ქათამი მსხლით და სეზამის მარცვლებით

მასალა: 3 ჩ.კ. ქათმის სანელებლები (მარილი, შავი პილპილი,დაფქვილი წითელი წიწაკა, ხმელი ქინძი, ქონდარი, დაფქვილი დაფნის ფოთოლი, ნიორი), 70მლ. მშრალი თეთრი ღვინო, 1 კბილი  ნიორი, 1 კონა ისპანახი, 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3ც. ქათმის ფილე, 1ც. დიდი მსხალი, 6 ნაჭერი ჰოლანდიური ყველი ,,მაასდამი", 5-6 ს.კ. სეზამის მარცვლები, 1ც. ბულგარული წიწაკა, 4 ს.კ. ბროწეულის სოუსი (ნარშარაბი). 1 ს.კ. კარაქი - შესაწვავად, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი - ფორმაზე წასასმელად, სოუსისათვის 2ც. დიდი მანდარინი და სიმინდის კრახმალი 1ჩ.კ.
მომზადება: ქათმის ფილეები გავჭრათ სიგრძეზე, გამოგვივა 6 ნაჭერი, თითოეული დავბეგვოთ ორივე მხრიდან, ისე რომ 1 სმ. სისქის გახდეს. წავუსვათ ქათმის სანელებლები. მარინადის მოსამზადებლად ერთმანეთში ავურიოთ ჩანგლით ბროწეულის სოუსი, ზეითუნის ზეთი, ნიორი და გავაჩეროთ ასე 10 წუთი. შემდეგ ეს მარინადი გავყოთ 2 ნაწილად: ერთი ნაწილი წავუსვათ ქათმის დაბეგვილ ფილეებს და ჩავალაგოთ 40 წუთით თავდახურულ ჭურჭელში. ამის შემდეგ მოვამზადოთ გულსართი ქათმის რულეტებისათვის:  ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ თესლი და დავჭრათ სიგრძეზე 1,5 სანტიმეტრიან ზოლებად. ყველიც დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. მსხალი გავფცქვნათ და ისიც დავჭრათ სიგრძეზე 1სმ. სიგანის ზოლებად. ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში სწრაფად შევწვათ მსხლის ნაჭრები ყველა მხრიდან. შემდეგ ჩავასხათ შიგ ღვინო და გავაჩეროთ 5-7 წუთი დაბალ ცეცხლზე.  თითოეულ მომზადებულ ფილეზე დავალაგოთ ისპანახის 4-5ც.  ფოთოლი,  შუაში დავადოთ 1 ნაჭერი ყველი და მასზე ბულგარული წიწაკის და მსხლის ნაჭრები. ფილე გადავახვიოთ მჭიდროდ, რულეტივით, გადავუსვათ მარინადი, რომელიც მანამდე გადავინახეთ, და ბოლოს ამოვავლოთ სეზამის მარცვლებში. დავარჭოთ ზედ კბილის ჩხირი და დავალაგოთ ზეთწასმულ თუნუქის ფურცელზე. მოვათავსოთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით, შემდეგ დავუწიოთ ტემპერატურას 180 გრადუსამდე და ისევ 20 წუთი გავაჩეროთ. შიგადაშიგ მოვასხათ ხოლმე თავისივე გამოყოფილი ცხიმი. სრულ მომზადებამდე 10 წუთით ადრე ტემპერატურას ავუწიოთ რომ რულეტები მოიბრაწოს. თუ ღუმელს აქვს რეჟიმი გრილი ან ტურბო გრილი, მაშინ გადავიყვანოთ ამ რეჟიმზე. მზა, დაბრაწული რულეტები დავალაგოთ თეფშზე და ზემოდან დავაფაროთ.  მოვამზადოთ სოუსი რულეტების მიერ გამოყოფილი ცხიმით, დარჩენილი მარინადით და მანდარინის წვენით: ამისათვის ჩამოთვლილი ინგრედიენტები ვადუღოთ 5 წუთი და ბოლოს კრახმალის მეშვეობით შევასქელოთ. სუფრასთან მიტანამდე რულეტებს მოვასხათ ასე მომზადებული სოუსი.
რჩევა: თუ არ გვაქვს ყველი მაასდამი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი მაგარი ყველი.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !