Showing posts with label რძის პროდუქტი. Show all posts
Showing posts with label რძის პროდუქტი. Show all posts

ყველი მასკარპონე

მასალა: 2 ჭ. სქელი, ცხიმიანი ნაღები (მაღალ პროცენტიანი), 2 ჭ. დაბალი ცხიმიანობის მქონე ნაღები, 2 ს.კ. ლიმნის წვენი.
მომზადება: მასკარპონეს მოსამზადებლად დაგვჭირდება სქელძირიანი ქვაბი, რომ არ მიგვეწვას ნაღები.  ჩავასხათ ორივენაირი ნაღები ქვაბში და დავაგდგათ დაბალ ცეცხლზე, შეიძლება წყლის აბაზანაზეც. მივიყვანოთ 80 გრადუს ტემპერატურამდე (ამისათვის საჭიროა წყლის თერმომეტრი) და დავამატოთ ლიმნის წვენი (ლიმნის ჩამატება აუცილებელია ზუსტად ამ ტემპერატურაზე). დავიწყოთ მორევა გაუჩერებლად, ეს ხელს შეუწყობს ნაღების გასქელებას. გავაჩეროთ ასეთ ტემპერატურაზე კიდევ 10 წუთი, ისე რომ არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. იმისათვის რომ მივხვდეთ საჭირო კონსისტენციის მასა გამოგვივიდა თუ არა, ჩავყოთ შიგ ხის კოვზი, შემდეგ ამოვიღოთ და ზედ გადავუსვათ თითი, თუ წარმოიქმნა გამოკვეთილი, სწორი ზოლი, ესეიგი მასა მზადაა. მოვათავსოთ გაგრილებული ყველის მასა მაცივარში 24 საათით. მომდევნო დღეს, გავამზადოთ წვრილ ბადიანი საწური, ზედ დავაფინოთ 2 ფენა მარლა და გადავიტანოთ მასკარპონე, ზედმეტი სითხისგან რომ დაიწუროს. საწურიანად ყველი მოვათავსოთ ისევ მაცივარში 24 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ ყველი მზადაა.

ყველის რულეტი

მასალა: 600 -700გრ. მაგარი, ცხიმიანი ყველი (მაგ: სულგუნი). შიგთავსისათვის: ნებისმიერი სახის ხორცი, ან ბოსტნეული, ლორი, ძეხვი, მწვანილი, კიბორჩხალას ჩხირები, სალათა, ზეთისხილი ანუ რაც გვაქვს მოცემული მომენტისათვის ხელთ.
მომზადება: ყველი მარლის მეშვეობით ჩავუშვათ მდუღარე წყალში და გავაჩეროთ დარბილებამდე. ამის შემდეგ გადავიტანოთ დაფაზე და გავაბრყელოთ თხლად. ვეცადოთ რომ ყველს მართკუთხა ან ოთკუთხა ფორმა მივცეთ გაბრტყელების პროცესში. გულსართად გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც გვაქვს მაცივარში: დაქუცმაცებული, მოხარშული ქათმის ხორცი, თხლად დაჭრილი ლორი, ან ძეხვი, ნედლი ან დაკონსერვებული ბოსტნეული, მწვანილი, უკურკო ზეთისხილი და ა.შ. ყველაფერი თანაბარ ფენად გავანაწილოთ ყველზე. გულსართი წინასწარ უნდა მოვამზადოთ და მალევე მოვათავსოთ ყველის ფენაზე, ვიდრე ის ჯერ კიდევ თბილია, რადგან თბილი ყველი უფრო ადვილად გადაიხვევა, გაციებული კი შეიძლება დაიშალოს. გადავახვიოთ გულსართიანი ყველი რულეტივით, შევახვიოთ ფოლგაში, ან თუ არ გვაქვს, საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილ ცელოფანში და რამოდენიმე საათით მოვათავსოთ მაცივარში. მზა რულეტი დავჭრათ თხლად და დავალაგოთ სალათის ფოთლებზე ან ლამაზ თეფშზე.  სურვილის შემთხვევაში რულეტი გარედანაც შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილით, ან ბროწეულის მარცვლებით, ან ზეთისხილით.

ნაყინი ფორთოხალში

მასალა: 6 ფორთოხალი, 2 კვერცხის გული, 200მლ. 33%-იანი ნაღები, 3ს.კ შაქარი.
მომზადება: 4 ფორთოხალს მოვაჭრათ თავები. დანით ამოვიღოთ გული, ისე რომ კედლებზე დაახ. 0,5 სმ-ზე დავტოვოთ რბილობი. გულის ამოღების დროს წარმოქმნილი წვენი მოვაგროვოთ. მიღებული ,,კალათები" მოვათავსოთ საყინულეში. დანარჩენი 2 ფორთოხლის კანი გავხეხოთ, რომ მივიღოთ ცედრა. შემდეგ გავასუფთავოთ (მოვაჭრათ დარჩენილი ყვითელი კანი) და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ფორთოხლის ყველა დარჩენილი რბილობიდან გამოვწუროთ წვენი. ცეცხლგამძლე ჭურჭელი მოვათავსოთ წყლის აბაზანაზე, ჩავუშვათ შიგ კვერცხის გულები, შაქარი და კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ ფორთოხლის წვენი და ისევ ავთქვიფოთ. გადავიტანოთ ჭურჭელი ყინულზე და გავაგრძელოთ თქვეფა, მანამდე, ვიდრე მასა არ გაგრილდება. მიღებული კრემი ავურიოთ ცედრაში. გაციებული ნაღები გავთქვიფოთ და ავურიოთ კრემში. ,,კალათები"ამოვიღოთ საყინულედან და ჩავდოთ შიგ ფორთოხლის კრემი. ფორთოხლები გადავიტანოთ რაიმე სპეციალურ სადგამზე ან ისეთ ჭურჭელზე, საიდანაც ისინი არ გადაყირავდება, გვერდით დავუდოთ ფორთოხლის ,,სახურავები" და შევდგათ საყინულეში 4 საათით.
რჩევა: ჩვენ თვითონ რომ არ გავაკეთოთ ნაყინი კვერცხისა და ნაღებისაგან, შეგვიძლია პირდაპირ ვიყიდოთ პლომბირი, მასში გავურიოთ ფორთოხლის რბილობი და ცედრა, ამოვავსოთ ფორთოხლის გულები და ისე გავყინოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, დესერტი ძალიან გემრიელი გამოვა.

ყველის ჩხირები

მასალა: 300გრ. მაგარი ყველი, 2ც. კვერცხი, საფანელი ამოსავლებად, მცენარეული ზეთი შესაწვავად.
მომზადება: ყველი დავჭრათ 6-7სმ. სიგრძის მართკუთხა ჩხირებად. კვერცხი ავთქვიფოთ ჩანგლით. თითოეული ყველის ჩხირი ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში. ასე გავიმეოროთ 2-3ჯერ. ჩხირები შევწვათ ყველა მხრიდან წინასწარ გაცხელებულ, ზეთიან ტაფაში.
გემრიელად მიირთვით!

ყველის რულეტი წითელი თევზით

მასალა: 300-500გრ. მაგარი ყველი, 1 კონა კამა, 1 კონა ოხრახუში, 300გრ. დამარილებული ორაგული ან კალმახი, სალათის ფოთლები გასაფორმებლად.
მომზადება: ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და წვრილად დავჭრათ. გახეხილი ყველი ავურიოთ ნახევარ მწვანილთან ერთად. მიღებული მასა გადავიტანოთ მყარ პოლიეთილენის პაკეტში. ქვაბში ჩავასხათ წყალი, შემოვდგათ გაზქურაზე და როდესაც წყალი დაიწყებს დუღილს შიგ ჩავუშვათ ყველიანი პაკეტი 2-3 წუთით (ან მეტი), ვიდრე ყველი დარბილდება, თან პაკეტს ხელი არ გავუშვათ. თევზს გავაცალოთ ფხები და ტყავი. ფილე დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად. დარბილებული ყველის მასა პაკეტითვე გადავიტანოთ მაგიდაზე და გავაბრტყელოთ, შემდეგ გავჭრათ პაკეტი და ზედა ფენა მოვაცალოთ, ისე რომ პაკეტის ქვედა ფენა დარჩეს ხელუხლებელი.ყველზე მონაცვლეობით დავალაგოთ თევზის ნაჭრები და დაჭრილი მწვანილი (1 რიგი თევზი, 1 რიგი მწვანილი) და პაკეტის ქვედა ფენის დახმარებით გადავახვიოთ რულეტივით. დავაფაროთ საკვები პროდუქტების შესანახი ცელოფანი, ზემოდან დავადოთ რაიმე სიმძიმე და შევდოთ მაცივარში დაახ. 1 საათით. მაგიდაზე მიტანის წინ დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და დავალაგოთ სალათის ფოთლებით გაფორმებულ თეფშზე.

შემწვარი ნაყინი

მასალა: 500გრ. ნაყინი, 2 შეკვრა სიმინდის ბურბუშელა, 2-3 კვერცხი, ზეთი შესაწვავად (ფრიტიურისთვის).
მომზადება: სიმინდის ბურბუშელა დავაქუცმაცოთ წვრილ მარცვლებად, კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, ნაყინისაგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, ამოვავლოთ სიმინდის ბურბუშელაში და ჩავდოთ საყინულეში 20-30 წუთით. გამოვიღოთ ბურთულები და ამოვავლოთ კვერცხში, ისევ სიმინდის ბურბუშელაში და კვლავ საყინულეში მოვათავსოთ 20 წუთით, ასე გავიმეოროთ 3-4ჯერ. მცენარეული ზეთი ცავასხათ ღრმა ჭურჭელში, მივიყვანოთ ადუღებამდე და ცეცხლს დავუწიოთ. თითოეული ბურთულა ჩავუშვათ მდუღარე ზეთში 3-4 წუთით ვიდრე არ გაუჩნდება ოქროსფერი ქერქი. სუფრასთან მიტანამდე შეგვიძლია გავაფორმოთ მურაბით და ყურძნის მარცვლებით.

ყველის კალათები სალათით

მასალა: ყველი 150გრ. 150-200გრ. კარაქი.
წინასწარ მომზადებული ნებისმიერი სალათა თქვენი სურვილით.
მომზადება: ყველი გავხეხოთ, პატარა ტაფაზე დავადნოთ კარაქი. მაზე თხელ ფენად დავყაროთ გახეხილი ყველი , დავაცადოთ ვიდრე დადნება და შეიწვება, დაახ. 1-2 წუთი. ტაფა გადმოვგათ ცეცხლიდან, ბლინი რომ გაგრილდეს. შემდეგ ძალიან ფრთხილად, ისე რომ არ გაგვეხეს, ბლინი გადავაბრუნოთდა ტაფა ისევ შემოვდგათ ცეცხლზე და ბლინის მეორე მხარეც შევწვათ. ამის შემდეგ, ვიდრე ბლინი ჯერ ისევ ცხელი და ელასტიურია, გადავფინოთ ის ამობრუნებულ ჭიქაზე (ჭიქა უნდა იდოს ძირით ზემოთ) ან ისეთ ჭურჭელზე, რომლის ფორმაც გვინდა რომ მიიღოს ბლინმა. ხელით შევასწოროთ (ოღონდ ჭიქას არ მივაკრათ, თორემ აცლის დროს შეიძლება გატყდეს), გავუკეთოთ ლამაზი ნაკეცები კალათივით. დავაცადოთ გაციება და ისე ავიღოთ ჭურჭლიდან. გაგრილებულ კალათაში მოვათავსოთ ნებისმიერი სალათა.

ყველის სუფლე

მასალა: 100გრ. კარაქი, 100გრ. ფქვილი, 150 გრ. მშრალი, ნაკლებმარილიანი ყველი, 200მლ. რძე, 4 კვერცხი, მწიკვი მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი.
მომზადება: კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ, ყველი გავხეხოთ, რძე შევათბოთ. კარაქი დავადნოთ, გადავიტანოთ თასში, დავუმატოთ ფქვილი და მოვურიოთ. დავუმატოთ კვერცხის გულები, რძე, მარილი გემოვნებით, პილპილი, მუსკატის კაკალი და გახეხილი ყველი. კარგად მოვურიოთ. ცალკე თასში მწიკვ მარილთან ერთად ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და თანდათანობით დავუმატოთ ყველიან მასას. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. სუფლეს მასა გადავიტანოთ წინასწარ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმებში და აირღუმლის ზედა თაროზე 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. სუფლე ლამაზ ოქროსფერს რომ მიიღებს და ამოიბურცება უკვე მზადაა. სუფლე ცხელი უნდა მივიტანოთ სუფრაზე.
Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !