Showing posts with label ხორცეული. Show all posts
Showing posts with label ხორცეული. Show all posts

ქათმის რულეტი


მასალა:

240 გრ. მდნარი ყველი
3/4 ჩ.კ. ნივრის ფხვნილი ან ნედლი ნივრის 2 კბილი (დაქუცმაცებული)
1/3 ჩ.ჭ. ცხარე მწვანე წიწაკა, დაჭრილი
1/2 ჩ.ჭ. დაკონსერვებული სიმინდი
3/4 ჩ.კ. წიწაკა ჩილის ფხვნილი
4 ცალი ქათმის ფილე
2 ჩ.კ. კარაქი, დარბილებული
1/2 ჩ.ჭ. კეფირი
3 ს.კ. თაფლი
1 ჩ.ჭ. გახეხილი ყველი, საშუალო სიმლაშის
1,5 ჩ.ჭ. პომიდვრის სალსა 
2/3 ჩ.ჭ. არაჟანი
საფანელი ამოსავლებად. 
ძალიან უხდება ნებისმიერი სახეობის დანაყილი ჩიფსები საფანლის ნაცვლად.

მომზადება:

1. გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. საშუალო ზომის ჯამში ერთად აურიეთ მდნარი ყველი, ნივრის ფხვნილი, წიწაკის ნაჭრები და სიმინდი.
2. ჩიფსები დანაყეთ ცალკე ჯამში, ან გამოიყენეთ საფანელი. შეიძლება ჩიფსების და საფანლის ერთად არევაც.
3. ქათმის ნაჭრები დაბეგვეთ ვიდრე ხორცი არ გახდება 0.5 სმ. სისქის (ხორცი პრიალა მხარით ქვემოთ უნდა იდოს). ხორცს გადაუსვით დარბილებული კარაქი დაბეგვილი მხრიდან.
4. მოათავსეთ წინასწარ მომზადებული მდნარი ყველის ნაზავი დაბეგვილ ხორცზე ცალ მხარეს და გადაახვიეთ ხორცი რულეტივით. რულეტები ამოავლეთ ჯერ კეფირში და შემდეგ საფანელში. თუ იხსნება შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ჩხირები დასამაგრებლად. მოათავსეთ რულეტები ცეცხლგამძლე შუშის ჭურჭელში და მოაპკურეთ თაფლი.
5. აცხვეთ დაახლობით 35-45 წუთი, ვიდრე ქათმის ხორცი გულში არ დაკარგავს ვარდისფერ ფერს. მზა რულეტებს მოაყარეთ გახეხილი ყველი და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში 4-5 წუთით, ვიდრე ყველი დადნება.
სუფრასთან მიიტანეთ დაჭრილი, პომიდვრის სალსასთან და არაჟანთან ერთად.

სურვილისამებრ რულეტს გულსართში შეგიძლიათ დაამატოთ ლორის ნაჭრები. მოუხდება შავი ქლიავის ჩირიც.

ქათამი ქოქოსის ფანტელში

მასალა: 700-800 გრ. ქათმის რბილი ხორცი (ფილე), 2ც. კვერცხი, 1 ჩაის ჭიქა ქოქოსის ფანტელი, 0,5 ჩაის ჭიქა ფქვილი, 3-4 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, ზეითუნის ზეთი მოსაპკურებლად, მარილი, პილპილი გემოვნებით. სოუსისათვის: 2 სუფრის კოვზი მდოგვი, 0,5 ჩაის ჭიქა ატმის ჯემი. 
მომზადება: ჯამში ჩავყაროთ ქოქოსის ფანტელი, ფქვილი, მარილი, პილპილი, ავურიოთ კარგად. ცალკე ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი  ჩანგლით და დავამატოთ ნიორი. ქათმის ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ კვერცხში, შემდეგ ქოქოსისა და ფქვილის ნაზავში და მოვათავსოთ პერგამენტიან  თუნუქის ფურცელზე, ზემოდან მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი. შევდგათ წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, 30-40 წუთით, ვიდრე არ შეიწვება. დროდადრო შეგვიძლია გადავატრიალოთ.  მოვამზადოთ სოუსი: ერთმანეთში ავურიოთ ატმის ჯემი და მდოგვი, კარგად ავთქვიფოთ ვიდრე ერთიან მასად არ გადაიქცევა და შევდგათ მაცივარში. როდესაც ქათმის ნაჭრები შეიწვება კარგად, მომზადებული სოუსი მოვასხათ თავზე და ცხელივე მივიტანოთ მაგიდასთან. (სოუსი ასევე შეგვიძლია ცალკე ჭურჭელში მოვათავსოთ). 

რჩევა: სურვილისამებრ, შეგვიძლია მოვამზადოთ ნებისმიერი სხვა სოუსი, რომელიც უხდება ხორცეულს, ან უბრალოდ მივირთვათ ტყემლის საწებელთან ერთად.
ფქვილისა და ქოქოსის ნაზავს შეგვიძლია დავამატოთ მშრალი აჯიკა, ან ნებისმიერი  სუნელი. ღუმელის ნაცვლად ქათმის ნაჭრები შეიძლება მოვამზადოთ ზეთმოსხმულ ტაფაზეც.

ქათმის კოქტეილი თხილით




მასალა: 300გრ. ქათმის ფილე, 1/2 ჭიქა ნიგოზი, არაქისი ან თხილი, 2ც. ვაშლი, 100გრ. ნიახურის ძირი,  1ც. ლიმნის წვენი, მარილი. სოუსისათვის: 100მლ. ნატურალური იოგურტი, 100მლ. მაიონეზი, 1 სუფრის კოვზი მდოგვი, ნახევარი ლიმნის წვენი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება: სოუსი: იოგურტი და მაიონეზი ავურიოთ ერთად, დავამატოთ მდოგვი და ლიმნის წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ავთქვიფოთ ჩანგლით. ქათმის ფილე გავრეცხოთ, გავაშროთ, წავუსვათ მარილი და შევწვათ გრილზე ან მოვხარშოთ მარილიან წყალში.  ვაშლებს ამოვაცალოთ გული, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და მოვასხათ ლიმნის წვენი. ნიგოზი ან არაქისი მოვხალოთ ტაფაზე, გავაცალოთ კანი, დავამტვრიოთ და მოვაპკუროთ ლიმნის წვენი. ნიახურის ძირები დავჭრათ პატარა ნაჭრებად, 2-3 წუთით ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ამოვიღოთ გავაშროთ და მოვასხათ ლიმნის წვენი. მომზადებული პროდუქტები ფენაფენა ჩავალაგოთ სანაყინეში ან ფუჟერებში, ზემოდან მოვასხათ სოუსი და ისე მივიტანოთ მაგიდასთან. 
რჩევა: გასაფორმებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სალათის ფოთლები და ბროწეულის მარცვლები.

ბადრიჯანი საქონლის ხორცით

მასალა: 200გრ. მოხარშული საქონლის ხორცი (თხელ ნაჭრებად დაჭრილი), 600გრ. ბადრიჯანი, 200გრ. ბულგარული წიწაკა, 2ც. პომიდორი, მაიონეზი,  მცენარეული ზეთი, წითელი დაფქვილი წიწაკა,  ნიახური 3-4 ღერი, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ბადრიჯანი დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ ასე 20 წუთით, შემდეგ გადავავლოთ წყალი, ოდნავ გავწუროთ და შევწვათ ორივე მხრიდან. მოვაყაროთ მარილი და წითელი წიწაკა. დავჭრათ პომიდორი, ბულგარული წიწაკა (ჩხირებივით), ნიახური. ყველაფერი ერთად ავურიოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და მოვაპკუროთ მცენარეული ზეთი. გადავიტანოთ მომზადებული სალათა თეფშზე, შემოვაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი და ხორცის ნაჭრები. მოვასხათ მაიონეზი.

რჩევა: საქონლის ხორცი, სურვილისამებრ შეგვიძლია კი არ მოვხარშოთ, არამედ შევწვათ. მაიონეზთან ერთად კი შეგვიძლია გამოვიყენოთ ყველიც - დავახეხოთ ზემოდან. საქონლის ხორცი შეიძლება ჩავანაცვლოთ შემწვარი ქათმის ფილეთი.

ფრიკადელკები ყველითა და სიმინდით

მასალა: 0,5 კგ. საქონლის რბილი ხორცი, 100გრ. დაკონსერვებული სიმინდი, 3-4 სუფრის კოვზი მარილიანი არაქისი, 1/3 ჩაის კოვზი მარილი, 3 სუფრის კოვზი ცხარე კეტჩუპი, 100გრ. მაგარი ყველი, მცენარეული ზეთი.
გასაფორმებლად: სალათის ფოთლები, კამა, წიწაკა ჩილი, პრასი.
მომზადება: გარეცხილი ხორცი გავატაროთ.  არაქისი დავაქუცმაცოთ როდინში ან ბლენდერში. სიმინდი გადავიტანოთ საწურზე.  ყველი დავჭრათ დაახლოებით 2x2სმ. ზომის ნაჭრებად.  ხორცის ფარშს დავამატოთ სიმინდი, არაქისი, მარილი და კეტჩუპი. კარგად ავურიოთ. მიღებული ფარშით გავაკეთოთ პატარა ბურთულები, თითოეულს გულში ჩავუდოთ თითო ნაჭერი ყველი და კარგად დავამრგვალოთ.  ფორმას წავუსვათ მცენარეული ზეთი, ჩავალაგოთ შიგ ფრიკადელკები, მათაც გადავუსვათ ზეთი. ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ შესაწვავად წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით. მზა ფრიკადელკები დავალაგოთ სალათის ფოთლებით გაფორმებულ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ კამა, წიწაკები და რგოლებად დაჭრილი პრასი.

რჩევა: ფრიკადელკები ნაკლებად მშრალი იქნება თუ საქონლის ხორცს ღორის ხორცსაც შევურევთ. საცხობი ფორმის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ ფრიტიური.

ხორცი ნუშით

მასალა: 500გრ. ძროხის, ღორის ან ცხვრის ხორცის რბილობი, 100გრ. ნუში, 1ც. მოხარშული კვერცხის გული, 2 ჭ. რძე, 2ს.კ. მცენარეული ზეთი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ხორცი ჩავჭრათ შუაში (სისქეზე) და გადავშალოთ ისე, რომ დაემსგავსოს წიგნს (ანუ სქელი ნაჭერი ჩავჭრათ გვერდიდან ისე რომ ბოლომდე არ გაიჭრას და გადავშალოთ), მოვაყაროთ პილპილი და დავამარილოთ. ნუში მოვხალოთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ დავაყაროთ ზედ კვერცხის გული და ავსრისოთ ერთად. თანდათან დავამატოთ იმდენი რძე რომ მივიღოთ პასტის მაგვარი მასა. მიღებული მასა თანაბრად მოვათავსოთ ხორცზე (გადაშლილ ხორცზე), შემდეგ გადავახვიოთ რულეტივით და შევკრათ კულინარიული ძაფით. კვლავ მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევწვათ ზეთში ან გრილზე ვიდრე არ მიიღებს სასიამოვნო ოქროსფერს (უნდა დაიბრაწოს). ამის შემდეგ ხორცი მოვათავსოთ ღრმა ფორმაში, ჩავასხათ შიგ ცხელი რძე, შევდგათ ღუმელში და გავაჩეროთ ვიდრე ხორცი არ მომზადდება.  მზა ხორცს მოვაცალოთ ძაფი და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, დავალაგოთ თეფშზე, მოვასხათ თავისივე სოუსი და სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

ღორის ხორცი ნუშის სოუსით

მასალა: 600გრ. ღორის ხორცი, 1ჩ.ჭ. ხორცის ბულიონი, 1 თავი ხახვი, 1ც. სტაფილო, 200გრ. ნუში, 4 ნაჭერი პური (უხეში, ხმელი), 4კბილი ნიორი, 100მლ. მცენარეული ზეთი, 200მლ. თეთრი, მშრალი ღვინო, 1კონა ოხრახუში, 1ც. დაფნის ფოთოლი, 1 ტოტი როზმარინი (ქონდარში არ აგერიოთ), 1ც. ცხარე წიწაკა (ჩილი), მარილი გემოვნებით, სალათის ფოთლები გასაფორმებლად. ფოლგა ხორცის გასახვევად.
მომზადება: ხორცს წავუსვათ მარილი და შევწვათ ცოტა ზეთში, ვიდრე არ მოიბრაწება. შემდეგ ჩავდოთ ხორცი ფოლგაში, ჩავასხათ ცოტაოდენი ბულიონი, ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო, წიწაკა ჩილი და როზმარინი. ფოლგას მჭიდროდ მოვუკრათ თავი და მოვათავსოთ ღუმელში.  სოუსისათვის პურის ნაჭრები, ნუში და ნიორი შევწვათ დარჩენილ ზეთში, გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ავსრისოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, თან დავუმატოთ ღვინო. თუკი სითხე არასაკმარისი აღმოჩნდება, შეგვიძლია ისევ დავამატოთ ხორცის ბულიონი. ვურიოთ და მივიყვანოთ დუღილამდე. სუფრასთან მიტანამდე უკვე მზა ღორის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და მოვასხათ სოუსი. გავაფორმოთ სალათის ფოთლებით

ქათამი მსხლით და სეზამის მარცვლებით

მასალა: 3 ჩ.კ. ქათმის სანელებლები (მარილი, შავი პილპილი,დაფქვილი წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, ქონდარი, დაფქვილი დაფნის ფოთოლი, ნიორი), 70მლ. მშრალი თეთრი ღვინო, 1 კბილი  ნიორი, 1 კონა ისპანახი, 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3ც. ქათმის ფილე, 1ც. დიდი მსხალი, 6 ნაჭერი ჰოლანდიური ყველი ,,მაასდამი", 5-6 ს.კ. სეზამის მარცვლები, 1ც. ბულგარული წიწაკა, 4 ს.კ. ბროწეულის სოუსი (ნარშარაბი). 1 ს.კ. კარაქი - შესაწვავად, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი - ფორმაზე წასასმელად, სოუსისათვის 2ც. დიდი მანდარინი და სიმინდის კრახმალი 1ჩ.კ.
მომზადება: ქათმის ფილეები გავჭრათ სიგრძეზე, გამოგვივა 6 ნაჭერი, თითოეული დავბეგვოთ ორივე მხრიდან, ისე რომ 1 სმ. სისქის გახდეს. წავუსვათ ქათმის სანელებლები. მარინადის მოსამზადებლად ერთმანეთში ავურიოთ ჩანგლით ბროწეულის სოუსი, ზეითუნის ზეთი, ნიორი და გავაჩეროთ ასე 10 წუთი. შემდეგ ეს მარინადი გავყოთ 2 ნაწილად: ერთი ნაწილი წავუსვათ ქათმის დაბეგვილ ფილეებს და ჩავალაგოთ 40 წუთით თავდახურულ ჭურჭელში. ამის შემდეგ მოვამზადოთ გულსართი ქათმის რულეტებისათვის:  ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ სიგრძეზე 1,5 სანტიმეტრიან ზოლებად. ყველიც დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. მსხალი გავფცქვნათ და ისიც დავჭრათ სიგრძეზე 1სმ. სიგანის ზოლებად. ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში სწრაფად შევწვათ მსხლის ნაჭრები ყველა მხრიდან. შემდეგ ჩავასხათ შიგ ღვინო და გავაჩეროთ 5-7 წუთი დაბალ ცეცხლზე.  თითოეულ მომზადებულ ფილეზე დავალაგოთ ისპანახის 4-5ც.  ფოთოლი,  შუაში დავადოთ 1 ნაჭერი ყველი და მასზე ბულგარული წიწაკის და მსხლის ნაჭრები. ფილე გადავახვიოთ მჭიდროდ, რულეტივით, გადავუსვათ მარინადი, რომელიც მანამდე გადავინახეთ, და ბოლოს ამოვავლოთ სეზამის მარცვლებში. დავარჭოთ ზედ კბილის ჩხირი და დავალაგოთ ზეთწასმულ თუნუქის ფურცელზე. მოვათავსოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და ისევ 20 წუთი გავაჩეროთ. შიგადაშიგ მოვასხათ ხოლმე თავისივე გამოყოფილი ცხიმი. სრულ მომზადებამდე 10 წუთით ადრე ტემპერატურას ავუწიოთ რომ რულეტები მოიბრაწოს. თუ ღუმელს აქვს რეჟიმი გრილი ან ტურბო გრილი, მაშინ გადავიყვანოთ ამ რეჟიმზე. მზა, დაბრაწული რულეტები დავალაგოთ თეფშზე და ზემოდან დავაფაროთ.  მოვამზადოთ სოუსი რულეტების მიერ გამოყოფილი ცხიმით, დარჩენილი მარინადით და მანდარინის წვენით: ამისათვის ჩამოთვლილი ინგრედიენტები ვადუღოთ 5 წუთი და ბოლოს კრახმალის მეშვეობით შევასქელოთ. სუფრასთან მიტანამდე რულეტებს მოვასხათ ასე მომზადებული სოუსი.
რჩევა: თუ არ გვაქვს ყველი მაასდამი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი მაგარი ყველი.

ქათმის რულეტი ასორტი

მასალა: 3ც. ქათმის დიდი ბარკალი (ან 3 ც. ფილე), 1 ჩ.კ. აჯიკა, 2 კბილი ნიორი, 100გრ. შავი ქლიავი, 100გრ. შებოლილი საქონლის ხორცი, 1ც. კვერცხი, 1ც. პომიდორი (გასაფორმებლად), 1ც. კიტრი (გასაფორმებლად), მწვანილი (გასაფორმებლად), მარილი, პილპილი გემოვნებით, ფოლგა შესახვევად.
მომზადება: ქათმის ბარკალს გამოაცალეთ ძვლები და ხორცი დაბეგვეთ. ერთ ნაჭერს წაუსვით აჯიკა, დანაყილი ნიორი და მჭიდროდ გადაახვიეთ (დაამაგრეთ კბილის ჩხირით). მეორე ნაჭერს მოაყარეთ მარილი, პილპილი, დააწყვეთ შუაზე გაჭრილი შავი ქლიავის ნაჭრები, გადაახვიეთ და დაამაგრეთ კბილის ჩხირით. მესამე ნაჭერსაც მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაალაგეთ შებოლილი ხორცის ნაჭრები და ისევე გადაახვიეთ. ფოლგას წაუსვით ცხიმი, თითოეულ ბარკალს მჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგა, ბოლოები მოუკარით და შეწვით ღუმელში. შემწვარი რულეტები გააგრილეთ, მოაცალეთ ფოლგა და დაჭერით. თეფშზე მოათავსეთ თითოეული რულეტის 2-3 ნაჭერი და სურვილისამებრ გააფორმეთ კიტრით, პომიდვით და მწვანილით.

ქათმის ფილე ყველით და პომიდვრით

მასალა: 4 ულუფისათვის საჭიროა 4ც. ქათმის ფილე, 0,5 კგ. პომიდორი (უკეთესია პატარა ზომის პომიდვრები), 2-3 კბილი ნიორი, 5ს.კ. ზეითუნის ზეთი, ან მზესუმზირის ზეთი, 200გრ.მაგარი  ყველი, 2 თავი ხახვი, 1 პატარა კონა ან 1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, 3 ს.კ. არაჟანი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება: პომიდორი დავჭრათ მრგვლად, ავურიოთ დაკეპილი ნიორი, მარილი, პილპილი,  2ს.კ. ზეთი, მოვათავსოთ ყალიბში და შევდგათ საშუალო სიმხურვალის ღუმელში 10 წუთით. ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ 3 სუფრის კოვზი ზეთი და ამ ზეთშივე შევწვათ. გავხეხოთ ყველი და ავურიოთ დაკეპილ ხახვში, არაჟანსა და რეჰანში. შემწვარ ხორცს გვერდი ჩავუჭრათ, შიგ ჩავტენოთ ყველიანი მასის ნახევარი. შემდეგ ხორცის ნაჭრები ჩავაწყოთ პომიდორში და ზემოდან მოვაყაროთ ყველის მასის დანარჩენი ნაწილი. შევდგათ ისევ ღუმელში და გავაჩეროთ ვიდრე ყველი კარგად არ დადნება.
რჩევა: თუ გვაქვს პომიდორი ჩილი, შეგვიძლია რამოდენიმე დავტოვოთ დაუჭრელი და სუფრასთან მიტანამდე შემოვუწყოთ ხორცს თეფშზე.

ქათმის პაელია


მასალა: 600გრ. ქათმის ფილე, 750 მლ. ქათმის ბულიონი (შეიძლება ბულიონის კუბიკებითაც), 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1ც. ხახვი, 250გრ. დაკონსერვებული მწვანე ბარდა, 70გრ. ტომატის პასტა, 250გრ. ბრინჯი, ყვითელი ყვავილი, მარილი, პილპილი გემოვნებით. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ მწვანილი და ბულგარული წიწაკა. 
მომზადება: ქათმის ფილე დავჭრათ ოთხკუთხა ნაჭრებად. გავაცხელოთ ტაფა და ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი და ქათამი. ვშუშოთ ვიდრე ხორცი არ შეწითლდება. მანამდე გავაცხელოთ ბულიონი და ჩავასხათ უკვე მოშუშულ ხორცთან, მოვურიოთ, დავამატოთ ტომატის პასტა, მარილი, პილპილი, ყვითელი ყვავილი. დავამატოთ გარეცხილი ბრინჯი, ბარდა, ავუწიოთ ცეცხლს და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და დავტოვოთ 15-20 წუთი, ბრინჯის მომზადებამდე. ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევფუთოთ ჩაის ტილოთი ან პირსახოცით და გავაჩეროთ ასე 5-10  წუთი. მწვანილი შეგვიძლია დავამატოთ ბოლოს.

სოკოთი და ხორცით ფარშირებული ჭარხალი

მასალა: 5-6ც. საშუალო ზომის ჭარხალი, 400გრ. ხორცი (ნებისმიერი), 200გრ. სოკო, 100გრ. ყველი, 3-4 ს.კ. არაჟანი, 2 თავი ხახვი, 0,5 ჭიქა წითელი ღვინო, 1 ჭიქა ბულიონი, 0,5 ჭიქა საფანელი, მარილი, პილპილი გემოვნებით. მცენარეული ზეთი შესაწვავად.
მომზადება: ჭარხალი ვხარშოთ მინიმუმ 40 წუთი. მოხარშულ ჭარხალს მაშინვე გადავავლოთ ცივი წყალი. გავაგრილოთ, გავფცქვნათ. წავაჭრათ წვერო და ფოთლის ღეროების მხარე. ძალიან ფრთხილად, მრგვალ პირიანი დანით ამოვჭრათ გულში კონუსი და შემდეგ კოვზით ამოვიღოთ გული, ისე რომ კედლები არ დავაზიანოთ. ხორცი მოვხარშოთ კარგად. დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევწვათ დაჭრილ ხახვთან და სოკოსთან ერთად. ბოლოს დავამატოთ ნახევარი ჭიქა ღვინო და ბულიონი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ჭარხლები ამოვავსოთ ფარშით. გარედან საკონდიტრო ფუნჯით წავუსვათ არაჟანი. შემდეგ კოვზით მოვაყაროთ ყველა მხრიდან საფანელი. ზემოდან დავაყაროთ გახეხილი ყველი. გადავიტანოთ ტაფაში ან თუნუქის ფურცელზე და მოვათავსოთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით, ვიდრე ყველი მოიბრაწება. სუფრასთან შეგვიძლია მივიტანოთ არაჟანთან, მჟავე კიტრთან და გამომცხვარ კარტოფილთან ერთად.

კარტოფილის პიცა ინდაურით ჰავაიურად

მასალა: 100გრ. მაგარი ყველი, 4-5 ს.კ. რძე, 1ჩ.კ. მცენარეული ზეთი, 400გრ. ინდაურის ფილე, 50გრ. კარაქი, 4ც. კარტოფილი, 3ს.კ. დაკონსერვებული ანანასი (დაჭრილი), 1 ს.კ. საფანელი, 4 ს.კ. ბეშამელის სოუსი (მომზადება)
მომზადება: მოვხარშოთ ინდაურის ფილე და დავჭრათ დაახ. 5 სმ. სისქის ნაჭრებად. გავაკეთოთ კარტოფილის პიურე. საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი. პიურე მოვათავსოთ ფორმაში და ზედაპირი მოვასწოროთ სველი კოვზით. ზემოდან დავალაგოთ ინდაურის ხორცის ნაჭრები, დაჭრილი ანანასი, მოვასხათ თეთრი სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. გამოვაცხოთ 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთი.

ქათმის სიგარები

მასალა: 500გრ. ქათმის ხორცის ფილე, 200გრ. გახეხილი ყველი, 50მლ. არაჟანი, მარილი, პილპილი. საწებლისათვის: 1 კბილი ნიორი, მარილი, 1/3 ჩ.კ. ზაფრანა, 200მლ. არაჟანი. გასაფორმებლად: სალათის ფოთლები.
მომზადება: ქათმის ფილე დავბეგვოთ და დავჭრათ თხელ ფენებად. მოვაყაროთ გახეხილი ყველი (ან სულგუნის ფირფიტები). გადავახვიოთ სიგარისებურად. გარედან წავუსვათ მარილითა და პილპილით შეზავებული არაჟანი. დავალაგოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ ღუმელში. როცა დაიბრაწება გამოვიღოთ და დავალაგოთ სალათის ფოთლებით გაფორმებულ თეფშზე. სუფრასთან მივითანოთ არაჟნის საწებელთან ერთად, რომელიც ასე მზადდება: არაჟანს შევათქვიფოთ დაჭყლეტილი ნიორი, ზაფრანა და მარილი.

სუპი ფრიკადელებით

მასალა: 400გრ. ძროხის ხორცის ფარში, 2 ც. დიდი კარტოფილი, 1ც. სტაფილო, 1თავი ხახვი, 1ც. ბულგარული წიწაკა, 0,5 ჭიქა ბრინჯი, 1 ჭიქა ვერმიშელი, სანელებლები და მწვანილი გემოვნებით.
ფრიკადელების მომზადება: ხორცის ფარში და ხახვი გავატაროთ ერთად ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ მასაში დავამატოთ წყალში დამბალი ბრინჯი, მარილი და პილპილი. ფარშით გავაკეთოთ ერთნაირი ზომის, მჭიდროდ დაპრესილი, პატარა ბურთულები. ჩავყაროთ რიგრიგობით მდუღარე წყალში და 10 წუთი ვხარშოთ. კვერცხის დამატება ფარშში არაა აუცილებელი, ის ბულიონს უფრო ბლანტს ხდის და ბურთულებიც უფრო მაგარი გამოდის. უმჯობესია რძეში დამბალი პურის ნაჭრის ჩამატება. ფრიკადელები უფრო ნაზი გამოვა.
სუპის მომზადება: ბულგარული წიწაკა და კარტოფილი დავჭრათ კუბებად, სტაფილო კი - ნახევარწრეებად. ხახვი დავჭრათ რაც შეიძლება წვრილად. როგორც კი ფრიკადელები ნახევრად მოიხარშება (5-10 წუთი), ჩავამატოთ კარტოფილი და ვხარშოთ 5-7 წუთი, შემდეგ ვერმიშელი 5 წუთით. ამასობაში მოვშუშოთ ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა და გადავიტანოთ სუპში. დავამატოთ მწვანილი,მარილი, დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი და გამოვრთოთ.

ქათმის სუპი

მასალა: 3ც. ქათმის ბარკალი ან მკერდის ნაჭერი, 4ც. კარტოფილი, 4ს.კ. კარაქი, 1/4 ჭიქა ფქვილი, 1 პატარა ქილა დაკონსერვებული შამპინიონი, 1.5 ჭიქა რძე, 1 ქილა დაკონსერვებული სიმინდი, მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: მოვხარშოთ ქათმის ხორცი, ამოვიღოთ ბულიონიდან და გავაციოთ. დავდგათ ცეცხლზე დიდი ქვაბი და დავადნოთ შიგ კარაქი, ჩავყაროთ ფქვილი და სწრაფად მოვურიოთ. ნელნელა, ისე რომ არ შევწყვიტოთ მორევა ჩავასხათ მარლაში გატარებული ბულიონი, მოვურიოთ და წამოდუღოთ. მანამდე გავფცქვნათ კარტოფილი, დავჭრათ პატარა კუბებად და ვხარშოთ ბულიონთან ერთად 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. სანამ კარტოფილი იხარშება, დავჭრათ მოხარშული და გაგრილებული ხორცი პატარა ნაჭრებად. როცა კარტოფილი მოიხარშება, მოვუმატოთ ცეცხლს და ჩავასხათ შიგ რძე, ჩავყაროთ დაჭრილი ქათამი, სოკო და სიმინდი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.

გოგრის ზარდახშა

მასალა: 1ც. საშუალო ზომის გოგრა (მრგვალი, ოდნავ ჩაბრტყელებული ფორმის), 1კგ. ძროხის ან ღორის ხორცი, 3ც. კარტოფილი, 300გრ. სოკო, 2თავი ხახვი, 200მლ. არაჟანი, მცენარეული ზეთი.
მომზადება: გოგრას მოვაჭრათ თავი და გავასუფთავოთ თესლებისგან, რბილობი ხელუხლებლად დავტოვოთ. გამოვაცხოთ ღუმელში 170 გრადუსზე, 1 ან 1,5 საათის განმავლობაში. გოგრა ძალიან არ უნდა გამოცხვეს, არ უნდა დაუზიანდეს კედლები, რადგან გულსართის ჩადების შემდეგ, ისევ მოგვიწევს მისი ღუმელში გაჩერება დაახ. 30-40 წუთით. კარტოფილი და ხორცი დავჭრათ და შევწვათ. სოკო მოვშუშოთ ხახვთან ერთად და მოვასხათ არაჟანი. სოკო კარტოფილი და ხორცი ერთად ავურიოთ და ჩავდოთ გოგრის გულში. შევდგათ ღუმელში 25-30 წუთით. მზადების პერიოდში გულსართი იძენს გოგრის არომატს. მზა გოგრა შეგვიძლია მოვრთოთ მწვანილით.
რჩევა: 1. თუკი მარხულობთ არაჟნის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამარხვო მაიონეზი, გულსართად კი - მხოლოდ კარტოფილი, სოკო და ხახვი.
2. თუკი ტკბილეულის მოყვარული ხართ, ასეთი გულსართი შეგიძლიათ გამოიყენოთ: 0,5ჭიქა შავი ქლიავის ჩირი, 0,5ჭიქა გარგარის ჩირი, 0,5 ჭიქა ქიშმიში, 0,5 ჭიქა ნიგოზი, 5ს.კ. თაფლი, 1 მწიკვი დარიჩინი, ვანილი. გოგრას ამოვაცალოთ ცოტაოდენი რბილობი, ჩირს გავასხათ მდუღარე წყალი ცოტა რომ დალბეს, შემდეგ ყველაფერი დავჭრათ, მოვაყაროთ ვანილი და დარიჩნი და ჩავდოთ გოგრაში. ზემოდან დავადოთ თაფლი და ჩავასხათ 1 ჭიქა წყალი. დავაფაროთ გოგრას თავისივე თვსახური და გამოვაცხოთ ღუმელში.

რულეტები ბოსტნეულით

მასალა: 1,4კგ. ძროხის ხორცი, 200გრ. ბეკონი, 2ც. სტაფილო, 200გრ. მწვანე ლობიო, 4ს.კ. მდოგვი, 2ს.კ. ფქვილი, 4ს.კ. მცენარეული ზეთი, ხორცის ბულიონი 2 ჭიქა, 250გრ. არაჟანი. შავი წიწაკის მარცვლები, 1ც. დაფნის ფოთოლი.
მომზადება: სტაფილო დავჭრათ გრძელ ჩხირებად და მწვანე ლობიოსთან ერთად მოვთუთქოთ წყალში 2 წუთი. ხორცი დავჭრათ 16 განიერ, თხელ ნაჭრად, დავბეგვოთ და მოვაყაროთ მარილი, პილპილი. ხორცის თითოეულ ნაჭერს წავუსვათ მდოგვი და ზედ დავალგოთ ბეკონის, სტაფილოსა და მწვანე ლობიოს ნაჭრები. გადავახვიოთ ხორცი რულეტივით და დავამაგროთ ,,კბილის ჩხირებით". რულეტები შევწვათ ზეთში, ჩავასხათ ბულიონი და ვშუშოთ საბოლოოდ მომზადებამდე. ვიდრე ცეცხლიდან გადმოვდგავთ ჩავყაროთ შავი წიწაკის რამოდენიმე მარცვალი და 1ც. დაფნის ფოთოლი. სოუსისათვის ბულიონი გადავწუროთ მარლაში ან ბადიან საწურში. დავამატოთ ფქვილი, არაჟანი და ვადუღოთ 5-7 წუთი. რულეტები გავაცხელოთ ამ სოუსში. სუფრასთან შეგვიძლია მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად და გავაფორმოთ მწვანილით.

ხორცის სუფლე

მასალა: 600გრ. ხბოს ხორცის ფილე, 200გრ. ხაჭო, 2ც. კვერცხი, 3ს.კ. დარბილებული კარაქი, 50გრ. მაგარი ყველი, 2 ნაჭერი თეთრი პური, 1/4 ჭიქა რძე, 1 კონა ოხრახუში, მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: პური დავალბოთ რძეში. კვერცხის გულები გავაცალკევოთ ცილისგან. ხორცი ხაჭოსთან და პურთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხორციან მასაში დავამატოთ კვერცხის გულები, 2 ს.კ. კარაქი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა ფრთხილად შევურიოთ ათქვეფილ კვერცხის ცილას, ისე რომ კოვზით ვურიოთ ქვემოდან ზემოთ. გადავიტანოთ კარაქწასმულ ფორმებში და დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე. თითოეულ სუფლეს თავზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი. მოვათავსოთ გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 10-15 წუთი. მზა სუფლე გავაგრილოთ, ამოვიღოთ ფორმებიდან და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
რჩევა: ძალიან მნიშვნელოვანია რომ სუფლე ზედმეტად დიდხანს არ დავტოვოთ ღუმელში - მას ძალიან ნაზი და რბილი გული უნდა ჰქონდეს, ქერქი კი - მაგარი.

ქათმის სუფლე

მასალა: 400გრ. ქათმის ხორცი, 150მლ. 25%-იანი ნაღები, 1 კვერცხი, 2 კბილი ნიორი, 1/2 ქილა ზეთისხილი, მარილი.
მომზადება: ქათმის ხორცი ავურიოთ ნიორთან, 75მლ. ნაღებთან, მარილთან, ნახევარ ზეთისხილთან ერთად და დავაბლენდეროთ. ვთქვიფოთ დიდხანს, ვიდრე ხორცი ძალიან რბილი და ჰაეროვანი არ გახდება. დავამატოთ დარჩენილი ნაღები, მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი და ისევ დავაბლენდეროთ. მიღებული მასის ნახევარი თანაბრად გავანაწილოთ შესაფერის საცხობ ფორმაში და წრიულად ჩავარჭოთ შიგ ზეთისხილები. ზემოდან დავამატოთ დარჩენილი ხორციანი მასა და ზეთის ხილებიც ისევ ჩავარჭოთ, ოღონდ ამჯერად ისე, რომ ბოლომდე ჩავმალოთ ხორციან მასაში. საცხობი ფორმა მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე შემომდგარ ქვაბში 40 წუთით.
რჩევა: სურვილისამებრ შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც შავი, ასევე მწვანე ზეთისხილი
Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !