ქათმის ბარკლები ფენოვანი ცომის ტომრებში

მასალა: 1 შეკვრა ფენოვანი ცომი, 8-10ც. საშუალო ზომის ბარკალი, 300გრ. სოკო, 500გრ. კარტოფილი, 3 თავი ხახვი, ნახევარი ჭიქა რძე, 2 ს.კ. კარაქი, 1 კვერცხი, მარილი, პილპილი, ზეთი.
მომზადება: კარტოფილისგან გავაკეთოთ პიურე. სოკო და ხახვი დავჭრათ და მოვხრაკოთ ერთად. პიურე და სოკოს მასა ავურიოთ ერთმანეთში, დავამატოთ კარაქი, რძე, მარილი და პილპილი. შევწვათ ქათმის ბარკლები. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და დავჭრათ 8-10 თანაბარი ზომის კვადრატად. თითოეულ ფენას შუაში დავუდოთ ცომის პატარა ნაჭერი (სიმყარისთვის), ზემოდან მოვათავსოთ შეზავებული პიურე და მასზე დავარჭოთ ბარკალი, ცომს გვერდები ავუწიოთ, თავი მოვუკრათ და ძაფით შევკრათ, გარედან ცომს წავუსვათ კვერცხის გული. გამზადებული ბარკლები გამოვაცხოთ ღუმელში, ვიდრე ცომი არ დაიბრაწება. გამოვიღოთ, გავაგრილოთ და ძაფები მოვხსნათ.
რჩევა: ქათმის ბარკლები შეგვიძლია სხვანაირადაც გავაფორმოთ. მაგ: 1.ფენოვანი ცომის კვადრატი ალაგ-ალაგ დავსეროთ და ისე შემოვაკრათ ბარკალს, ცომი გაიჭიმება და ბადეს დაემსგავსება ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. 2. ფენოვანი ცომი შეგვიძლია უბრალოდ ზოლებად დავჭრათ და ისე შემოვახვიოთ ბარკლებს.


0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !