სალათა ცისარტყელა

მასალა: 400გრ. თეთრი კომბოსტო, 250გრ. პომიდორი ჩერი, 200გრ. კონსერვირებული სოკო, 2ც. დიდი სტაფილო, 0,25 ჩ.კ. დაფქვილი ჯანჯაფილი, 0,25 ჭიქა ვაშლის ძმარი, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 0,25 ჭიქა ვაშლის წვენი, 1ც. ყვითელი ბულგარული წიწაკა, 2ს.კ. მარილი, ქინძი, 1ს.კ. შაქარი,  0,25 ჩ.კ. სურნელოვანი პილპილი, 0,25 ჩ.კ. შავი პილპილი, 1თავი წითელი ხახვი.
მომზადება:  კომბოსტო, სტაფილო და ბულგარული წიწაკა დავჭრათ ჩხირებად, ხახვი კი ნახევარწრეებად. მოვათავსოთ საწურზე და მოვაყაროთ მარილი. დავტოვოთ ასე 1 საათი, შემდეგ გავწუროთ და გავაშროთ. გადავიტანოთ ჯამში, დავამატოთ მეოთხედებად დაჭრილი სოკო და პომიდვრები, ასევე წვრილად დაჭრილი ქინძი. ცალკე პატარა ჯამში ერთად ავურიოთ ძმარი, ვაშლის წვენი, შაქარი და სანელებლები. მიღებული მარინადი მოვასხათ ბოსტნეულს, ავურიოთ კარგად, შემდეგ ჯამს გადავაკრათ ცელოფანი და გავაჩეროთ მაცივარში 10-15 წუთი.

სალათა მონადირული

მასალა: 200გრ. კიტრის მწნილი თავისივე წვენთან ერთად, 1 თავი ხახვი, 400გრ. თეთრი კომბოსტო, 1ც. წითელი ბულგარული წიწაკა, 1ც. სტაფილო, 2 კბილი ნიორი, 1 პატარა კონა კამა, მარილი, პილპილი, შაქარი გემოვნებით.
მომზადება: ხახვი, წიწაკა და კომბოსტო დავჭრათ ჩხირებივით, მჟავე კიტრი - წრეებად, ნიორი და კამა დავაქუცმაცოთ.  დაჭრილ კომბოსტოს მოვაყაროთ მარილი, ავურიოთ კარგად და ოდნავ გავწუროთ. ყველა პროდუქტი, კამის გარდა, მოვათავსოთ დიდ ჯამში. კიტრის მწნილის წვენი ჩავასხათ ღრმა ჯამში და მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავყაროთ მარილი, შაქარი და პილპილი გემოვნებით. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ კამა. ასე მომზადებული ცხელი მარინადი დავასხათ დაჭრილ ბოსტნეულს. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე, შემდეგ დავაფაროთ თავზე და 1 დღით მოვათავსოთ მაცივარში.

წითელი კომბოსტოს სალათა მსხლით, ქიშმიშით და დარიჩინით

მასალა: 1 თავი ხახვი, 2ც. დიდი, მაგარი მსხალი, 2ს.კ. თეთრი ქიშმიში, 1ს.კ. მცენარეული ზეთი, 0,5 ჩ.კ დარიჩინი, 500გრ. წითელი კომბოსტო, 2ჩ.კ. შაქარი,  1ს.კ. კონიაკი ან ბრენდი, 2ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 1ს.კ.  წვრილად დაქუცმაცებული  ჯანჯაფილი (კოჭა), მარილი გემოვნებით.
მომზადება:  კომბოსტო დავჭრათ მსხვილად, ხახვი კი ნახევარწრეებად.  დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი კომბოსტო და ხახვი და ვშუშოთ 5 წუთი. შემდეგ ჩავასხათ ძმარი, ჩავყაროთ ქიშმიში და ჯანჯაფილი, მოვაყაროთ მარილი.  ავურიოთ ყველაფერი კარგად, წამოვადუღოთ, შემდეგ გამოვრთოთ, დავახუროთ თავზე და დავტოვოთ ასე.  მსხალი დავჭრათ სიგრძეზე, ჩავალაგოთ გამოსაცხობ ფორმაში, მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი და მოვაპკუროთ კონიაკი. მოვათავსოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5 წუთით.  კომბოსტო დავალაგოთ თეფშზე, ზემოდან დავადოთ მსხლის ნაჭრები და მოვასხათ თაფაში დარჩენილი წვენი.

თბილი სალათი მზესუმზირით

მასალა: 2ც. საშუალო ზომის ბადრიჯანი,  1 პატარა თავი ბროკოლი, 50გრ. ბულგური, 2ს.კ. წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, 2ჩ.კ. ძირა, 1ც. წითელი წიწაკა ჩილი, 1ც. ლიმონი, 200გრ. ნუტი (თურქული ბარდა), 4ს.კ. ზეითუნის ზეთი,  6 ს.კ. წვრილად დაჭრილი ოხრახუში ან ქინძი, 3ც. პომიდორი, 50გრ. მზესუმზირის გაფცქვნილი მარცვალი, 150 მლ. არაჟანი 2ს.კ. სოიოს სოუსი, 3 კბილი ნიორი.
მომზადება: ბადრიჯანი გავასუფთავოთ და დავჭრათ. თუნუქის ფურცელს მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი და მასზე დავალაგოთ ბადრიჯნის ნაჭრები, რომლებსაც ასევე უნდა გადავუსვათ ზეითუნის ზეთი. გავაცხელოთ ღუმელი 200 გრადუსზე და გავაჩეროთ შიგ ბადრიჯნები 10 წუთით.  ამასობაში, მდუღარე წყალში 4 წუთის მანძილზე მოვხარშოთ ბროკოლი. მოვამზადოთ ბულგური: დავყაროთ ბულგური ცხელ ტაფაზე და მოვხალოთ 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე, ისე რომ ტაფა მუდმივად ვამოძრავოთ, რომ არ დაგვეწვას ბულგური. შემდეგ ტაფაშივე დავამატოთ 125 მლ. წყალი, დავახუროთ თავზე და გამოვრთოთ ცეცხლი. გავაჩეროთ ასე 15 წუთი და ბოლოს ავურიოთ ჩანგლით.  სქელძირიან ტაფაში მოვხალოთ მზესუმზირა, ვურიოთ გამუდმებით ვიდრე არ გაყავისფრდება, შემდეგ მოვასხათ სოიოს სოუსი და გამოვრთოთ.  დიდ ტაფაში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და მასში შევწვათ ნუტი 5 წუთის განმავლობაში. ყურადღებით იყავით, რადგან თუ ტაფა ძალიან გაცხელდება, ნუტი შეიძლება ბატიბუტივით გასკდეს, მაგრამ არ შეგეშინდეთ, უბრალოდ, დაუწიეთ ცეცხლს. დაუმატეთ ნიორი, ძირა, წიწაკა ჩილი, აურიეთ და კიდევ 2 წუთი გააჩერეთ ცეცხლზე.  ყველა გამზადებული ინგრედიენტი, ხახვი და მწვანილი გააერთიანეთ ერთ დიდ ჯამში. ცალკე ჭურჭელში აურიეთ არაჟანი და ლიმნის წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. საჭიროების შემთხვევაში დაუმატეთ წყალი.  მოასხით სალათს ეს სოუსი და თბილივე მიიტანეთ სუფრასთან.

ყველი მასკარპონე

მასალა: 2 ჭ. სქელი, ცხიმიანი ნაღები (მაღალ პროცენტიანი), 2 ჭ. დაბალი ცხიმიანობის მქონე ნაღები, 2 ს.კ. ლიმნის წვენი.
მომზადება: მასკარპონეს მოსამზადებლად დაგვჭირდება სქელძირიანი ქვაბი, რომ არ მიგვეწვას ნაღები.  ჩავასხათ ორივენაირი ნაღები ქვაბში და დავაგდგათ დაბალ ცეცხლზე, შეიძლება წყლის აბაზანაზეც. მივიყვანოთ 80 გრადუს ტემპერატურამდე (ამისათვის საჭიროა წყლის თერმომეტრი) და დავამატოთ ლიმნის წვენი (ლიმნის ჩამატება აუცილებელია ზუსტად ამ ტემპერატურაზე). დავიწყოთ მორევა გაუჩერებლად, ეს ხელს შეუწყობს ნაღების გასქელებას. გავაჩეროთ ასეთ ტემპერატურაზე კიდევ 10 წუთი, ისე რომ არ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. იმისათვის რომ მივხვდეთ საჭირო კონსისტენციის მასა გამოგვივიდა თუ არა, ჩავყოთ შიგ ხის კოვზი, შემდეგ ამოვიღოთ და ზედ გადავუსვათ თითი, თუ წარმოიქმნა გამოკვეთილი, სწორი ზოლი, ესეიგი მასა მზადაა. მოვათავსოთ გაგრილებული ყველის მასა მაცივარში 24 საათით. მომდევნო დღეს, გავამზადოთ წვრილ ბადიანი საწური, ზედ დავაფინოთ 2 ფენა მარლა და გადავიტანოთ მასკარპონე, ზედმეტი სითხისგან რომ დაიწუროს. საწურიანად ყველი მოვათავსოთ ისევ მაცივარში 24 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ ყველი მზადაა.

ბლომანჟე

მასალა: 2 ს.კ. ჟელატინი, 1 ჩ.ჭ. ანადუღარი ცივი წყალი, 400გრ. არაჟანი, 2ც. კვერცხის გული და 1ც.კვერცხის ცილა, 1 ჩ.ჭ. შაქარი, ვანილი, 1ც. ლიმნის ცედრა, 2 ჩ.კ. კონიაკი. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაამატოთ - 1ჩ.ჭ ნიგოზი, ქიშმიში,რომელიმე ხილი, ან შოკოლადი.
მომზადება: ჯელატინს დავასხათ ანადუღარი ცივი წყალი და გავაჩეროთ 40-45 წუთი, რომ გაფუვდეს. შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე, ისე რომ ჯელატინი მთლიანად დადნეს. ამასობაში (სანამ ჟელატინი ფუვდება), კვერცხისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 400გრ. არაჟანი, ვანილი, ლიმნის ცედრა და კონიაკი. კარგად ავთქვიფოთ ყველაფერი ერთად, შაქარი უნდა დადნეს ბოლომდე. ამის შემდეგ დავამატოთ ნიგოზი, ხილი ან შოკოლადი, ასევე უკვე დამდნარი ჯელატინი, კიდევ ერთხელ ავურიოთ, ჩავასხათ ჭიქებში ან ყალიბში და შევდგათ მაცივარში. სუფრასთან მიტანამდე შეგვიძლია გავაფორმოთ დაჭრილი ნიგვზით, გახეხილი შოკოლადით, დაჭრილი ხილით ან პიტნის ფოთლებით.
რჩევა: ბლომანჟე შეგვიძლია გავაკეთოთ ყოველგვარი დანამატის გარეშეც. ამ შემთხვევაში ის იქნება უბრალოდ თეთრი ფერის, მაგრამ თუ ბლომანჟეს უკვე მომზადებულ მასას გავყოფთ სამ ნაწილად, მაშინ შეგვიძლია ერთ ნაწილს დავამატოთ კაკაო ან დამდნარი შოკოლადი და ერთ ფენას კი რომელიმე ხილის წვენი ან საკვები საღებავი. თითოეული ფერი ჭიქაში უნდა ჩაისხას თანმიმდევრობით: ჯერ ერთი ფერი, შემდეგ შევდგათ მაცივარში, დაველოდოთ ვიდრე მასა გამაგრდება, შემდეგ დავასხათ მეორე ფენა, ისევ გავაციოთ და როდესაც ეს ფენაც გამაგრდება დავასხათ ბოლო ფენა, ზემოდან გავაფორმოთ და ისევ მოვათავსოთ მაცივარში.

შოკმანჟე

მასალა: 4ც. კვერცხის ცილა, 150გრ. კარაქი, 100გრ. შავი შოკოლადი, 200გრ. წვრილად დაჭრილი ნიგოზი, 1ჭ. შაქრის პუდრა, ვანილი.
მომზადება: კარაქი და შოკოლადი გავადნოთ ჯამში, წყლის აბაზანაზე და შემდეგ გადავდოთ გასაგრილებლად. კვერცხის ცილები გავთქვიფოთ გათეთრებამდე, დავამატოთ შაქრის პუდრა, ვანილი და ისევ კარგად ავთქვიფოთ. ამის შემდეგ დავამატოთ შოკოლადისა და კარაქის მასა. ვთქვიფოთ ვიდრე მასა მთლიანად არ გაყავისფრდება, დავამატოთ ნოგოზი და გადავიტანოთ შუშის ჭიქებში. შევდგათ საყინულეში  და გავაციოთ. ზემოდან მოვაყაროთ ნიგოზი, ან დაჭრილი თხილი, მიწის თხილი, შეგვიძლია დავახეხოთ შოკოლადი, ან დავაყაროთ ქოქოსი. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ზემოდან მოვასხათ მინანქარიც.

სალათი ბულგარული წიწაკით

მასალა: 1/4 ჭიქა ძმარი, 1/4 ჭიქა ცივი წყალი, 1ს.კ. მარილი, 2ჩ.კ. შაქარი, ნახევარი თავი ხახვი (წითელი ხახვი), 3ც. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 1ც. კიტრი, 100გრ. ყველი ,,ფეტა", 0.5 ჩ.ჭ. ზეთისხილი, 1/4 ჩ.ჭ. ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება: ერთმანეთში ავურიოთ ძმარი, წყალი, მარილი და შაქარი, ვურიოთ ვიდრე მარილი და შაქარი ბოლომდე არ დადნება. შემდეგ ჩავყაროთ შიგ კუბებად დაჭრილი წითელი ხახვი და დავტოვოთ ასე ცოტა ხნით. ამასობაში წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ პატარა კუბებად. დიდ ჯამში მოვათავსოთ ერთ ზომაზე დაჭრილი წიწაკა, კიტრი, ზეთისხილი და ყველი. ამის შემდეგ მარინადში მოთავსებული ხახვი ამოვიღოთ ბადით და დავამატოთ დაჭრილ ბოსტნეულს და ყველს. 1/4 ჭ. მარინადი, რომელშიც მანამდე იყო ხახვი, ჩავასხათ სალათში და ზემოდან მოვასხათ ზეითუნის ზეთი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი.  ყველაფერი კიდევ ერთხელ ავურიოთ კარგად (ვეცადოთ რომ კოვზის გარეშე ავურიოთ, თვითონ ჯამი შევატოკოთ რამოდენიმეჯერ ისე რომ ბოსტნეული ერთმანეთში აირიოს) და მოვათავსოთ სალათი მაცივარში რამოდენიმე საათით, არომატი კარგად რომ გაუჯდეს (სასურველია ჯამს თავზე გადავაკრათ ცელოფანი, მაცივარში ძმრის სუნი რომ არ დადგეს).

ხორცი ნუშით

მასალა: 500გრ. ძროხის, ღორის ან ცხვრის ხორცის რბილობი, 100გრ. ნუში, 1ც. მოხარშული კვერცხის გული, 2 ჭ. რძე, 2ს.კ. მცენარეული ზეთი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ხორცი ჩავჭრათ შუაში (სისქეზე) და გადავშალოთ ისე, რომ დაემსგავსოს წიგნს (ანუ სქელი ნაჭერი ჩავჭრათ გვერდიდან ისე რომ ბოლომდე არ გაიჭრას და გადავშალოთ), მოვაყაროთ პილპილი და დავამარილოთ. ნუში მოვხალოთ მშრალ ტაფაზე, შემდეგ დავაყაროთ ზედ კვერცხის გული და ავსრისოთ ერთად. თანდათან დავამატოთ იმდენი რძე რომ მივიღოთ პასტის მაგვარი მასა. მიღებული მასა თანაბრად მოვათავსოთ ხორცზე (გადაშლილ ხორცზე), შემდეგ გადავახვიოთ რულეტივით და შევკრათ კულინარიული ძაფით. კვლავ მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევწვათ ზეთში ან გრილზე ვიდრე არ მიიღებს სასიამოვნო ოქროსფერს (უნდა დაიბრაწოს). ამის შემდეგ ხორცი მოვათავსოთ ღრმა ფორმაში, ჩავასხათ შიგ ცხელი რძე, შევდგათ ღუმელში და გავაჩეროთ ვიდრე ხორცი არ მომზადდება.  მზა ხორცს მოვაცალოთ ძაფი და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად, დავალაგოთ თეფშზე, მოვასხათ თავისივე სოუსი და სუფრასთან მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ერთად.

ღორის ხორცი ნუშის სოუსით

მასალა: 600გრ. ღორის ხორცი, 1ჩ.ჭ. ხორცის ბულიონი, 1 თავი ხახვი, 1ც. სტაფილო, 200გრ. ნუში, 4 ნაჭერი პური (უხეში, ხმელი), 4კბილი ნიორი, 100მლ. მცენარეული ზეთი, 200მლ. თეთრი, მშრალი ღვინო, 1კონა ოხრახუში, 1ც. დაფნის ფოთოლი, 1 ტოტი როზმარინი (ქონდარში არ აგერიოთ), 1ც. ცხარე წიწაკა (ჩილი), მარილი გემოვნებით, სალათის ფოთლები გასაფორმებლად. ფოლგა ხორცის გასახვევად.
მომზადება: ხორცს წავუსვათ მარილი და შევწვათ ცოტა ზეთში, ვიდრე არ მოიბრაწება. შემდეგ ჩავდოთ ხორცი ფოლგაში, ჩავასხათ ცოტაოდენი ბულიონი, ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო, წიწაკა ჩილი და როზმარინი. ფოლგას მჭიდროდ მოვუკრათ თავი და მოვათავსოთ ღუმელში.  სოუსისათვის პურის ნაჭრები, ნუში და ნიორი შევწვათ დარჩენილ ზეთში, გავაგრილოთ და დავაბლენდეროთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ავსრისოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, თან დავუმატოთ ღვინო. თუკი სითხე არასაკმარისი აღმოჩნდება, შეგვიძლია ისევ დავამატოთ ხორცის ბულიონი. ვურიოთ და მივიყვანოთ დუღილამდე. სუფრასთან მიტანამდე უკვე მზა ღორის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად და მოვასხათ სოუსი. გავაფორმოთ სალათის ფოთლებით

სალათი კარმენი

მასალა: 400გრ. ქათმის ფილე, 1 ჩ.ჭ. ბრინჯი, 4ც. დიდი ბულგარული წიწაკა (ნებისმიერი ფერის), 250გრ. მწვანე კონსერვირებული ბარდა, 20ც. უკურკო ზეთისხილი, 1/2 ჭ. ზეითუნის ზეთი, 1ს.კ. ძმარი (3%-იანი), 1ჩ.კ. მდოგვი, ოხრახუში მოსართავად, მარილი გემოვნებით.
მომზადება: ბრინჯი გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში.  წიწაკა გავრეცხოთ და შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით. შემდეგ გადავიტანოთ ჯამში, გადავაფაროთ ცელოფანი და ასე დავტოვოთ 10 წუთი. შემდეგ გავჭრათ შუაზე (სურვილის მიხედვით სიგრძეზე ან სიგანეზე), გავაცალოთ თესლები და კანი.  ქათმის ფილე მოვხარშოთ მარილიან წყალში, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავტოვოთ თავისივე ბულიონში, ვიდრე არ გაგრილდება. გაციებულ ფილეს მოვაცალოთ კანი და დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ზეთისხილი კი - წრეებად. საკმაზისათვის ერთმანეთში ავურიოთ ზეთი, მარილი, ძმარი და მდოგვი. ბრინჯი, ზეთისხილი, ბარდა და ხორცი ავურიოთ ერთად და მოვასხათ მანამდე გამზადებული საკმაზი. სუფრასთან მიტანამდე ეს სალათი მოვათავსოთ წიწაკებში და გავაფორმოთ ოხრახუშით.

სტაფილოსა და ანანასის კოქტეილი

მასალა: 1ც. სტაფილო, 60გრ. ანანასი, 200მლ. ანანასის წვენი, 3-4 კუბი ყინული.
მომზადება: ბლენდერში მოვათავსოთ ყინული, დავამატოთ წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ანანასი. ჩავასხათ 1/3 ანანასის წვენი და ყველაფერი ერთად დავაბლენდეროთ. შემდეგ ჩავასხათ დარჩენილი წვენიც, ისევ ავურიოთ და გადავიტანოთ პირდაპირ კოქტეილის ბოკალში.

ქათამი მსხლით და სეზამის მარცვლებით

მასალა: 3 ჩ.კ. ქათმის სანელებლები (მარილი, შავი პილპილი,დაფქვილი წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, ქონდარი, დაფქვილი დაფნის ფოთოლი, ნიორი), 70მლ. მშრალი თეთრი ღვინო, 1 კბილი  ნიორი, 1 კონა ისპანახი, 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3ც. ქათმის ფილე, 1ც. დიდი მსხალი, 6 ნაჭერი ჰოლანდიური ყველი ,,მაასდამი", 5-6 ს.კ. სეზამის მარცვლები, 1ც. ბულგარული წიწაკა, 4 ს.კ. ბროწეულის სოუსი (ნარშარაბი). 1 ს.კ. კარაქი - შესაწვავად, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი - ფორმაზე წასასმელად, სოუსისათვის 2ც. დიდი მანდარინი და სიმინდის კრახმალი 1ჩ.კ.
მომზადება: ქათმის ფილეები გავჭრათ სიგრძეზე, გამოგვივა 6 ნაჭერი, თითოეული დავბეგვოთ ორივე მხრიდან, ისე რომ 1 სმ. სისქის გახდეს. წავუსვათ ქათმის სანელებლები. მარინადის მოსამზადებლად ერთმანეთში ავურიოთ ჩანგლით ბროწეულის სოუსი, ზეითუნის ზეთი, ნიორი და გავაჩეროთ ასე 10 წუთი. შემდეგ ეს მარინადი გავყოთ 2 ნაწილად: ერთი ნაწილი წავუსვათ ქათმის დაბეგვილ ფილეებს და ჩავალაგოთ 40 წუთით თავდახურულ ჭურჭელში. ამის შემდეგ მოვამზადოთ გულსართი ქათმის რულეტებისათვის:  ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ სიგრძეზე 1,5 სანტიმეტრიან ზოლებად. ყველიც დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. მსხალი გავფცქვნათ და ისიც დავჭრათ სიგრძეზე 1სმ. სიგანის ზოლებად. ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში სწრაფად შევწვათ მსხლის ნაჭრები ყველა მხრიდან. შემდეგ ჩავასხათ შიგ ღვინო და გავაჩეროთ 5-7 წუთი დაბალ ცეცხლზე.  თითოეულ მომზადებულ ფილეზე დავალაგოთ ისპანახის 4-5ც.  ფოთოლი,  შუაში დავადოთ 1 ნაჭერი ყველი და მასზე ბულგარული წიწაკის და მსხლის ნაჭრები. ფილე გადავახვიოთ მჭიდროდ, რულეტივით, გადავუსვათ მარინადი, რომელიც მანამდე გადავინახეთ, და ბოლოს ამოვავლოთ სეზამის მარცვლებში. დავარჭოთ ზედ კბილის ჩხირი და დავალაგოთ ზეთწასმულ თუნუქის ფურცელზე. მოვათავსოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და ისევ 20 წუთი გავაჩეროთ. შიგადაშიგ მოვასხათ ხოლმე თავისივე გამოყოფილი ცხიმი. სრულ მომზადებამდე 10 წუთით ადრე ტემპერატურას ავუწიოთ რომ რულეტები მოიბრაწოს. თუ ღუმელს აქვს რეჟიმი გრილი ან ტურბო გრილი, მაშინ გადავიყვანოთ ამ რეჟიმზე. მზა, დაბრაწული რულეტები დავალაგოთ თეფშზე და ზემოდან დავაფაროთ.  მოვამზადოთ სოუსი რულეტების მიერ გამოყოფილი ცხიმით, დარჩენილი მარინადით და მანდარინის წვენით: ამისათვის ჩამოთვლილი ინგრედიენტები ვადუღოთ 5 წუთი და ბოლოს კრახმალის მეშვეობით შევასქელოთ. სუფრასთან მიტანამდე რულეტებს მოვასხათ ასე მომზადებული სოუსი.
რჩევა: თუ არ გვაქვს ყველი მაასდამი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი მაგარი ყველი.

ბროწეულის სოუსი

მასალა: 3კგ. ბროწეულის მარცვალი, 0,5 ჩ.კ. მარილი.
მომზადება: გარჩეული ბროწეულის მარცვლები ჩავყაროთ დიდ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ავიღოთ ხის დიდი კოვზი და ხის საჭყლეტი (პიურესთვის რასაც ვიყენებთ). დავიწყოთ მარცვლების ჭყლეტვა და თან მორევა, რომ არ მიიწვას. თანდათან დაიწყება წვენის გამოყოფა. ვჭყლიტოთ, ვიდრე ბროწეულის კურკები არ გათეთრდება. ამის შემდეგ მასა გადაგვაქვს საწურზე, რომელსაც ქვეშ უნდა შევუდგათ რაიმე ჯამი ან ქვაბი, რომ წვენი შიგ ჩავიდეს. საწურშიც ისევ ვაგრძელებთ მარცვლების ჭყლეტას და მორევას. შეგვიძლია ჩავიცვათ რეზინის ხელთათმანი და ეს ყველაფერი გავაკეთოთ ხელით. როცა უკვე წვენი მთლიანად გამოიწურება, გადავდებთ საწურს, ხოლო ჯამს (ან ქვაბს), რომელშიც ჩაიწურა წვენი ვდგავთ ისევ ცეცხლზე. ვაგრძელებთ მორევას გამუდმებით, როცა წამოდუღდება ისევ უნდა ვურიოთ, მანამ სანამ წვენი არ დაიწყებს გასქელებას, სითხე კი ნელნელა უნდა აორთქლდეს. იმისათვის რომ მივხვდეთ სოუსი მზად არის უკვე თუ არა, პატარა კოვზით ამოვიღოთ და თეფშზე გავაციოთ. მასა უნდა იყოს არაჟნის სისქის. ამის შემდეგ გამოვრთოთ და დავამატოთ მარილი. სოუსი უნდა გაცივდეს კარგად, შემდეგ გადავიტანოთ ქილებში და შევინახოთ მაცივარში.
ასეთი სოუსი ძალიან უხდება თევზს და ხორცეულს. 3კგ. მარცვლისგან დაახლოებით 1 კილო სოუსი გამოვა

ხაჭოს რულეტი სხვადასხვა ჩირით

მასალა: 200გრ. ხაჭო, 1 ს.კ. შაქრის პუდრა, 1 ს.კ. ქოქოსის ფანტელი, 3-4ც. გარგარის ჩირი, 3-4 ც. შავი ქლიავის ჩირი (შეგიძლიათ სხვა ჩირიც გამოიყენოთ), რამოდენიმე ნატეხი შოკოლადი.
მომზადება: ხაჭო ავურიოთ შაქრის პუდრასთან ერთად, ორივე სახის ჩირი დავჭრათ სიგრძეზე ჩხირებივით. საკვები პროდუქტებისათვის განკუთვნილ ცელოფანზე დავყაროთ ქოქოსის ფანტელი, ზედ მოვათავსოთ ხაჭო და გავანაწილოთ თანაბრად. ხაჭოზე დავალაგოთ ჯერ  ქლიავის და შემდეგ გარგარის ჩირი.  ცელოფანის დახმარებით ხაჭო მჭიდროდ გადავახვიოთ რულეტივით და 15 წუთით შევდოთ მაცივარში. მზა რულეტი დავჭრათ პორციებად, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ზემოდან მოვასხათ დამდნარი შოკოლადი.

აღმოსავლური ტკბილეული ჩაკ-ჩაკი

მასალა: 3ც. კვერცხი, 4ჩ.ჭ. ფქვილი, 1ს.კ. არაყი, მწიკვი მარილი, სოდა დანის წვერზე. 0,5 ჩ.ჭ. შაქარი, 50გრ. ქიშმიში, 50 გრ. თხილი ან ნიგოზი. (ასევე შეიძლება სხვადასხვა ჩირი). ზეთი ფრიტიურისთვის (შესაწვავად).
სიროფისათვის: 0,5ჩ.ჭ. შაქარი, 1 ჭიქა თაფლი.
მომზადება: კვერცხი ავთქვიფოთ მარილთან ერთად, ჩავამატოთ არაყი, შაქარი, და ავურიოთ. დავამატოთ ფქვილი და სოდა. მოვზილოთ მაგარი ცომი და გავაჩეროთ 20-30 წუთით. მზა ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ გრძელ ზოლებად. თითოეული ზოლი კი 3-4სმ. სიგანეზე დავჭრათ. ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ჩავასხათ ზეთი და გავაცხელოთ. მასში პორციებად ჩავუშვათ დაჭრილი ცომი და მოვბრაწოთ ვიდრე ოქროსფერი არ გახდება. ამოვიღოთ და დავყაროთ ქაღალდზე რომ ზედმეტი ზეთი შეაშრეს. ამის შემდეგ, თხილი დავჭრათ, ხოლო ქიშმიშს (ან სხვადასხვა ხილის ჩირს)  გადავავლოთ მდუღარე წყალი. ერთმანეთში ავურიოთ მობრაწული ცომის ნაჭრები, თხილი და ქიშმიში. მოვამზადოთ სიროფი: ღრმა ცეცხლგამძლე ჭურჭელში დავადნოთ თაფლი, ჩავყაროთ შიგ შაქარი და ვხარშოთ, თან გამუდმებით ვურიოთ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ დადნება. მოვასხათ ჩაკ-ჩაკს მომზადებული სიროფი და კარგად ავურიოთ სწრაფად. ვიდრე თაფლი ისევ თბილია, დესერტს მივცეთ სასურველი ფორმა და მოვათავსოთ ლამაზ ჭურჭელზე და დავაცადოთ ვიდრე არ გამაგრდება.

კომბოსტოთი ფარშირებული ბულგარული წიწაკა

მასალა: საშუალო ზომის 20ც. ბულგარული წიწაკა (სურვილის მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ სხვადასხვა ფერის), 2ც. სტაფილო, 1კგ, კომბოსტო, 1ც. ცხარე წიწაკა (თუ გინდათ რომ კერძი ცხარე იყოს), 1 კონა ოხრახუში, 1 კონა კამა.
მარინადისათვის: 0,5 ლიტრი მცენარეული ზეთი, 2 სუფრის კოვზი მარილი, 400მლ. ძმარი,პილპილის დაუფქვავი მარცვლები გემოვნებით.
მომზადება: კომბოსტო დავჭრათ წვრილად, სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ნიორი დავჭრათ, ან დავჭყლიტოთ. ცხარე წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და კუბებად დავჭრათ. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ. მარინადის მოსამზადებლად, ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ძმარი, მარილი, პილპილის მარცვლები, შემოვდგათ ცეცხლზე, გამუდმებით ვურიოთ და მივიყვანოთ ადუღებამდე. მზა მარინადში რიგრიგობით ჩავყაროთ ბოსტნეული (ამ პროცესს ბლანშირება ჰქვია): ჯერ მთელ-მთელი ბულგარული წიწაკა (ყუნწებიანად) ჩავყაროთ 5 წუთით და ამოვიღოთ. შემდეგ - დაჭრილი კომბოსტო, პორციებად - 5 წუთით და ბოლოს სტაფილო - 10 წუთით. მარინადიც და ბლანშირებული ბოსტნეულიც გავაგრილოთ. ამის შემდეგ მწვანილი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ წვრილად. ავურიოთ ერთმანეთში კომბოსტო, სტაფილო, ნიორი და მწვანილი. ბულგარულ წიწაკას გავუჭრათ გვერდი, ფრთხილად ამოვიღოთ თესლი და ამოვავსოთ ბოსტნეულის მასით. უკვე ფარშირებული წიწაკები ჩავაწყოთ ქვაბში, ზემოდან დავასხათ დარჩენილი მარინადი და დავდგათ გრილ ადგილას. 3-5 საათის შემდეგ წიწაკა უკვე მზად იქნება.
რჩევა: ასე მომზადებული წიწაკა, ზამთრისთვისაც შეგვიძლია შევინახოთ. ამისათვის წიწაკა უნდა მოვათავსოთ სტერილიზებულ ქილებში, დავასხათ ცხელი მარინადი და მოვხუფოთ.

ქათმის რულეტი ასორტი

მასალა: 3ც. ქათმის დიდი ბარკალი (ან 3 ც. ფილე), 1 ჩ.კ. აჯიკა, 2 კბილი ნიორი, 100გრ. შავი ქლიავი, 100გრ. შებოლილი საქონლის ხორცი, 1ც. კვერცხი, 1ც. პომიდორი (გასაფორმებლად), 1ც. კიტრი (გასაფორმებლად), მწვანილი (გასაფორმებლად), მარილი, პილპილი გემოვნებით, ფოლგა შესახვევად.
მომზადება: ქათმის ბარკალს გამოაცალეთ ძვლები და ხორცი დაბეგვეთ. ერთ ნაჭერს წაუსვით აჯიკა, დანაყილი ნიორი და მჭიდროდ გადაახვიეთ (დაამაგრეთ კბილის ჩხირით). მეორე ნაჭერს მოაყარეთ მარილი, პილპილი, დააწყვეთ შუაზე გაჭრილი შავი ქლიავის ნაჭრები, გადაახვიეთ და დაამაგრეთ კბილის ჩხირით. მესამე ნაჭერსაც მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაალაგეთ შებოლილი ხორცის ნაჭრები და ისევე გადაახვიეთ. ფოლგას წაუსვით ცხიმი, თითოეულ ბარკალს მჭიდროდ შემოახვიეთ ფოლგა, ბოლოები მოუკარით და შეწვით ღუმელში. შემწვარი რულეტები გააგრილეთ, მოაცალეთ ფოლგა და დაჭერით. თეფშზე მოათავსეთ თითოეული რულეტის 2-3 ნაჭერი და სურვილისამებრ გააფორმეთ კიტრით, პომიდვით და მწვანილით.

ქათმის ფილე ყველით და პომიდვრით

მასალა: 4 ულუფისათვის საჭიროა 4ც. ქათმის ფილე, 0,5 კგ. პომიდორი (უკეთესია პატარა ზომის პომიდვრები), 2-3 კბილი ნიორი, 5ს.კ. ზეითუნის ზეთი, ან მზესუმზირის ზეთი, 200გრ.მაგარი  ყველი, 2 თავი ხახვი, 1 პატარა კონა ან 1 ჩ.კ. ხმელი რეჰანი, 3 ს.კ. არაჟანი, მარილი, შავი პილპილი გემოვნებით.
მომზადება: პომიდორი დავჭრათ მრგვლად, ავურიოთ დაკეპილი ნიორი, მარილი, პილპილი,  2ს.კ. ზეთი, მოვათავსოთ ყალიბში და შევდგათ საშუალო სიმხურვალის ღუმელში 10 წუთით. ქათმის ფილეს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ 3 სუფრის კოვზი ზეთი და ამ ზეთშივე შევწვათ. გავხეხოთ ყველი და ავურიოთ დაკეპილ ხახვში, არაჟანსა და რეჰანში. შემწვარ ხორცს გვერდი ჩავუჭრათ, შიგ ჩავტენოთ ყველიანი მასის ნახევარი. შემდეგ ხორცის ნაჭრები ჩავაწყოთ პომიდორში და ზემოდან მოვაყაროთ ყველის მასის დანარჩენი ნაწილი. შევდგათ ისევ ღუმელში და გავაჩეროთ ვიდრე ყველი კარგად არ დადნება.
რჩევა: თუ გვაქვს პომიდორი ჩილი, შეგვიძლია რამოდენიმე დავტოვოთ დაუჭრელი და სუფრასთან მიტანამდე შემოვუწყოთ ხორცს თეფშზე.

მოხარშული ბრინჯის რულეტი

მასალა: 0.5 კგ. მრგვალი ბრინჯი. 300-400გრ. ნებისმიერი გახეხილი ხილი, 0,5 ჩ. ჭ. შაქარი, შოკოლადი, გახეხილი სიმინდის ბურბუშელა ან ქოქოსის ფანტელი მოსაყრელად.  პერგამენტის ქაღალდი 40X40სმ.
მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ კარგად შაქართან ერთად, ისე რომ წყალი დაიშროს. პერგამენტის ქაღალდზე გადმოვიღოთ ბრინჯი და კარგად გავშალოთ, მივცეთ ოთხკუთხედი ფორმა და დავპრესოთ. გაგრილდება თუ არა, შუაგულში მოვათავსოთ გახეხილი ხილი (წვენი, რომელსაც გამოყოფს ხილი გახეხვის შემდეგ, გადავასხათ) და კალკის დახმარებით გადავახვიოთ რულეტივით. ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი, სიმინდის ბურბუშელა, ან ქოქოსის ფანტელი.
რჩევა: სურვილის შემთხვევაში, შიგთავსად შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯემიც. ასევე შეიძლება ბოსტნეულიც, როგორც ცოცხალი, ასევე მოხარშული. ამ შემთხვევაში ბრინჯს შაქრის ნაცვლად შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი მარილი. გარედან კი მოვაყაროთ საფანელი. გულსართად გამოდგება ნებისმიერი სალათიც.
Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !