გოგრის ზარდახშა

მასალა: 1ც. საშუალო ზომის გოგრა (მრგვალი, ოდნავ ჩაბრტყელებული ფორმის), 1კგ. ძროხის ან ღორის ხორცი, 3ც. კარტოფილი, 300გრ. სოკო, 2თავი ხახვი, 200მლ. არაჟანი, მცენარეული ზეთი.
მომზადება: გოგრას მოვაჭრათ თავი და გავასუფთავოთ თესლებისგან, რბილობი ხელუხლებლად დავტოვოთ. გამოვაცხოთ ღუმელში 170 გრადუსზე, 1 ან 1,5 საათის განმავლობაში. გოგრა ძალიან არ უნდა გამოცხვეს, არ უნდა დაუზიანდეს კედლები, რადგან გულსართის ჩადების შემდეგ, ისევ მოგვიწევს მისი ღუმელში გაჩერება დაახ. 30-40 წუთით. კარტოფილი და ხორცი დავჭრათ და შევწვათ. სოკო მოვშუშოთ ხახვთან ერთად და მოვასხათ არაჟანი. სოკო კარტოფილი და ხორცი ერთად ავურიოთ და ჩავდოთ გოგრის გულში. შევდგათ ღუმელში 25-30 წუთით. მზადების პერიოდში გულსართი იძენს გოგრის არომატს. მზა გოგრა შეგვიძლია მოვრთოთ მწვანილით.
რჩევა: 1. თუკი მარხულობთ არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამარხვო მაიონეზი, გულსართად კი - მხოლოდ კარტოფილი, სოკო და ხახვი.
2. თუკი ტკბილეულის მოყვარული ხართ, ასეთი გულსართი შეგიძლიათ გამოიყენოთ: 0,5ჭიქა შავი ქლიავის ჩირი, 0,5ჭიქა გარგარის ჩირი, 0,5 ჭიქა ქიშმიში, 0,5 ჭიქა ნიგოზი, 5ს.კ. თაფლი, 1 მწიკვი დარიჩინი, ვანილი. გოგრას ამოვაცალოთ ცოტაოდენი რბილობი, ჩირს გავასხათ მდუღარე წყალი ცოტა რომ დალბეს, შემდეგ ყველაფერი დავჭრათ, მოვაყაროთ ვანილი და დარიჩნი და ჩავდოთ გოგრაში. ზემოდან დავადოთ თაფლი და ჩავასხათ 1 ჭიქა წყალი. დავაფაროთ გოგრას თავისივე თვსახური და გამოვაცხოთ ღუმელში.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !