი ამოსავლებად, მარილი, მცენარეული ზეთი.
მომზადება: ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ ასე ცოტა ხნით, შემდეგ გადავწუროთ. ბადრიჯნის ნაჭრები ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ ზედმეტი ფქვილი მოვაშოროთ და შევწვათ ტაფაში ორივე მხრიდან. მზა ბადრიჯნები დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთი რომ შეაშრეს. სეზამის მარცვლები 1-2 წუთით მოვხალოთ მშრალ ტაფაზე. სოკო გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ და შევწვათ ზეთში, 10 წუთი, მარილი მოვაყაროთ და გავაციოთ. ლორი დავჭრათ კუბებად. მწვანილიც დავჭრათ. რამოდენიმე ღერი დავტოვოთ გასაფორმებლად. ჯამში ერთად ავურიოთ ლორი, მწვანილი, სოკო, სეზამის მარცვლები (ცოტა მოვიტოვოთ გასაფორმებლად), არაჟანი და კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ. თითოეულ ბადრიჯანს დავადოთ 1 ს.კ. მომზადებული გულსართის მასა, რულეტივით გადავახვიოთ, ზემოდან მოვაყაროთ სეზამის მარცვლები და გავაფორმოთ მწვანილით

სოკოთი და ხორცით ფარშირებული ჭარხალი

მასალა: 5-6ც. საშუალო ზომის ჭარხალი, 400გრ. ხორცი (ნებისმიერი), 200გრ. სოკო, 100გრ. ყველი, 3-4 ს.კ. არაჟანი, 2 თავი ხახვი, 0,5 ჭიქა წითელი ღვინო, 1 ჭიქა ბულიონი, 0,5 ჭიქა საფანელი, მარილი, პილპილი გემოვნებით. მცენარეული ზეთი შესაწვავად.
მომზადება: ჭარხალი ვხარშოთ მინიმუმ 40 წუთი. მოხარშულ ჭარხალს მაშინვე გადავავლოთ ცივი წყალი. გავაგრილოთ, გავფცქვნათ. წავაჭრათ წვერო და ფოთლის ღეროების მხარე. ძალიან ფრთხილად, მრგვალ პირიანი დანით ამოვჭრათ გულში კონუსი და შემდეგ კოვზით ამოვიღოთ გული, ისე რომ კედლები არ დავაზიანოთ. ხორცი მოვხარშოთ კარგად. დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევწვათ დაჭრილ ხახვთან და სოკოსთან ერთად. ბოლოს დავამატოთ ნახევარი ჭიქა ღვინო და ბულიონი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ჭარხლები ამოვავსოთ ფარშით. გარედან საკონდიტრო ფუნჯით წავუსვათ არაჟანი. შემდეგ კოვზით მოვაყაროთ ყველა მხრიდან საფანელი. ზემოდან დავაყაროთ გახეხილი ყველი. გადავიტანოთ ტაფაში ან თუნუქის ფურცელზე და მოვათავსოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით, ვიდრე ყველი მოიბრაწება. სუფრასთან შეგვიძლია მივიტანოთ არაჟანთან, მჟავე კიტრთან და გამომცხვარ კარტოფილთან ერთად.

შემწვარი ბრინჯი ბოსტნეულით

მასალა: 3ც. მოზრდილი სტაფილო, 1ც. ყაბაყი, 1 პატარა ქილა დაკონსერვებული სიმინდი, 1 პატარა ქილა დაკონსერვებული ბარდა, 2 ც. წითელი ბულგარული წიწაკა, 2 თავი საშუალო ზომის ხახვი, 2-3 ს.კ. ნებისმიერი კეტჩუპი (თქვენი გემოვნებით), 2 კბილი ნიორი, 2 ჭიქა გრძელი ბრინჯი, მცენარეული ზეთი შესაწვავად, მარილი, პილპილი.
გასაფორმებლად - ბროკოლი.
მომზადება: ხახვი დავჭრათ წვრილად, სტაფილო, ყაბაყი და წიწაკა კი - კუბებად. ხახვი შევწვათ მცენარეულ ზეთში, დავამატოთ ყველა ბოსტნეული და მოვშუშოთ 10 წუთი. დავამატოთ კეტჩუპი, ცოტა წყალი, წვრილად დაჭრილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ 5-7 წუთი. კარგად გარეცხილი ბრინჯი შევწვათ ზეთში, ღრმა ტაფაში. შემდეგ დავასხათ ადუღებული მარილიანი წყალი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. მოხარშული ბრინჯი ავურიოთ ბოსტნეულში. გასაფორმებლად ავიღოთ მოზრდილი ჭიქა ან სხვა ჭურჭელი თქვენი სურვილის მიხედვით, ჩავტენოთ შიგ მზა ბრინჯიანი მასა, დავტკეპნოთ კარგად, დავადოთ ზემოდან თეფში და გადმოვაბრუნოთ. ჭიქა ფრთხილად ავიღოთ, ისე რომ ბრინჯი არ ჩამოიშალოს. გვერდით დავუდოთ მოთუთქული ბროკოლის ღერო, სტაფილოს ნაჭერი და მწვანილი.

კარტოფილის პიცა ინდაურით ჰავაიურად

მასალა: 100გრ. მაგარი ყველი, 4-5 ს.კ. რძე, 1ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 400გრ. ინდაურის ფილე, 50გრ. კარაქი, 4ც. კარტოფილი, 3ს.კ. დაკონსერვებული ანანასი (დაჭრილი), 1 ს.კ. საფანელი, 4 ს.კ. ბეშამელის სოუსი (მომზადება)
მომზადება: მოვხარშოთ ინდაურის ფილე და დავჭრათ დაახ. 5 სმ. სისქის ნაჭრებად. გავაკეთოთ კარტოფილის პიურე. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი. პიურე მოვათავსოთ ფორმაში და ზედაპირი მოვასწოროთ სველი კოვზით. ზემოდან დავალაგოთ ინდაურის ხორცის ნაჭრები, დაჭრილი ანანასი, მოვასხათ თეთრი სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. გამოვაცხოთ 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთი.

კარტოფილის პირამიდები

მასალა: 2-2,5 ჭიქა ფქვილი, 1,5 კგ. კარტოფილის პიურე, 1 თავი ხახვი, 3 ს.კ. მცენარეული ზეთი, 120გრ. კარაქი, 1/3 ჩ.კ. დაფქვილი მუსკატის კაკალი, 4 კვერცხი, 30გრ. კამა, მარილი, შავი პილპილი. პომიდორი ,,ჩერი" და პიკულები გასაფორმებლად.
მომზადება: ფქვილი გავცრათ, კვერცხის ცილა და გულები დავაცალკევოთ. ცილები ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან ერთად, დავამატოთ 3/4 ჭიქა ფქვილი და ავურიოთ. კარტოფილის პიურეში დავამატოთ დარბილებული კარაქი, მუსკატის კაკალი, მარილი პილპილი და ბოლოს კვერცხის გულები. ავურიოთ კარგად. ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად და 1 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ. კამა გავრეცხოთ, გავაშროთ, დავჭრათ ძალიან წვრილად და ხახვთან ერთად დავამატოთ კარტოფილის მასას. ჩავყაროთ დარჩენილი ფქვილი, ათქვეფილი ცილა და კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსამდე. საკონდიტრო ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავის ფორმის თავი, გადავიტანოთ მასში კარტოფილის ცომი და პერგამენტგადაფარებულ თუნუქის ფურცელზე დავსვათ ,,პირამიდები". მოვაპკუროთ დარჩენილი ზეთი და გამოვაცხოთ 15-20 წუთი. სუფრასთან მივიტნოთ ცხელი. გავაფორმოთ სალათის ფოთლებით, პომიდვრით და პიკულებით.

გოგრის კრემ-სუპი

მასალა: 1ც. საშუალო ზომის გოგრა, დაახ. 2 კგ., 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1ც. პომიდორი ან 2 ს. კ. ტომატი, 1 ღერი ნიახური, ოხრახუში, მარილი, პილპილი, მწვანე წიწაკა გემოვნებით, ზეითუნის ზეთი.
მომზადება: დავჭრათ ნიახური, ხახვი, ნიორი, ცოტა წიწაკა (თესლებგაცლილი), ჩავყაროთ 3 ლიტრიან ქვაბში, ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და მოვთუშოთ. გოგრას გავაცალოთ კანი, დავჭრათ კუბებად და ჩავყაროთ ქვაბში სხვა ბოსტნეულთან ერთად. ჩავამატოთ ასევე კუბებად დაჭრილი, კანგაცლილი პომიდორი ან ტომატი. ჩავასხათ ქვაბში 2 ჭიქა მდუღარე წყალი (ჯობია ხორცის ან ბოსტნეულის ბულიონი, თუ გვაქვს) და ვხარშოთ 15-20 წუთი, ვიდრე გოგრა კარგად არ დარბილდება. შემდეგ ყველაფერი გადავიტანოთ ბლენდერში და კარგად ავთქვიფოთ. დავაბრუნოთ ყველაფერი ისევ ქვაბში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და წამოვადუღოთ. სუფრასთან მივიტნოთ სუხართან ერთად.

სოკოს წვნიანი

მასალა: 15-20 ცალი სოკო შამპინიონი, 2თავი ხახვი, 1ც. სტაფილო, 3 ც. კარტოფილი ან 1ჭიქა მაკარონი. მცენარეული ზეთი შესაწვავად, მარილი, პილპილი გემოვნებით, ნახევარი კონა ქინძი.
მომზადება: სოკო გავრეცხოთ და ვხარშოთ ქვაბში დაახ. 1 საათი. ხახვი და სტაფილო დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში. მოხარუშლი სოკო ამოვიღოთ ბულიონიდან და დავჭრათ. ჩავყაროთ ხახვთან და სტაფილოსთან და კიდევ ვშუშოთ ცოტა ხანი. ბოლოს ყველაფერი გადავიტანოთ ბულიონში. წამოვადუღოთ. ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი ან მაკარონი. ვხარშოთ ვიდრე კარტოფილი/მაკარონი არ იქნება მზად. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ქინძი, მარილი, პილპილი. თეფშზე გადატანის შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ 1 კოვზი არაჟანი.

გოგრის ზარდახშა

მასალა: 1ც. საშუალო ზომის გოგრა (მრგვალი, ოდნავ ჩაბრტყელებული ფორმის), 1კგ. ძროხის ან ღორის ხორცი, 3ც. კარტოფილი, 300გრ. სოკო, 2თავი ხახვი, 200მლ. არაჟანი, მცენარეული ზეთი.
მომზადება: გოგრას მოვაჭრათ თავი და გავასუფთავოთ თესლებისგან, რბილობი ხელუხლებლად დავტოვოთ. გამოვაცხოთ ღუმელში 170 გრადუსზე, 1 ან 1,5 საათის განმავლობაში. გოგრა ძალიან არ უნდა გამოცხვეს, არ უნდა დაუზიანდეს კედლები, რადგან გულსართის ჩადების შემდეგ, ისევ მოგვიწევს მისი ღუმელში გაჩერება დაახ. 30-40 წუთით. კარტოფილი და ხორცი დავჭრათ და შევწვათ. სოკო მოვშუშოთ ხახვთან ერთად და მოვასხათ არაჟანი. სოკო კარტოფილი და ხორცი ერთად ავურიოთ და ჩავდოთ გოგრის გულში. შევდგათ ღუმელში 25-30 წუთით. მზადების პერიოდში გულსართი იძენს გოგრის არომატს. მზა გოგრა შეგვიძლია მოვრთოთ მწვანილით.
რჩევა: 1. თუკი მარხულობთ არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამარხვო მაიონეზი, გულსართად კი - მხოლოდ კარტოფილი, სოკო და ხახვი.
2. თუკი ტკბილეულის მოყვარული ხართ, ასეთი გულსართი შეგიძლიათ გამოიყენოთ: 0,5ჭიქა შავი ქლიავის ჩირი, 0,5ჭიქა გარგარის ჩირი, 0,5 ჭიქა ქიშმიში, 0,5 ჭიქა ნიგოზი, 5ს.კ. თაფლი, 1 მწიკვი დარიჩინი, ვანილი. გოგრას ამოვაცალოთ ცოტაოდენი რბილობი, ჩირს გავასხათ მდუღარე წყალი ცოტა რომ დალბეს, შემდეგ ყველაფერი დავჭრათ, მოვაყაროთ ვანილი და დარიჩნი და ჩავდოთ გოგრაში. ზემოდან დავადოთ თაფლი და ჩავასხათ 1 ჭიქა წყალი. დავაფაროთ გოგრას თავისივე თვსახური და გამოვაცხოთ ღუმელში.

ყაბაყის კროკეტები

მასალა: 1.3კგ. ყაბაყი, 1თავი ხახვი, 3ც. კვერცხი, 2 ჭიქა საფანელი, 2ს.კ. ხორბლის ფქვილი, 4ს.კ.ზეითუნის ზეთი, 2ჭიქა მცენარეული ზეთი, 6ც. პომიდორი, 6-7 ღერი ოხრახუში, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ყაბაყი და ხახვი გაფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ღრმა ტაფაში გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი და ყაბაყი, ტაფას თავზე დავაფაროთ სახურავი და მოვთუშოთ ბოსტნეული ვიდრე არ დარბილდება. ჩანგლით ოდნავ ათქვიფეთ ფქვილი და 2ს.კ. ზეითუნის ზეთი, ჩაასხით ყაბაყის მასაში, აურიეთ და მოაყარეთ მარილი. მზა მასა გადაიტანეთ ჯამში და გადააკარით თავზე ცელოფანი (რომ არ გახმეს) და გააგრილეთ. ათქვიფეთ კვერცხი. უკვე გაგრილებული ბოსტნეულის მასისგან გააკეთეთ კროკეტები (ბურთულები), ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ კი - საფანელში. შეწვით კროკეტები ღრმა ტაფაში, ან ქვაბში, ვიდე არ დაიბრაწება. (თითო ჯერზე 3-4ცალზე მეტი არ ჩაუშვათ შესაწვავად). სუფრასთან მიიტანეთ დაჭრილ პომიდორთან ერთად. გააფორმეთ მწვანილით.

ლაფშა მწვანილის სოუსით და გამომცხვარი პომიდვრით

მასალა: 600 გრ. პომიდორი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, სანელებლები (რეჰანი, ნიორი, შავი წიწაკა) გემოვნებით. ლაფშისათვის: 3 ც. კვერცხი, 450 გრ, უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 1 ს.კ. მარილი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. კარაქი, შავი დაფქვილი წიწაკა გემოვნებით. სოუსისათვის: 30გრ. პიტნა, 15 გრ. კამა, 15 გრ. ქინძი, 3 კბილი ნიორი, 50 გრ. თხის ყველი, 1/2 ჩ.კ.შაქარი, 100 მლ. ზეითუნის ზეთი.
მომზადება: პომიდვრები დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად, გავაშროთ და მოვაყაროთ სანელებლები. ფოლგას წავუსვათ ზეითუნის ზეთი, დავაფინოთ თუნუქის ფურცელზე და ზედ დავალაგოთ პომიდვრები. მოვათავსოთ ცხელ ღუმელში 1,5 - 2 საათით. ცომის მოსამზადებლად, დიდ ჯამში გავცრათ ფქვილი, შუაში ამოვაღრმავოთ და შიგ ჩავასხათ მარილთან და ზეითუნის ზეთთან ერთად გათქვეფილი კვერცხი. მოვზილოთ ცომი, დავამრგვალოთ, ზემოდან დავახუროთ ჯამი და ასე დავტოვოთ 15 წუთით. ამის შემდეგ გავაბრტყელოთ ცომი 3 ძალიან თხელ ფენად და დავჭრათ 1 სმ. სისქის გრძელ ზოლებად. ქვაბში ავადუღოთ 3 ლიტრი წყალი, ჩავყაროთ ცოტა მარილი და 1ს.კ. ზეითუნის ზეთი. დაჭრილი ლაფშა ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ადუღების შემდეგ კიდევ ვხარშოთ 2-3 წუთი, პერიოდულად ვურიოთ. მზა ლაფშა გადავწუროთ, მასში ავურიოთ კარაქი და მოვაყაროთ შავი წიწაკა. სოუსის მოსამზადებლად, გავრეცხოთ პიტნა, კამა და ქინძი, გავაშროთ და მსხვილად დავჭრათ. ბლენდერში მოვათავსოთ თხის ყველი, ნიორი, მწვანილი და შაქარი, ჩავასხათ ზეითუნის ზეთი და ავთქვიფოთ კარგად. მოხარშულ ლაფშას დავასხათ ეს სოუსი და გავაფორმოთ გამომცხვარი პომიდვრებით.

ბადრიჯნის რულეტები ბეკონთან ერთად

მასალა: 6-7 ც. დიდი ზომის ბადრიჯანი, 200გრ. ხაჭო, 2-3 კბილი ნიორი, 1 კონა კამა, მარილი, პილპილი, 1ც. კვერცხი, 150 გრ. ბეკონი (თხელ ფენებად დაჭრილი), 2-3 ც. პომიდორი, მცენარეული ზეთი მოსაპკურებლად.
მომზადება: ბადრიჯანი სიგრძეზე დავჭრათ თანაბარი ზომის ფენებად. ჩავალაგოთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი, ზემოდან რაიმე სიმძიმე დავადოთ და დავტოვოთ 30 წთ. შემდეგ გადავასხათ ზედმეტი სითხე, ბადრიჯნის ფენები დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე, მოვაპკუროთ ზეთი და შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახ. 15 წუთით, ცოტა რომ დარბილდეს. მწვანილი დავჭრათ წვრილად, ნიორი დავჭყლიტოთ. ერთმანეთში ავურიოთ ხაჭო, კვერცხი, ნიორი და მწვანილი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. მიღებული მასა წავუსვათ ბადრიჯნებს და საკმაოდ მჭიდროდ დავახვიოთ რულეტებად. თითოეულ რულეტს შემოვახვიოთ ბეკონის 1 ნაჭერი და ჩავაწყოთ ვერტიკალურად გამოსაცხობ ღრმა ჭურჭელში, ისე რომ რულეტები მჭიდროდ ჩალაგდეს და მთლიანად შეივსოს ჭურჭელი. კანგაცლილი პომიდორი წვრილად დავჭრათ და ზემოდან მოვასხათ ბადრიჯნებს. მოვათავსოთ ღუმელში 15 წუთით 200 გრადუსზე.

ბოსტნეულის პირამიდა

მასალა: 5-6ც. კარტოფილი, 2ც. დიდი ბადრიჯანი, 1 თავი ხახვი, 2 ც. ბულგარული წიწაკა სხვადასხვა ფერის, 4-5ც. დიდი ზომის პომიდორი, 2ს.კ. პომიდორი, 4-5 ღერი ოხრახუში, სალათის ფოთლები, მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ბადრიჯანი, პომიდორი, კარტოფილი, ხახვი, წიწაკა დავჭრათ რგოლებად, დავალაგოთ ფენებად ერთმანეთზე, გადავიტანოთ თუნუქის ფურცელზე, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი. შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე. თუ გამოშრება თუნუქის ფურცელზე დავასხათ წყალი, ბოსტნეულსაც მოვაპკუროთ. გამზადებული პირამიდები მოვრთოთ ოხრახუშით და სალათის ფოთლებით.
რჩევა: სურვილის შემთხვევაში, "პირამიდას" შეგვიძლია დავამატოთ გახეხილი ყველი და მაიონეზი
Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !