ნუგა შოკოლადში

მასალა 40-45 კანფეტისათვის: 130გრ. თაფლი, 400გრ. შაქარი, 2 კვერცხის ცილა, 300გრ. მოხალული ნუში (უმჯობესია კანგაცლილი), 250გრ. შოკოლადი, ვანილი.
მომზადება: შაქარი და თაფლი მოვათავსოთ ღრმა ჯამში და ჩავასხათ 50მლ. წყალი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვხარშოთ დაახ. 10 წუთი. შემდეგ სიროფი უნდა შევამოწმოთ, ნამდვილად მზად არის თუ არა. ამისათვის ცოტაოდენი სიროფი ჩავაწვეთოთ ცივ წყალში. სიროფის წვეთი უნდა შეიკრას, მაგრამ ოდნავ რბილი უნდა დარჩეს. სანამ სიროფი იხარშება შეგვიძლია ავთქვიფოთ კვერცხის ცილები ბეზეს კონსისტენციამდე და შემდეგ მასში ნელნელა ჩავასხათ თაფლიანი სიროფი, ისე რომ არ შევაჩეროთ მორევა. ვთქვიფოთ დიდხანს, ვიდრე მასა არ გასქელდება და გამკვრივდება (კარგად ათქვეფილი მასა მიქსერის ჯოხებზე უნდა ეკრობოდეს). უკვე გამზადებულ მასაში ჩავყაროთ ნუში, ვანილი და კიდევ ერთხელ კარგად ავუროით. თუნუქის ფურცელზე ან დაბალ ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი, ან ფოლგა, ან კარგად წავუსვათ მცენარეული ზეთი და მასში გადავიტანოთ ნუგა, ზემოდან კარგად გადავასწოროთ. შევდგათ მაცივარში მინიმუმ 1 საათით. გამაგრებული ნუგა დავჭრათ სასურველი ფორმისა და ზომის ნაჭრებად და ამოვავლოთ წყლის აბაზანაზე დამდნარ შოკოლადში, დავალაგოთ პერგამენტიან ლანგარზე ან სხვა ჭურჭელზე და მოვათავსოთ ისევ მაცივარში ნახევარი საათით.
რჩევა: თუ არ გვაქვს ნუში, გამოდგება მიწის თხილიც. ნუგა შეგვიძლია გადავანაწილოთ ყინულისათვის განკუთვნილ სილიკონის ფორმებში და ისე მოვათავსოთ მაცივარში. შემდეგ ამოვიღოთ, ამოვავლოთ შოკოლადში და გადავიტანოთ პერგამენტიან ლანგარზე. ასე აღარ მოგვიწევს მისი დაჭრა.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !