Showing posts with label დესერტი. Show all posts
Showing posts with label დესერტი. Show all posts

ბლინის სახლი ჯემით და არაჟნით

 

მასალა:

2 ც. კვერცხი

200 გრ. შაქარი 

350 მლ. რძე

200გრ. ფქვილი

მცენარეული ზეთი, შესაწვავად 

200 გრ. მარწყვის ან ალუბლის ჯემი (თხელი არ უნდა იყოს)

200 გრ. გასუფთავებული, კანგაცლილი ნიგოზი

300გრ. სქელი არაჟანი, მინიმუმ 25%იანი ცხიმიანობის

მწიკვი მარილი

 

მომზადება:

1. 2 კვერცხი, მარილი და 1 სუფრის კოვზი შაქარი ავთქვიფოთ. ჩავასხათ 100მლ. რძე, დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ. თანდათან დავამატოთ დარჩენილი რძე. მიღებული მასით გამოვაცხოთ თხელი ბლინები.

2. ნიგოზი წვრილად დავჭრათ, ან დავაქუცმაცოთ ჩოფერში და შევურიოთ ჯემს. მიღებული მასა დავდოთ ბლინზე და რულეტივით გადავახვიოთ. რულეტები დავალაგოთ ისე, რომ სახლის სახურავს დაემსგავსოს: ქვემოთ უფრო მეტი რულეტი დავაწყოთ, მეორე, მესამე და შემდეგ რიგებში კი ნაკლები, ისე რომ ბოლოს მხოლოდ ერთი რულეტი დავადოთ. რიგებს შორის გადავუსვათ არაჟნის კრემი, რომელსაც შედეგნაირად მოვაზადებთ:

3. სქელი არაჟანი გავთქვიფოთ დარჩენილ შაქართან ერთად. წავუსვათ რიგებს შორის და ბოლოს ზემოდანაც მოვასხათ. ბლინის "სახლი" მოვათავსოთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით. უკვე კარგად გაციებულს, სურვილისამებრ, შეგვიძლია მოვასხათ შოკოლადი და გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით.

გერიელად მიირთვით!


 


ჩრდილოეთის ირმები


მასალა:

10 ცალი დიდი ზომის  მარშმელოუ (ზეფირი)
2 ფილა შავი შოკოლადი, წყლის აბაზანაზე, ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში დამდნარი
20 ცალი კრეკერი, სასურველია იყოს დაგრეხილი ნასკვის ფორმის, რქებისათვის
2-3 ნატეხი თეთრი შოკოლადი, წყლის აბაზანაზე ან ორთქლზე დამდნარი
10 ცალი წითელი ფერის M&M ან სხვა რომელიმე მრგვალი ფორმის კანფეტი ცხვირისათვის
10 ცალი ჩხირი, პლასტმასის, ან ხის, რომელზეც უნდა ჩამოვაცვათ ირმის თავები
კბილის ჩხირები

მომზადება:

1. ჩაარჭეთ თითოეულ მარშმელოუში ჩხირი
2.  დამდნარ, მაგრამ ოდნავ გაგრილებულ შავ შოკოლადში სათითაოდ ამოავლეთ მარშმელოუ, ისე რომ სულ დაიფაროს შოკოლადით, დააცადეთ, რომ ჩამოიწუროს ზედმეტი შოკოლადი
3. დადეთ 2 ცალი კრეკერი პერგამენტ ან ფოლგადაფარებულ თუნუქის ფურცელზე გვერდიგვერდ, როგორც რქები. ზედ დაადეთ შოკოლადში ამოვლებული მარშმელოუ ჩხირით. ცხვირის ადგილას დადეთ M&M-სის კანფეტი, თეთრი შოკოლადის წვეთებით გაუკეთეთ თვალის წრეები და შავ შოკოლადში ჩარჭობილი კბილის ჩხირით გამოყავით თვალის გუგა,შოკოლადის  წერტილის სახით.
ასე გააკეთეთ ათივე ირემი, დატოვეთ 20-30 წუთით რომ შოკოლადი გამაგრდეს. შემდეგ კი მიირთვით გემრიელად!

ასეთი ირმების გაკეთება ძალიან სახალისოა პატარებისათვის, რა თქა უნდა დიდების მეთვალყურეობის ქვეშ.


საშობაო პუდინგი


მასალა: 

300 გრამი მოცხარი (წითელი, შავი)
300 გრამი ქიშმიში
100 გრამი კარამელ მოსხმული ალუბალი, დაჭრილი
100 გრამი გარგარის ჩირი, დაჭრილი
50 გრამი სხვადასხვა ციტრუსის კანი, დაქუცმაცებული
3 სუფრის კოვზი ბრენდი
200 გრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი
მწიკვი დაფქვილი მუსკატის კაკალი
200 გრამი დარბილებული კარაქი
200 გრამი ყავისფერი შაქარი
4 ცალი კვერცხი
50 გრამი ნუში
ნახევარი ჭიქა გარგარის ჯემი
1 სუფრის კოვზი ბადაგი

მომზადება:

ჩაყარეთ ყველა ხილი და ციტრუსის კანი დიდი ჯამში, დაასხით ბრენდი, დააფარეთ თავზე და შეინახეთ ერთი ღამით გრილ ადგილას.
მოამზადეთ წინასწარ 2 ღრმა ფორმა (ჯამის ფორმის), შეგიძიათ შიგ ჩააფინოთ ფოლგა. გაახურეთ ღუმელი 140 გრადუსამდე. (ასევე შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთ ფენად, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ფორმა).
მეორე დიდ ჯამში მოათავსეთ. ფქვილი, მუსკატი, კარაქი, კვერცხები, ნუში, ბადაგი, შაქარი. კარგად აურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ ხილიან მასაში. მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად, თითო ნაწილი მოათავსეთ ცალკე ფორმაში, ზედაპირი მოასწორეთ კოვზით, თავზე გადააკარით ფოლგა და გამოაცხვეთ 3 ან 3 საათნახევრის მანძილზე. პუდინგის მზაობა შეამოწმეთ ცენტრში ხის ჩხირის ჩარჭობით, ამოღებისას არ უნდა ამოყვეს ცომი.  მზა პუდინგი გააციეთ და შემდეგ ნახევრები შეაერთეთ თქვენთვის სასურველი კრემის ან გარგარის ჟემის მეშვეობით. მოსართავად შეგიძლიათ თავზე მოასხათ  შაქრის გლაზური და დაალაგოთ რომელიმე ხილი (მოცხარი, ალუბალი).






შოკოლადის ფონდიუ

მასალა: 2 ფილა შავი, მწარე შოკოლადი, 1/2 ჩაის ჭიქა რძე, 3ც. კვერცხის ცილა, 1 ჩაის ჭიქა შაქარი, 2ც. ბანანი, 2ც. კივი, ვანილი გემოვნებით.
მომზადება: მომინანქრებულ ქვაბში აადუღეთ რძე, დაუმატეთ ვანილი. ცხელ რძეში ჩატეხეთ შოკოლადი, ურიეთ ხის კოვზით, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. ბანანი და კივი მრგვლად დაჭერით და დაალაგეთ სასურველი ფორმისა და ზომის ჭურჭელზე. კვერცხის ცილითა და შაქრით გააკეთეთ ბეზე. შემდეგ ბეზე მოათავსეთ ბანანსა და კივზე,  ზემოდან მოასხით ცხელი შოკოლადის მასა, გაგრილეთ და შემდეგ შედგით მაცივარში, რომ კარგად გაცივდეს. გემრიელად მიირთვით.

შოკოლადის დესერტი ზეფირით

მასალა: 1 შეკვრა სხვადასხვა ფერის ზეფირი, 100გრ. კარაქი,  350გრ. შოკოლადი.
მომზადება: წყლის აბაზანაზე ერთად დავადნოთ შოკოლადი და კარაქი. მოვურიოთ კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე (უფრო ცხელმა შოკოლადმა შეიძლება დაადნოს ზეფირი). ჩავყაროთ ზეფირი შოკოლადის მასაში, კარგად ავურიოთ ისე, რომ შოკოლადით მთლიანად დაიფაროს. მიღებული მასა გადავიტანოთ ფოლგაზე და მივცეთ ძეხვის ფორმა. ფოლგის ბოლოები გადავგრიხოთ მჭიდროდ ისე, რომ შიგნიდან არ გადმოიყაროს ზეფირი.  მოვათავსოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით, უმჯობესია მთელი ღამით.  გამოვიღოთ მაცივრიდან უშუალოდ სუფრასთან მიტანამდე და დავჭრათ სასურველი სისქის ნაჭრებად.





ბლომანჟე

მასალა: 2 ს.კ. ჟელატინი, 1 ჩ.ჭ. ანადუღარი ცივი წყალი, 400გრ. არაჟანი, 2ც. კვერცხის გული და 1ც.კვერცხის ცილა, 1 ჩ.ჭ. შაქარი, ვანილი, 1ც. ლიმნის ცედრა, 2 ჩ.კ. კონიაკი. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ - 1ჩ.ჭ ნიგოზი, ქიშმიში,რომელიმე ხილი, ან შოკოლადი.
მომზადება: ჯელატინს დავასხათ ანადუღარი ცივი წყალი და გავაჩეროთ 40-45 წუთი, რომ გაფუვდეს. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე, ისე რომ ჯელატინი მთლიანად დადნეს. ამასობაში (სანამ ჟელატინი ფუვდება), კვერცხისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 400გრ. არაჟანი, ვანილი, ლიმნის ცედრა და კონიაკი. კარგად ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად, შაქარი უნდა დადნეს ბოლომდე. ამის შემდეგ დავამატოთ ნიგოზი, ხილი ან შოკოლადი, ასევე უკვე დამდნარი ჯელატინი, კიდევ ერთხელ ავურიოთ, ჩავასხათ ჭიქებში ან ყალიბში და შევდგათ მაცივარში. სუფრასთან მიტანამდე შეგვიძლია გავაფორმოთ დაჭრილი ნიგვზით, გახეხილი შოკოლადით, დაჭრილი ხილით ან პიტნის ფოთლებით.
რჩევა: ბლომანჟე შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველგვარი დანამატის გარეშეც. ამ შემთხვევაში ის იქნება უბრალოდ თეთრი ფერის, მაგრამ თუ ბლომანჟეს უკვე მომზადებულ მასას გავყოფთ სამ ნაწილად, მაშინ შეგვიძლია ერთ ნაწილს დავამატოთ კაკაო ან დამდნარი შოკოლადი და ერთ ფენას კი რომელიმე ხილის წვენი ან საკვები საღებავი. თითოეული ფერი ჭიქაში უნდა ჩაისხას თანმიმდევრობით: ჯერ ერთი ფერი, შემდეგ შევდგათ მაცივარში, დაველოდოთ ვიდრე მასა გამაგრდება, შემდეგ დავასხათ მეორე ფენა, ისევ გავაციოთ და როდესაც ეს ფენაც გამაგრდება დავასხათ ბოლო ფენა, ზემოდან გავაფორმოთ და ისევ მოვათავსოთ მაცივარში.

შოკმანჟე

მასალა: 4ც. კვერცხის ცილა, 150გრ. კარაქი, 100გრ. შავი შოკოლადი, 200გრ. წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1ჭ. შაქრის პუდრა, ვანილი.
მომზადება: კარაქი და შოკოლადი გავადნოთ ჯამში, წყლის აბაზანაზე და შემდეგ გადავდოთ გასაგრილებლად. კვერცხის ცილები გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ შაქრის პუდრა, ვანილი და ისევ კარგად ავთქვიფოთ. ამის შემდეგ დავამატოთ შოკოლადისა და კარაქის მასა. ვთქვიფოთ ვიდრე მასა მთლიანად არ გაყავისფრდება, დავამატოთ ნოგოზი და გადავიტანოთ შუშის ჭიქებში. შევდგათ საყინულეში  და გავაციოთ. ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი, ან დაჭრილი თხილი, მიწის თხილი, შეგვიძლია დავახეხოთ შოკოლადი, ან დავაყაროთ ქოქოსი. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ზემოდან მოვასხათ მინანქარიც.

ხაჭოს რულეტი სხვადასხვა ჩირით

მასალა: 200გრ. ხაჭო, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 1 ს.კ. ქოქოსის ფანტელი, 3-4ც. გარგარის ჩირი, 3-4 ც. შავი ქლიავის ჩირი (შეგიძლიათ სხვა ჩირიც გამოიყენოთ), რამოდენიმე ნატეხი შოკოლადი.
მომზადება: ხაჭო ავურიოთ შაქრის პუდრასთან ერთად, ორივე სახის ჩირი დავჭრათ სიგრძეზე ჩხირებივით. საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილ ცელოფანზე დავყაროთ ქოქოსის ფანტელი, ზედ მოვათავსოთ ხაჭო და გავანაწილოთ თანაბრად. ხაჭოზე დავალაგოთ ჯერ  ქლიავის და შემდეგ გარგარის ჩირი.  ცელოფანის დახმარებით ხაჭო მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით და 15 წუთით შევდოთ მაცივარში. მზა რულეტი დავჭრათ პორციებად, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ზემოდან მოვასხათ დამდნარი შოკოლადი.

აღმოსავლური ტკბილეული ჩაკ-ჩაკი

მასალა: 3ც. კვერცხი, 4ჩ.ჭ. ფქვილი, 1ს.კ. არაყი, მწიკვი მარილი, სოდა დანის წვერზე. 0,5 ჩ.ჭ. შაქარი, 50გრ. ქიშმიში, 50 გრ. თხილი ან ნიგოზი. (ასევე შეიძლება სხვადასხვა ჩირი). ზეთი ფრიტიურისთვის (შესაწვავად).
სიროფისათვის: 0,5ჩ.ჭ. შაქარი, 1 ჭიქა თაფლი.
მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად, ჩავამატოთ არაყი, შაქარი, და ავურიოთ. დავამატოთ ფქვილი და სოდა. მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაჩეროთ 20-30 წუთით. მზა ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ გრძელ ზოლებად. თითოეული ზოლი კი 3-4სმ. სიგანეზე დავჭრათ. ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ჩავასხათ ზეთი და გავაცხელოთ. მასში პორციებად ჩავუშვათ დაჭრილი ცომი და მოვბრაწოთ ვიდრე ოქროსფერი არ გახდება. ამოვიღოთ და დავყაროთ ქაღალდზე რომ ზედმეტი ზეთი შეაშრეს. ამის შემდეგ, თხილი დავჭრათ, ხოლო ქიშმიშს (ან სხვადასხვა ხილის ჩირს)  გადავავლოთ მდუღარე წყალი. ერთმანეთში ავურიოთ მობრაწული ცომის ნაჭრები, თხილი და ქიშმიში. მოვამზადოთ სიროფი: ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში დავადნოთ თაფლი, ჩავყაროთ შიგ შაქარი და ვხარშოთ, თან გამუდმებით ვურიოთ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ დადნება. მოვასხათ ჩაკ-ჩაკს მომზადებული სიროფი და კარგად ავურიოთ სწრაფად. ვიდრე თაფლი ისევ თბილია, დესერტს მივცეთ სასურველი ფორმა და მოვათავსოთ ლამაზ ჭურჭელზე და დავაცადოთ ვიდრე არ გამაგრდება.

მოხარშული ბრინჯის რულეტი

მასალა: 0.5 კგ. მრგვალი ბრინჯი. 300-400გრ. ნებისმიერი გახეხილი ხილი, 0,5 ჩ. ჭ. შაქარი, შოკოლადი, გახეხილი სიმინდის ბურბუშელა ან ქოქოსის ფანტელი მოსაყრელად.  პერგამენტის ქაღალდი 40X40სმ.
მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ კარგად შაქართან ერთად, ისე რომ წყალი დაიშროს. პერგამენტის ქაღალდზე გადმოვიღოთ ბრინჯი და კარგად გავშალოთ, მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა და დავპრესოთ. გაგრილდება თუ არა, შუაგულში მოვათავსოთ გახეხილი ხილი (წვენი, რომელსაც გამოყოფს ხილი გახეხვის შემდეგ, გადავასხათ) და კალკის დახმარებით გადავახვიოთ რულეტივით. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი, სიმინდის ბურბუშელა, ან ქოქოსის ფანტელი.
რჩევა: სურვილის შემთხვევაში, შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯემიც. ასევე შეიძლება ბოსტნეულიც, როგორც ცოცხალი, ასევე მოხარშული. ამ შემთხვევაში ბრინჯს შაქრის ნაცვლად შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი მარილი. გარედან კი მოვაყაროთ საფანელი. გულსართად გამოდგება ნებისმიერი სალათიც.

ხურმის ჩირი ნიგვზით

მასალა: 10-15ც. ხურმის ჩირი ყუნწებიანად,  10-15ც. ნიგვზის ლებანი, 1 ფილა შოკოლადი (რომელიც გნებავთ: შავი, რძიანი, თეთრი), 40-50გრ. კარაქი. პერგამენტის ქაღალდი ან ფოლგა (თუ არცერთი არ გვაქვს, შეგვიძლია გამოვიყენოთ საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილი ცელოფანი).
მომზადება: ხურმის ჩირს ოდნავ გავუჭრათ გვერდი, შევამოწმოთ ხილში არის თუ არა კურკა, გამოვიღოთ და გულში ჩავდოთ ნიგვზის ლებანი. წყლის აბაზანაზე ერთად დავადნოთ შოკოლადის ფილა და კარაქი. მომზადებულ ნიგვზიან ჩირს ყუნწში მოვკიდეოთ ხელი და ამოვავლოთ შოკოლადში მთლიანად. დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე, ვიდრე შოკოლადი არ გაშრება და მოვათავსოთ მაცივარში.
რჩევა: სურვილის შემთხვევაში, შოკოლადში ამოვლებულ ჩირს ზემოდან შეგვიძლია მოვაყაროთ გახეხილი ნიგოზი ან
 თხილი, ქოქოსის ფანტელი და ა.შ.

ბანანის ბურთულები დარიჩინით

მასალა: 2 ჩ.კ. მცენარეული ზეთი + დაახ. 1 ჭიქა შესაწვავად, 1,5 ჩ.ჭ. ფქვილი, 2ჩ.კ. გამაფხვიერებელი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 1,5 ჩ.კ. დაფქვილი დარიჩინი, 1/3 ჩ.ჭ. შაქარი + 1/2 ჩ.ჭ. ამოსავლებად, 1ც. დიდი კვერცხი, 0,5 ჩ.ჭ. რძე, 1 ც. მწიფე ბანანი, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ ბანანის ექსტრაქტი 1/4 ჩ.კ.
მომზადება: დიდ ჯამში ავურიოთ ერთად ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, 0,5 ჩ.კ. დარიჩინი და 1/3 ჩ.ჭ. შაქარი. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ დანარჩენი ინგრედიენტები: კვერცხი, დაჭყლეტილი (ან დაბლენდერებული) ბანანი, მცენარეული ზეთი. დავამატოთ ბანანის ექსტრაქტი, თუ გვსურს. დაბალ თეფშზე დავყაროთ ერთად 1 ჩ.კ. დარიჩინი და 1/2 ჩ.ჭ. შაქარი და გადავდოთ ცალკე (დაგვჭირდება ბოლოს, ბურთულების ამოსავლებად). ამის შემდეგ მშრალი  ინგრედიენტები და ბანანის ნაზავი კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ღრმა ტაფაში ჩავასხათ მცენარეული ზეთი დაახ. 2 თითის სისქეზე და გავაცხელოთ. მომზადებული მასისგან გავაკეთოთ ბურთულები და სათითაოდ ჩავუშვათ მდუღარე ზეთში, შევწვათ ვიდრე არ მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას. მზა ბურთულები ამოვიღოთ ზეთიდან, ცოტა ხნით მოვათავსოთ ქაღალდზე, ზედმეტი ზეთისგან რომ დაიწუროს და შემდეგ, თბილივე ამოვავლოთ წინასწარ მომზადებულ დარიჩინისა და შაქრის ნაზავში. 

ხურმის მუსი შოკოლადით

მასალა: 4ც. მწიფე ხურმა, 20გრ. პიტნის ფოთოლი, 1ც. ლიმნის წვენი, 4 ს.კ. შაქარი, 1 ფილა შოკოლადი.
მომზადება: ხურმა გავრეცხოთ, მოვაცალოთ ყუნწი და ამოვიღოთ კურკები (თუ აქვს). გადავიტანოთ ბლენდერში, დავამატოთ პიტნა, ლიმნის წვენი, შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ შევდგათ მაცივარში და გავაციოთ. ამასობაში,  შოკოლადის ფილა დავადნოთ წყლის აბაზანაზე. შოკოლადი შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი სახის, რომელიც გვირჩევნია, იქნება ეს შავი, რძიანი, თხილით, თუ თეთრი.  გაციებული ხურმის მასა ჩავასხათ ლამაზ ჭიქებში (ან როგორ ჭურჭელშიც გვინდა) და ზემოდან მოვასხათ დამდნარი შოკოლადი. მოვათავსოთ ისევ მაცივარში. მივირთვათ ცივი, ვიდრე შოკოლადი დნობას დაიწყებდეს ოთახის ტემპერატურაზე.

მსხალი შოკოლადში

მასალა:  4ც. დიდი ზომის მაგარი მსხალი, 30გრ. კანგაცლილი თხილი, 100გრ. უცხიმო ხაჭო (დიეტური), 2 ს.კ. თაფლი, 2 კვერცხის გული. სოუსისათვის: 100გრ. შოკოლადი, 2 ს.კ. კარაქი,  2 ს.კ კონიაკი, 2 ს.კ. 30%-იანი ნაღები, პიტნის ფოთლები.
მომზადება: ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსზე. მსხლები გარეცხეთ, გააშრეთ სამზრეულოს ხელსახოცით, გაფცქვენით და გაჭერით სიგრძეზე. ამოჭერით კურკები და მსხლის გულიდან ჩაის კოვზით ამოიღეთ  რბილობი.  ამოჭრილი რბილობი დააბლენდერეთ და გადაწურეთ ზედმეტი წვენი. თხილი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ. ხაჭო ოდნავ გათქვიფეთ, დაამატეთ თხილი, თაფლი, კვერცხის გულები და მსხლის რბილობი. მიღებული მასით ამოავსეთ მსხლები და გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. დააფარეთ ფოლგა და შედგით ღუმელში 20 წუთით. სოუსის მოსამზადებლად, მცირე ზომის ქვაბში დაადნეთ შოკოლადი, დაამატეთ კარაქი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ დაამატეთ ნაღები, კონიაკი და ხარშეთ 2-3 წუთი. პიტნის ფოთლები გარეცხეთ და გააშრეთ. მზა მსხლები დაალაგეთ თეფშზე, მოასხით შოკოლადის სოუსი და გააფორმეთ პიტნის ფოთლებით.

ნამცხვარი ბრაუნი

მასალა: 170გრ. შავი შოკოლადი, 170 გრ. კარაქი, 125 გრ. ფქვილი, 200გრ. შაქარი, 3ც. კვერცხი, 1 ჩ.ჭ დაჭრილი ნიგოზი, ვანილი.
მოზადება: შოკოლადი და კარაქი ერთად დავადნოთ წყლის აბაზანაზე, დავამატოთ შაქარი, ავურიოთ. სათითაოდ დავამატოთ კვერცხები და თან ვთქვიფოთ. როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება და შაქარიც დადნება დავმატოთ ვანილი და ფქვილი. საცხობ ფორმაში ჩავფინოთ პერგამენტი, წავუსვათ ზედ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. შევდგათ გამოსაცხობად 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 20-30 წუთი. გამომცხვარი ბრაუნი გამოვიღოთ ღუმლიდან და დავჭრათ სასურველ ფორმებად.
რჩევა: უკვე მზა ნამცხვარს, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ზემოდან მოვასხათ დამდნარი შავი შოკოლადი.

ნუგა შოკოლადში

მასალა 40-45 კანფეტისათვის: 130გრ. თაფლი, 400გრ. შაქარი, 2 კვერცხის ცილა, 300გრ. მოხალული ნუში (უმჯობესია კანგაცლილი), 250გრ. შოკოლადი, ვანილი.
მომზადება: შაქარი და თაფლი მოვათავსოთ ღრმა ჯამში და ჩავასხათ 50მლ. წყალი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ დაახ. 10 წუთი. შემდეგ სიროფი უნდა შევამოწმოთ, ნამდვილად მზად არის თუ არა. ამისათვის ცოტაოდენი სიროფი ჩავაწვეთოთ ცივ წყალში. სიროფის წვეთი უნდა შეიკრას, მაგრამ ოდნავ რბილი უნდა დარჩეს. სანამ სიროფი იხარშება შეგვიძლია ავთქვიფოთ კვერცხის ცილები ბეზეს კონსისტენციამდე და შემდეგ მასში ნელნელა ჩავასხათ თაფლიანი სიროფი, ისე რომ არ შევაჩეროთ მორევა. ვთქვიფოთ დიდხანს, ვიდრე მასა არ გასქელდება და გამკვრივდება (კარგად ათქვეფილი მასა მიქსერის ჯოხებზე უნდა ეკრობოდეს). უკვე გამზადებულ მასაში ჩავყაროთ ნუში, ვანილი და კიდევ ერთხელ კარგად ავუროით. თუნუქის ფურცელზე ან დაბალ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი, ან ფოლგა, ან კარგად წავუსვათ მცენარეული ზეთი და მასში გადავიტანოთ ნუგა, ზემოდან კარგად გადავასწოროთ. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 1 საათით. გამაგრებული ნუგა დავჭრათ სასურველი ფორმისა და ზომის ნაჭრებად და ამოვავლოთ წყლის აბაზანაზე დამდნარ შოკოლადში, დავალაგოთ პერგამენტიან ლანგარზე ან სხვა ჭურჭელზე და მოვათავსოთ ისევ მაცივარში ნახევარი საათით.
რჩევა: თუ არ გვაქვს ნუში, გამოდგება მიწის თხილიც. ნუგა შეგვიძლია გადავანაწილოთ ყინულისათვის განკუთვნილ სილიკონის ფორმებში და ისე მოვათავსოთ მაცივარში. შემდეგ ამოვიღოთ, ამოვავლოთ შოკოლადში და გადავიტანოთ პერგამენტიან ლანგარზე. ასე აღარ მოგვიწევს მისი დაჭრა.

ლეღვი ხაჭოთი და თაფლით

მასალა: 4 ც. ახალი ლეღვი, 4 ს.კ. სქელი, ახალი ხაჭო (მჟავე გემო არ უნდა ჰქონდეს), რამოდენიმე ღერი როზმარინი (ქონდარში არ აგერიოთ) და 1 ს.კ. თაფლი.
მომზადება: როზმარინი დავაქუცმაცოთ და ავურიოთ თაფლში კარგად რომ გემო გაუჯდეს. დავამატოთ ხაჭო. ლეღვი გავრეცხოთ გავაშროთ, ყუნწის ადგილას გავუკეთოთ ჯვარედინი ჭრილი და ოდნავ გადავწიოთ ყვავილივით. შიგ ჩავტენოთ ხაჭოიანი მასა, ჩავალაგოთ რაიმე ფორმაში და შევდგათ ღუმელში გრილის ქვეშ. გამოვაცხოთ 6-7 წუთის მანძილზე.
ხაჭოს ნაცვლად უმარილო ყველის გამოყენებაც შეიძლება. გასაფორმებლად შეგვიძლია დავიტოვოთ როზმარინის რამოდენიმე ღერი და ზემოდან დავარჭოთ.

მარწყვის ტირამისუ

მასალა: 250გრ. მარწყვი, 200გრ. ორცხობილა ,,სავოიარდი" (,,ქალის თითები"), 100გრ. შაქარი, 100მლ. ცხელი წყალი, 50მლ. კონიაკი. კრემისათვის: 2 კვერცხი, 250გრ. მასკარპონე, 10გრ. ჟელატინი, 1/2 ლიმნის ცედრა, 50 გრ. შაქარი, მწიკვი მარილი.
მომზადება: მარწყვი დავაბლენდეროთ ისე, რომ გახდეს პიურეს კონსისტენციის. გადავიტანოთ ღრმა ჭურჭელში, დავამატოთ 100მლ. ცხელი წყალი და 100გრ. შაქარი. გავაცხელოთ შაქრის დადნობამდე, ჩავასხათ კონიაკი, წამოვდუღოთ და გავაგრილოთ. ჟელატინი დავალბოთ 10მლ. ცივ წყალში40-45 წუთი. გაფუებული ჟელატინი დავდგათ ცეცხლზე, ვიდრე ჯელატინი არ დადნება მთლიანად და შემდეგ გავაგრილოთ. კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან და გახეხილ ლიმნის ცედრასთან ერთად. პორციებად დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის მასაში მასკარპონე. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ მარილთან ერთად ბეზესავით. ფრთხილად შევურიოთ დამდნარ ჟელატინს და ყველიან მასას. ორცხობილები დავალბოთ მარწყვიან სიროფში. სწორკუთხა ფორმაში ჩავფინოთ საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილი ცელოფანი. პირველ ფენად დავასხათ კრემის ნახევარი, შემდეგ მჭიდროდ ჩავაწყოთ ორცხობილები, შემდეგ ისევ კრემი, ორცხობილები და კრემი. ფორმას ისევ გადავაკრათ ცელოფანი და მთელი ღამით დავტოვოთ მაცივარში. მზა ტირამისუ დავჭრათ, დავალაგოთ თეფშებზე და გავაფორმოთ სურვილისამებრ (მარწყვი, პიტნის ფოთლები, გახეხილი შოკოლადი და ა.შ.).

ბანანის პარფე

მასალა: 3ც. ბანანი, 300გრ. ხაჭო, 1/2 ჭიქა სქელი არაჟანი, 1 ჩ.კ. დარიჩინი, 3 ს.კ. შაქარი. რძიანი ან შავი შოკოლადი გასაფორმებლდ.
მომზადება: ბანანი, არაჟანი, ხაჭო, დარიჩინი და შაქრის ფხვნილი ავთქვიფოთ ბლენდერში. მიღებული მასა გადავიტანოთ ფორმებში და გავყინოთ. სუფრასთან მიტანამდე საყინულედან გამოღებული ფორმები რამოდენიმე წამით ჩავყოთ მდუღარე წყალში და გადმოვიღოთ პარფე თეფშზე. გავაფორმოთ შოკოლადის ნატეხებით, ან წყლის აბაზანაზე დამდნარი შოკოლადის წვეთებით.

ქოქოსის ორცხობილა კონგო

მასალა: 100გრ. ქოქოსის ფანტელი, 90 გრ. შაქრის ფხვნილი, 1 კვერცხის ცილა, 1 ს.კ. ვაშლის პიურე, 10გრ. კარაქი პერგამენტზე წასასმელად.
მომზადება: ჯამში ავურიოთ ქოქოსის ფანტელი და შაქარი, დავამატოთ კვერცხის ცილა (აუთქვეფავი) და ვაშლის პიურე. ავურიოთ კოვზით და დავდგათ წყლის აბაზანაზე. გავათბოთ 10 წუთის მანძილზე, თან გამუდმებით ვურიოთ. შაქარი დადნება და მასა გახდება ერთგვაროვანი და ელასტიური. მიღებული მასისგან სველი ხელებით ვაკეთებთ პატარა ბურთებს (დაახ. პომიდორ ჩერის ზომის). შემდეგ ნელნელა მივცეთ კონუსის ფორმა და დავალაგოთ პერგამენტიან თუნუქის ფურცელზე (უმჯობესია თუ პერგამენტს მანამდე კარაქს გადავუსმევთ). შევდგათ 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 10-15 წუთი, ვიდრე ორცხობილა არ მიიღებს სასიამოვნო ფერს (ოქროსფერს). თუკი ცხობის პროცესში ორცხობილის წვეროები ზედმეტად მოიბრაწება, მაშინ გადავაფაროთ ფოლგა და გავაგრძელოთ ცხობა ისე, რომ ღუმელის ტემპერატურა უცვლელი დავტოვოთ. მზა პირამიდებს შეგვიძლია მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
იდეალური ორცხობილა ,,კონგო" გულში უნდა იყოს ნაზი და რბილი, გარედან კი ხრაშუნა და დაბრაწული.
Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !