ფრიკადელკები ყველითა და სიმინდით
მასალა: 0,5 კგ. საქონლის რბილი ხორცი, 100გრ. დაკონსერვებული სიმინდი, 3-4 სუფრის კოვზი მარილიანი არაქისი, 1/3 ჩაის კოვზი მარილი, 3 სუფრის კოვზი ცხარე კეტჩუპი, 100გრ. მაგარი ყველი, მცენარეული ზეთი.
გასაფორმებლად: სალათის ფოთლები, კამა, წიწაკა ჩილი, პრასი.
მომზადება: გარეცხილი ხორცი გავატაროთ. არაქისი დავაქუცმაცოთ როდინში ან ბლენდერში. სიმინდი გადავიტანოთ საწურზე. ყველი დავჭრათ დაახლოებით 2x2სმ. ზომის ნაჭრებად. ხორცის ფარშს დავამატოთ სიმინდი, არაქისი, მარილი და კეტჩუპი. კარგად ავურიოთ. მიღებული ფარშით გავაკეთოთ პატარა ბურთულები, თითოეულს გულში ჩავუდოთ თითო ნაჭერი ყველი და კარგად დავამრგვალოთ. ფორმას წავუსვათ მცენარეული ზეთი, ჩავალაგოთ შიგ ფრიკადელკები, მათაც გადავუსვათ ზეთი. ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ შესაწვავად წინასწარ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთით. მზა ფრიკადელკები დავალაგოთ სალათის ფოთლებით გაფორმებულ თეფშზე, ზემოდან მოვაყაროთ კამა, წიწაკები და რგოლებად დაჭრილი პრასი.
რჩევა: ფრიკადელკები ნაკლებად მშრალი იქნება თუ საქონლის ხორცს ღორის ხორცსაც შევურევთ. საცხობი ფორმის გარდა შეგვიძლია გამოვიყენოთ ფრიტიური.
0 კომენტარი:
Post a Comment