ჩიტის რძე


მასალა ცომისათვის: 3ც. კვერცხის გული, ფქვილი 3/4 ჭიქა, შაქარი 1/2 ჭიქა, კარაქი 100გრ. დარბილებული, სოდა 1/3 ჩ.კ.
მასალა სუფლესათვის: 3ც. კვერცხის ცილა, შაქარი 1 ჭიქა, 1 სავსე სუფრის კოვზი ჟელატინი.
მასალა კაკაოს მინანქრისათვის: 3ს.კ. კარაქი, 3 ს.კ. კაკაო, 4 ს.კ. არაჟანი, 5 ს.კ. შაქარი.

ცომის მომზადება: ავთქვიფოთ კვერცხის გულები დარბილებულ კარაქთან ერთად, დავამატოთ შაქარი და ძმარში გახსნილი სოდა. ნელნელა შევურიოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ. გადავიტანოთ ცომი ყალიბში, რომელშიც ჩფენილი იქნება ცხიმწასმული ქაღალდი. შევდგათ ღუმელში და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე. გამოვიღოთ და გავაგრილოთ.
სუფლეს მომზადება: ჟელატინს დავასხათ 1/4 ჭიქა წყალი და გავაჩეროთ 30-40 წუთი, ვიდრე გაფუვდება. გაფუებული ჟელატინი წყლის ან ორთქლის აბაზანაზე დავადნოთ ბოლომდე და გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე. კვერცხის ცილა ავთქვიფოთ კარგად, უკეთესი იქნება თუ ამისათვის, კვერცხის ცილასაც და ჯამსაც მანამდე გავაციებთ. ძალიან ფრთხილად შევურიოთ ცილას შაქარი, თან გაუჩერებლად ვურიოთ. მიღებულ სუფლეში დავამატოთ ჟელატინი.
კაკაოს მინანქრის მომზადება: კარაქი დავადნოთ ნელ ცეცხლზე, შევურიოთ კაკაო და შაქარი, ისევ ავურიოთ და ბოლოს დავამატოთ არაჟანი. მივიყვანოთ ადუღებამდე, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

გაციებულ ბისკვიტზე წავუსვათ თხელ ფენად სუფლე და ცოტა ხანი გავაჩეროთ ასე. ცოტა ხნის მერე გადავუსვათ დარჩენილი სუფლეც და გავასწოროთ თანაბრად. ტორტი კარგად გავაციოთ, ბოლოს მოვასხათ მინანქარი.

სურვილისამებრ შეგვიძლია ბისკვიტის ცომი ორად გავყოთ, გამოვაცხოთ 2 ფენა და სუფლე მოვაქციოთ შუაში. ამისათვის ჯერ ერთ ფენაზე გადავუსვათ მთლიანი სუფლე და შევდოთ მაცივარში, ვიდრე სუფლე არ გამაგრდება. ამის შემდეგ დავადოთ ზემოდან მეორე ფენა და მოვასხათ მინანქარი.

1 comment:

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !