Showing posts with label ნამცხვარი. Show all posts
Showing posts with label ნამცხვარი. Show all posts

საშობაო სახლი



მასალა:

100 გრ. თაფლი
50 გრ. შაქარი
60 გრ. კარაქი
1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
თითო მწიკვი დაფქვილი დარიჩინი,მიხაკი და ილი ანუ კარდამონი
1ც. კვერცხი
250-280 გრ. ფქვილი
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

შაქრის მინანქრისთვის:

3 ც. კვერცხის ცილა
3 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრი
1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

მოსართავად:

სხვადასხვა ფერის საკონდიტრო მძივები, ბურთები, ვერცხლისფერი მტვერი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე M&M-ის ტიპის კანფეტები, ასევე მარმელადი. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი და თქვენი შვილების სურვილებსა და  ფანტაზიაზე.

მომზადება:

1. პატარა ქვაბში ჩაასხით თაფლი, დაამატეთ შაქარი, ვანილი და კარაქი. შემოდგით დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ, ვიდრე მასა არ გახდება ერთგვაროვანი. გადმოდგით და გააციეთ. ამ მასაში დაამატეთ მიხაკ-დარიჩინი და ილი, კვერცხი, ვანილი და კარგად აურიეთ. ცალკე ჯამში ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და შემდეგ თანდათანობით ჩაყარეთ თაფლიან მასაში. მოზილეთ ცომი, დაამრგვალეთ ბურთივით და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.
2. ამასობაში მუყაოსგან გამოჭერით თარგი (სურათი იხილეთ ქვემოთ). სახურავი 2 დეტალი, გვერდითა კედლები 2 დეტალი, ფასადი და უკანა კედელი 2 დეტალი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ საშობაო სახლი, ამისათვის გნებავთ დაამატეთ საკვამური, ან მეორე სართული. არ დაგავიწყდეთ სახლის კედლებში თქვენთვის სასურველი მოხაზულობის მქონე ფანჯრის და კარის ღიობების ამოჭრა. დამატებით შეგიძლიათ გააკეთოთ ნაძვები ან სხვა ფიგურები (მაგ: თოვლის ბაბუა, ღობე სახლის გარშემო და ა.შ.). რაც უფრო კრეატიული იქნებით, მით უფრო საინტერესო და სახალისო გამოვა თქვენი სახლი და უფრო გემრიელადაც მიირთმევთ მას :)
3. თარგის გამზადების შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცომს. გააბრტყელეთ 0,7მმ. სისქეზე. გამოჭრილი თარგის დეტალები დაალაგეთ ცომზე ზემოდან და პატარა დანით დაიწყეთ ცომის გამოჭრა. ამ ეტაპზე უნდა ამოიჭრას ფანჯრის და კარის ღიობები.
4. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ პერგამენტი, ზედ დაალაგეთ გამოჭრილი დეტალები, ოდნავ მოაყარეთ ფქვილი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი.  უფრო მეტ ხანს თუ დატოვებთ შეიძლება დაიწვას ცომი. გამომცხვარ დეტალებს აცადეთ გაგრილება.
5. მოამზადეთ შაქრის მინანქარი, რომლითაც შეაერთებთ დეტალებს და ასევე გააფორმებთ სახლის კედლებს და სახურავს დეკორატიულად. გაგრილებული კვერცხის ცილა ათქვიფეთ ბეზესავით, დაამატეთ შაქრის პუდრი და ლიმნის წვენი. თქვიფეთ, ვიდრე არ მიიღებთ სქელი კონსისტენციის მასას. თუ საჭიროა დაამატეთ შაქრის პუდრი.
გახსოვდეთ რომ რაც უფრო სქელია მინანქარი მით უფრო გაგიადვილდებათ დეტალების შეერთება.  გამზადებული მინანქარი გადაიტანეთ ერთჯერად, ცელოფნის საკონდიტრო ტომარაში და მაკრატლით ოდნავ წააჭერით ტომარას თავი (წვეტიანი მხარე). ჯერ მორთეთ სახლის დეტალები, გაუკეთეთ კონტურები ფანჯრებს, კარს. სახურავზე შეგიძლიათ „დახატოთ“ კრამიტი. დააცადეთ გაშრობა და შემდეგ დაიწყეთ სახლის აწყობა. ამ ეტაპზე საკონდიტრო ტომარას ცოტა მეტად წააჭერით თავი რომ მინანქარი უფრო ადვილად გამოვიდეს. არ იჩქაროთ, დეტალები სათითაოდ შეაერთეთ, მაგ: ჯერ წინა და გვერდითი კედელი შეაწებეთ, დაელოდეთ ვიდრე მინანქარი გამაგრდება და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ დანარჩენი დეტალების მიმაგრება. კედლები რომ არ გადავარდეს შეწებებს პროცესში, შეგიძლიათ გამოიყენოთ საყრდენად სხვადასხვა საგნები, მაგ: ჭიქა.  როდესაც სახლის კედლები მყარად მიეწებება ერთმანეთს და მინანქარიც გაშრება (ამისათვის ჯობს მთელი ღამით დატოვოთ ასე სახლი და სახურავი მეორე დღეს დაადგათ) დაიწყეთ სახურავის დადგმა და კარის დამაგრება. განსაკუთრებით მოთმინება გმართებთ სახურავის დამაგრებისას. არ დაიზაროთ და ცოტა ხანი ხელით გეჭიროთ სახურავის დეტალები, რომ არ დაცურდეს კედლებიდან. (ისევ და ისევ შეგიძლიათ ქვეშ დაუდოთ შესაბამისი სიმაღლის ჭიქა და ხელიც აღარ დაგეღლებათ). შესაძლებელია ე.წ. კბილის ჩხირების გამოყენებაც, რომ დეტალები უფრო ადვილად დააფიქსიროთ ერთად.  მინანქარი არცთუ ისე მალე მაგრდება და შრება ამიტომ ცოტა დიდ დროს მოითხოვს სახლის აწყობა, მაგრამ მერწმუნეთ შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.
6. მას შემდეგ რაც სახლი უკვე მთლიანად აწყობილია და მინანქარი კარგად გამშრალი, შეგიძლიათ გააფორმოთ გარედან სხვადასხვა კანფეტებით.

P.S.  შაქრის მინანქარი რომ არ გამოშრეს და გახმეს მეორე დღემდე, საკონდიტრო ტომარაში დატოვეთ. თუ მაინც გაშრა და გართულდა მისი გამოყენება, მაშინ ხელახლა გააკეთეთ.

შეიძლება იფიქროთ რომ საშობაო სახლის გაკეთება რთულია, მაგრამ მერწმუნეთ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა, აუცილებლად გამოგივათ და ყოველ წელს უფრო და უფრო ლამაზ სახლებს გააკეთებთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!







შაქრის მინანქარი


მასალა:

1 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრი
4 ჩაის კოვზი რძე

მომზადება:

შაქრის პუდრი და რძე კარგად ავთქვიფოთ ჩანგლით. იმის მიხედვით როგორ სისქის გვინდა მინანქარი, შეგვიძლია დავამატოთ შაქრის პუდრი ან რძე.  თუ გვინდა ფერადი მინანქარი მაშინ შევურიოთ სასურველი ფერის საკონდიტრო საღებავი.




საშობაო ორცხობილა


მასალა:

3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის ჭიქა მარგარინი, დარბილებული
1,5 ჩაის ჭიქა შაქარი
2 კვერცხი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

1,  გაცერით ერთად ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დიდი ჯამში ათქვიფეთ მარგარინი და შაქარი, ვიდრე არ მიიღებთ ფაფუკ მასას. დაამატეთ კვერცხი, სათითაოდ და ვანილის ექსტრაქტი. აურიეთ ყველაფერი კარგად და თანდათანობით დაამატეთ ფქვილიანი მასა. მოზილეთ ცომი, გადააკარით კულინარიული ცელოფანი და დადეთ გრილ ადგილას 2 საათით.
2.  გააცხელეთ ღუმელი 200 გრადუსამდე. თუნუქის ფურცელს გადაუსვით ცხიმი. სუფთა, ფქვილმყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი დადაჭერით სასურველ ფორმებად.
3. აცხვეთ 6-8 წუთის განმავლობაში ან ვიდრე კუთხეები არ გაუყავისფრდება. გამომცხვარი ორცხობილები გამოიღეთ და გააგრილეთ.

ორცხობილები შეგიძლიათ გააფორმოთ სხვადასხვა ფერის შაქრის მინანქრით და საკონდიტრო მძივებით.

საშობაო პუდინგი


მასალა: 

300 გრამი მოცხარი (წითელი, შავი)
300 გრამი ქიშმიში
100 გრამი კარამელ მოსხმული ალუბალი, დაჭრილი
100 გრამი გარგარის ჩირი, დაჭრილი
50 გრამი სხვადასხვა ციტრუსის კანი, დაქუცმაცებული
3 სუფრის კოვზი ბრენდი
200 გრამი უმაღლესი ხარისხის ფქვილი
მწიკვი დაფქვილი მუსკატის კაკალი
200 გრამი დარბილებული კარაქი
200 გრამი ყავისფერი შაქარი
4 ცალი კვერცხი
50 გრამი ნუში
ნახევარი ჭიქა გარგარის ჯემი
1 სუფრის კოვზი ბადაგი

მომზადება:

ჩაყარეთ ყველა ხილი და ციტრუსის კანი დიდი ჯამში, დაასხით ბრენდი, დააფარეთ თავზე და შეინახეთ ერთი ღამით გრილ ადგილას.
მოამზადეთ წინასწარ 2 ღრმა ფორმა (ჯამის ფორმის), შეგიძიათ შიგ ჩააფინოთ ფოლგა. გაახურეთ ღუმელი 140 გრადუსამდე. (ასევე შეგიძლიათ გამოაცხოთ ერთ ფენად, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ფორმა).
მეორე დიდ ჯამში მოათავსეთ. ფქვილი, მუსკატი, კარაქი, კვერცხები, ნუში, ბადაგი, შაქარი. კარგად აურიეთ და შემდეგ გადაიტანეთ ხილიან მასაში. მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად, თითო ნაწილი მოათავსეთ ცალკე ფორმაში, ზედაპირი მოასწორეთ კოვზით, თავზე გადააკარით ფოლგა და გამოაცხვეთ 3 ან 3 საათნახევრის მანძილზე. პუდინგის მზაობა შეამოწმეთ ცენტრში ხის ჩხირის ჩარჭობით, ამოღებისას არ უნდა ამოყვეს ცომი.  მზა პუდინგი გააციეთ და შემდეგ ნახევრები შეაერთეთ თქვენთვის სასურველი კრემის ან გარგარის ჟემის მეშვეობით. მოსართავად შეგიძლიათ თავზე მოასხათ  შაქრის გლაზური და დაალაგოთ რომელიმე ხილი (მოცხარი, ალუბალი).






ნამცხვარი ბრაუნი

მასალა: 170გრ. შავი შოკოლადი, 170 გრ. კარაქი, 125 გრ. ფქვილი, 200გრ. შაქარი, 3ც. კვერცხი, 1 ჩ.ჭ დაჭრილი ნიგოზი, ვანილი.
მოზადება: შოკოლადი და კარაქი ერთად დავადნოთ წყლის აბაზანაზე, დავამატოთ შაქარი, ავურიოთ. სათითაოდ დავამატოთ კვერცხები და თან ვთქვიფოთ. როდესაც მასა ერთგვაროვანი გახდება და შაქარიც დადნება დავმატოთ ვანილი და ფქვილი. საცხობ ფორმაში ჩავფინოთ პერგამენტი, წავუსვათ ზედ ცხიმი და ჩავასხათ ცომი. შევდგათ გამოსაცხობად 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 20-30 წუთი. გამომცხვარი ბრაუნი გამოვიღოთ ღუმლიდან და დავჭრათ სასურველ ფორმებად.
რჩევა: უკვე მზა ნამცხვარს, სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ზემოდან მოვასხათ დამდნარი შავი შოკოლადი.

მარწყვის ტირამისუ

მასალა: 250გრ. მარწყვი, 200გრ. ორცხობილა ,,სავოიარდი" (,,ქალის თითები"), 100გრ. შაქარი, 100მლ. ცხელი წყალი, 50მლ. კონიაკი. კრემისათვის: 2 კვერცხი, 250გრ. მასკარპონე, 10გრ. ჟელატინი, 1/2 ლიმნის ცედრა, 50 გრ. შაქარი, მწიკვი მარილი.
მომზადება: მარწყვი დავაბლენდეროთ ისე, რომ გახდეს პიურეს კონსისტენციის. გადავიტანოთ ღრმა ჭურჭელში, დავამატოთ 100მლ. ცხელი წყალი და 100გრ. შაქარი. გავაცხელოთ შაქრის დადნობამდე, ჩავასხათ კონიაკი, წამოვდუღოთ და გავაგრილოთ. ჟელატინი დავალბოთ 10მლ. ცივ წყალში40-45 წუთი. გაფუებული ჟელატინი დავდგათ ცეცხლზე, ვიდრე ჯელატინი არ დადნება მთლიანად და შემდეგ გავაგრილოთ. კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან და გახეხილ ლიმნის ცედრასთან ერთად. პორციებად დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის მასაში მასკარპონე. კვერცხის ცილები ავთქვიფოთ მარილთან ერთად ბეზესავით. ფრთხილად შევურიოთ დამდნარ ჟელატინს და ყველიან მასას. ორცხობილები დავალბოთ მარწყვიან სიროფში. სწორკუთხა ფორმაში ჩავფინოთ საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილი ცელოფანი. პირველ ფენად დავასხათ კრემის ნახევარი, შემდეგ მჭიდროდ ჩავაწყოთ ორცხობილები, შემდეგ ისევ კრემი, ორცხობილები და კრემი. ფორმას ისევ გადავაკრათ ცელოფანი და მთელი ღამით დავტოვოთ მაცივარში. მზა ტირამისუ დავჭრათ, დავალაგოთ თეფშებზე და გავაფორმოთ სურვილისამებრ (მარწყვი, პიტნის ფოთლები, გახეხილი შოკოლადი და ა.შ.).

ქოქოსის ორცხობილა კონგო

მასალა: 100გრ. ქოქოსის ფანტელი, 90 გრ. შაქრის ფხვნილი, 1 კვერცხის ცილა, 1 ს.კ. ვაშლის პიურე, 10გრ. კარაქი პერგამენტზე წასასმელად.
მომზადება: ჯამში ავურიოთ ქოქოსის ფანტელი და შაქარი, დავამატოთ კვერცხის ცილა (აუთქვეფავი) და ვაშლის პიურე. ავურიოთ კოვზით და დავდგათ წყლის აბაზანაზე. გავათბოთ 10 წუთის მანძილზე, თან გამუდმებით ვურიოთ. შაქარი დადნება და მასა გახდება ერთგვაროვანი და ელასტიური. მიღებული მასისგან სველი ხელებით ვაკეთებთ პატარა ბურთებს (დაახ. პომიდორ ჩერის ზომის). შემდეგ ნელნელა მივცეთ კონუსის ფორმა და დავალაგოთ პერგამენტიან თუნუქის ფურცელზე (უმჯობესია თუ პერგამენტს მანამდე კარაქს გადავუსმევთ). შევდგათ 220 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 10-15 წუთი, ვიდრე ორცხობილა არ მიიღებს სასიამოვნო ფერს (ოქროსფერს). თუკი ცხობის პროცესში ორცხობილის წვეროები ზედმეტად მოიბრაწება, მაშინ გადავაფაროთ ფოლგა და გავაგრძელოთ ცხობა ისე, რომ ღუმელის ტემპერატურა უცვლელი დავტოვოთ. მზა პირამიდებს შეგვიძლია მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
იდეალური ორცხობილა ,,კონგო" გულში უნდა იყოს ნაზი და რბილი, გარედან კი ხრაშუნა და დაბრაწული.

თაფლის ორცხობილა

მასალა: 500გრ. ხორბლის ფქვილი, 200გრ. თაფლი, 1ჭიქა შაქარი, 2ც. კვერცხი, ნახევარ-ნახევარი ჩაის კოვზი დაფქვილი მიხაკი და დარიჩინი, 1/4 ჩ.კ. სოდა, 1ს.კ. შაქრის პუდრი.
მომზადება: თაფლი შეათბეთ, დაამატეთ ფქვილი, შაქარი, კვერცხი, სოდა, მიხაკი და დარიჩინი. მოზილეთ ელასტიური ცომი, გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე 1 სმ. სისქის ფენად. გამოჭერით სასურველი ფორმის და ზომის ფიგურები, გადაიტანეთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და გამოაცხეთ. მზა ორცხობილებს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

ტორტი ზახერი

მასალა: 300გრ. შავი შოკოლადი, 1 ჭიქა წყალი, 130გრ. კარაქი, 1ჭიქა შაქარი, 3ც. კვერცხი, 150გრ. ფქვილი, 30გრ. კაკაო, 120გრ. გარგარის ჯემი, ნაღები (სქელი) 150გრ.
მომზადება: 23 სმ. დიამეტრის ტორტის ფორმას წავუსვათ კარაქი,ჩავაფინოთ პერგამენტი და ზემოდანაც გადავუსვათ პერგამენტს კარაქი. 100გრ. შოკოლადი დავადნოთ წყლის აბაზანაზე წყალთან ერთად და გავაგრილოთ. კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ კარგად შაქრის დადნობამდე, თანდათან, ისე რომ მიქსერი არ გამოვრთოთ, დავამატოთ კვერცხები, შემდეგ გაცრილი ფქვილი და დამდნარი შოკოლადი. მიღებული მასა გადავიტანოთ წინასწარ მომზადებულ ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში დაახ. 1 საათი. შემდეგ გამოვრთოთ ღუმელი და ბისკვიტი დავტოვოთ შიგ 10 წუთით. გამოვიღოთ, დავდოთ ღუმელის გისოსზე და გავაგრილოთ. 200გრ. შავი შოკოლადი დავადნოთ ისევ წყლის აბაზანაზე და დავამატოთ ნაღები. გაგრილებული ბისკვიტი გავჭრათ შუაზე 2 ფენად, ერთს წავუსვათ გარგარის ჯემი და ზემოდან დავაფაროთ მეორე ფენა. დავდოთ ისევ გისოსზე და დავიწყოთ შოკოლადის წასმა, გვერდებზე. დარჩენილი შოკოლადი ისევ გავათბოთ წყლის აბაზანაზე და ნამცხვარს თავზეც გადავუსვათ. მზა ტორტი, საკონდიტრო ტომრის მეშვეობით შეგვიძლია ზემოდან გავაფორმოთ შოკოლადის საფირმო წარწერით: Sacher

ტორტი ქალის თითები

მასალა ცომისათვის: 6 კვერცხი, 1,5 ჭიქა წყალი, 1,5 ჭიქა ფქვილი, 150 გრ. კარაქი.
მასალა კრემისათვის:
2 ჭიქა ცივი არაჟანი, 1 ჭიქა შაქარი, 50 გრ. შოკოლადი (გახეხილი, ან დამდნარი).
მომზადება: წყალი ავადუღოთ, ჩავუშვათ შიგ კარაქი და დავადნოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თან ვურიოთ, ჩავყაროთ ფქვილი. კარგად ავურიოთ და გავაციოთ. გაგრილებულ ცომში ჩავახალოთ თითო-თითოდ კვერცხები, ვურიოთ ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. საკონდიტრო ტომრით ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ ცომი 3-5 სმ. სიგრძის თითების მსგავსად. გამოვაცხოთ 15 წუთი 200-220 გრადუსზე. კრემისათვის არაჟანი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, ვიდრე შაქარი არ დადნება. ჩავალბოთ მასში გამომცხვარი თითები და დავალაგოთ ჩვენი სურვილის მიხედვით. თავზე მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი.
რჩევა:შეგვიძლია თითები დავალაგოთ ფენა-ფენა, თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი და ბოლოს მოვასხათ დამდნარი შოკოლადი.

ორცხობილა სოკოები

მასალა: 500გრ. ხორბლის ფქვილი, 1/2 ჭიქა შაქარი, 1კვერცხი, 200გრ. კარაქი, 200გრ. არაჟანი, 1/2 ჩ.კ. სოდა. სიროფისათვის: 4ს.კ. შაქარი, 1ჩ.კ. კაკაო, 2ს.კ. ყაყაჩოს თესლი. მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან ერთად, დავამატოთ კარაქი, არაჟანი, მარილი, სოდა და ავურიოთ კარგად. თანდათან ჩავყაროთ ფქვილი. მოვზილოთ ცომი და გავყოთ 2 ნაწილად. ერთი ნაწილი დავჭრათ წრეებად და თითოეულისგან გამოვძერწოთ სოკოს ,,ქუდი". ცომის დარჩენილ ნაწილს მივცეთ ძეხვის ფორმა, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ისე რომ სოკოს ,,ფეხებად" გამოდგეს, ყველაფერი დავდოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ. სიროფისათვის შაქარი ავურიოთ 1 ჭიქა წყალთან ერთად, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ შესქელებამდე. გამომცხვარ ,,ქუდში", შიდა მხრიდან გავაკეთოთ პატარა ორმო, სოკოს ,,ფეხი" დავასველოთ სიროფში და ჩავარჭოთ ,,ქუდში". გამზადებული ,,სოკო" ამოვაბრუნოთ, ფეხის ქვედა ნაწილი დავასველოთ სიროფში და შემდეგ ჩავყოთ ყაყაჩოს თესლში. დარჩენილ სიროფში დავამატოთ კაკაო და მივიყვანოთ ადუღებამდე. მიღებულ სიროფში ამოვავლოთ სოკოს ,,ქუდები" და გავაშროთ.

გერკულესის ტრიუფელები

მასალა: 1 კოლოფი გერკულესი, (სასურველია წვრილი ფანტელებით), 1 კოლოფი სამარხვო მარგარინი ,,დაჩა" (ან ნებისმიერი სხვა), 2 ჩ.ჭ. შაქარი, 1პაკეტი კაკაო, ვანილი, 2 ს.კ. ხსნადი ყავა, ქოქოსის ფანტელი დაახ. 3-4 პაკეტი (ტრიუფელების ამოსავლებად).
მომზადება: მარგარინი დავადნოთ ქვაბში, დავამატოთ შაქარი, კაკაო და ყავა. ყველაფერი კარგად რომ გადნება, ჩავყაროთ გერკულესი, კარგად მოვურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან. როგორც კი ოდნავ შეგრილდება, მასა ხელით დავამრგვალოთ კაკლისოდენა ბურთულებად და მაშინვე გავაგოროთ ქოქოსის ფანტელში, ისე რომ ბურთულები მთლიანად დაიფაროს. გაციებისას გერკულესის მასა მაგრდება, ამიტომ ვეცადოთ სწრაფად ვიმუშაოთ.

ორცხობილა ღილები

მასალა: 200გრ. სამარხვო მაიონეზი, 200გრ. მარგარინი, 1 ჭიქა შაქარი, 4 ჭიქა ფქვილი, კაკაო 1 პატარა პაკეტი, მწიკვი მარილი და სოდა.
მომზადება: გამდნარ მარგარინს დავამატოთ შაქარი, მაიონეზი, ავურიოთ, დავაყაროთ მარილი და სოდა. ბოლოს ჩავყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავყოთ ცომი 2 ნაწილად და ერთ ნაწილს დავამატოთ კაკაო. ორივე ცომი გავაბრტყელოთ დაახ. 1 სმ. სისქეზე და ჭიქით ამოვჭრათ წრეები. თითოეულ წრეში გავაკეთოთ 2 ან 4 ნახვრეტი. დარჩენილი ცომისგან გამოვძერწოთ ,,ძაფები" : თეთრი ღილებისთვის ყავისფერი ,,ძაფი" და ყავისფერისთვის - თეთრი. მოვათავსოთ ,,ღილები" ცხიმწასმულ პერგამენტზე თუნუქის ფურცელზე და გამოვაცხოთ ღუმელში 20-30 წუთი 180 გრადუსზე, ისე რომ თეთრი ,,ღილები" არ დაგვეწვას და ფერი არ შეიცვალოს ზედმეტად.

დარიჩინიანი ვაშლები ფენოვან ცომში

მასალა: 1 შეკვრა ფენოვანი ცომი, 8ც. საშუალო ზომის ვაშლი, 1 ჭიქა, რაც შეიძლება წვრილად დაჭრილი, მოხალული ნიგოზი, 2 ს.კ. დარიჩინი, 8ს.კ.შაქარი, შაქრის პუდრი მოსაყრელად, პიტნის ფოთლები გასაფორმებლად.
მომზადება: ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და გამოვჭრათ 8 კვადრატი. ვაშლები გავრეცხოთ და ყუნწის მხრიდან ამოვაცალოთ გული. თუ ასე გაგვიჭირდება, მაშინ ვაშლი შუაზე გავჭრათ და ისე ამოვაცალოთ გული. წვრილად დაჭრილი ნიგოზი, შაქარი და დარიჩინი ერთდ ავურიოთ და მიღებული მასით ამოვავსოთ ვაშლის გულები. გაზადებული ვაშლები მოვათავსოთ ცომზე, გვერდები ამოვუწიოთ და თავზე კონვერტივით შევკრათ. დავალგოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე ერთმანეთის დაშორებით და გამოვაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე დაახ. 20-25 წუთი, ვიდრე არ დაიბრაწება. მზა ვაშლები მოვათავსოთ თეფშზე, მოვაყაროთ შაქრის პუდრი და გავაფორმოთ პიტნის ფოთლებით

შუ და ეკლერი


მასალა ცომისათვის: 100გრ. კარაქი ან მარგარინი, 1,5 ჭიქა, წყალი, 1 ჩ.ჭ. ფქვილი, მწიკვი მარილი, 5 კვერცხი, 1 სუფრისკოვზი არაყი.
მასალა კრემისათვის: 0,5 ლიტრი რძე, 1 ჩ.ჭ. შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი, კარაქი 200გრ. ვანილი 1 პაკეტი.
მასალა მინანქრისთვის (ეკლერი): 1,5 ს.კ. კარაქი, 1,5. ს.კ კაკაო, 2 ს.კ. არაჟანი, 2,5 ს.კ. შაქარი. ან უბრალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ 1 ფილა შავი შოკოლადი, დამდნარი წყლის აბაზანაზე.
მასალა მოსაყრელად (შუ): 0,5 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი.
ცომის მომზადება: წყალი ავადუღოთ, დავუმატოთ მარგარინი და მარილი. როცა მარგარინი გადნება ჩავყაროთ ფქვილი და სწრაფად ვურიოთ, ვიდრე ცომი არ შეიკვრება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. გაციებულ ცომს სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხები და ბოლოს დავუმატოთ არაყი. ჩავრთოთ გაზქურა საშუალო ცეცხლზე, თუნუქის ფურცელს წავუსვათ ცხიმი და საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ცომი მასზე. ეკლერის შემთხვევაში მოგრძო, ხოლო შუს შემთხვევაში მრგვალი ფორმა მივცეთ. შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ. როდესაც ნამცხვარი კარგად გაფუვდება და მოყვითალო ფერს მიიღებს, თითქმის მზადაა, ამის შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და გავაჩეროთ კიდევ 10 წუთი, ბოლოს გამოვრთოთ გაზქურა და ეკლერები დავტოვოთ შიგ. ასე უფრო კარგად გამოშრება ნამცხვრის გული.
კრემის მომზადება: ფქვილი და შაქარი კარგად ავურიოთ ერთად, ისე რომ ბურთულები არ დარჩეს და დავასხათ თბილი რძე. მოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ გამუდმებით. როდესაც კრემი გასქელდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი, გადმოვდგათ და გავაციოთ. გაციებულ კრემს დავამატოთ კარაქი და ვანილი. მიქსერით ავთქვიფოთ კარგად. გაციებული კრემით ამოვავსოთ შუ და ეკლერი, ამისათვის ნამცხვარს ფრთხილად გავუჭრათ გვერდი და ჩაის კოვზით ჩავდოთ გულში კრემი.
მინანქრის მომზადება: ჯამში დავადნოთ კარაქი, შემდეგ ჩავყაროთ კაკაო, შაქარი და ბოლოს არაჟანი. კარგად მოვურიოთ. ოდნავ რომ წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თან ვურიოთ ვიდრე მინანქრის მასა მთლიანად ერთგვაროვანი არ გახდება. გავაგრილოთ მინანქარი და კრემით ამოვსებულ ეკლერს გადავუსვათ ზემოდან.
შუს შემთხვევაში, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

ჩიტის რძე


მასალა ცომისათვის: 3ც. კვერცხის გული, ფქვილი 3/4 ჭიქა, შაქარი 1/2 ჭიქა, კარაქი 100გრ. დარბილებული, სოდა 1/3 ჩ.კ.
მასალა სუფლესათვის: 3ც. კვერცხის ცილა, შაქარი 1 ჭიქა, 1 სავსე სუფრის კოვზი ჟელატინი.
მასალა კაკაოს მინანქრისათვის: 3ს.კ. კარაქი, 3 ს.კ. კაკაო, 4 ს.კ. არაჟანი, 5 ს.კ. შაქარი.

ცომის მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხის გულები დარბილებულ კარაქთან ერთად, დავამატოთ შაქარი და ძმარში გახსნილი სოდა. ნელნელა შევურიოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. გადავიტანოთ ცომი ყალიბში, რომელშიც ჩფენილი იქნება ცხიმწასმული ქაღალდი. შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე. გამოვიღოთ და გავაგრილოთ.
სუფლეს მომზადება: ჟელატინს დავასხათ 1/4 ჭიქა წყალი და გავაჩეროთ 30-40 წუთი, ვიდრე გაფუვდება. გაფუებული ჟელატინი წყლის ან ორთქლის აბაზანაზე დავადნოთ ბოლომდე და გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად, უკეთესი იქნება თუ ამისათვის, კვერცხის ცილასაც და ჯამსაც მანამდე გავაციებთ. ძალიან ფრთხილად შევურიოთ ცილას შაქარი, თან გაუჩერებლად ვურიოთ. მიღებულ სუფლეში დავამატოთ ჟელატინი.
კაკაოს მინანქრის მომზადება: კარაქი დავადნოთ ნელ ცეცხლზე, შევურიოთ კაკაო და შაქარი, ისევ ავურიოთ და ბოლოს დავამატოთ არაჟანი. მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

გაციებულ ბისკვიტზე წავუსვათ თხელ ფენად სუფლე და ცოტა ხანი გავაჩეროთ ასე. ცოტა ხნის მერე გადავუსვათ დარჩენილი სუფლეც და გავასწოროთ თანაბრად. ტორტი კარგად გავაციოთ, ბოლოს მოვასხათ მინანქარი.

სურვილისამებრ შეგვიძლია ბისკვიტის ცომი ორად გავყოთ, გამოვაცხოთ 2 ფენა და სუფლე მოვაქციოთ შუაში. ამისათვის ჯერ ერთ ფენაზე გადავუსვათ მთლიანი სუფლე და შევდოთ მაცივარში, ვიდრე სუფლე არ გამაგრდება. ამის შემდეგ დავადოთ ზემოდან მეორე ფენა და მოვასხათ მინანქარი.
Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !