საშობაო სახლი
მასალა:
100 გრ. თაფლი
50 გრ. შაქარი
60 გრ. კარაქი
1 ჩაის კოვზი ვანილის შაქარი
თითო მწიკვი დაფქვილი დარიჩინი,მიხაკი და ილი ანუ კარდამონი
1ც. კვერცხი
250-280 გრ. ფქვილი
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
შაქრის მინანქრისთვის:
3 ც. კვერცხის ცილა
3 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრი
1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
მოსართავად:
სხვადასხვა ფერის საკონდიტრო მძივები, ბურთები, ვერცხლისფერი მტვერი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე M&M-ის ტიპის კანფეტები, ასევე მარმელადი. ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი და თქვენი შვილების სურვილებსა და ფანტაზიაზე.
მომზადება:
1. პატარა ქვაბში ჩაასხით თაფლი, დაამატეთ შაქარი, ვანილი და კარაქი. შემოდგით დაბალ ცეცხლზე და პერიოდულად ურიეთ, ვიდრე მასა არ გახდება ერთგვაროვანი. გადმოდგით და გააციეთ. ამ მასაში დაამატეთ მიხაკ-დარიჩინი და ილი, კვერცხი, ვანილი და კარგად აურიეთ. ცალკე ჯამში ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი და შემდეგ თანდათანობით ჩაყარეთ თაფლიან მასაში. მოზილეთ ცომი, დაამრგვალეთ ბურთივით და მოათავსეთ მაცივარში 2 საათით.
2. ამასობაში მუყაოსგან გამოჭერით თარგი (სურათი იხილეთ ქვემოთ). სახურავი 2 დეტალი, გვერდითა კედლები 2 დეტალი, ფასადი და უკანა კედელი 2 დეტალი. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ საშობაო სახლი, ამისათვის გნებავთ დაამატეთ საკვამური, ან მეორე სართული. არ დაგავიწყდეთ სახლის კედლებში თქვენთვის სასურველი მოხაზულობის მქონე ფანჯრის და კარის ღიობების ამოჭრა. დამატებით შეგიძლიათ გააკეთოთ ნაძვები ან სხვა ფიგურები (მაგ: თოვლის ბაბუა, ღობე სახლის გარშემო და ა.შ.). რაც უფრო კრეატიული იქნებით, მით უფრო საინტერესო და სახალისო გამოვა თქვენი სახლი და უფრო გემრიელადაც მიირთმევთ მას :)
3. თარგის გამზადების შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცომს. გააბრტყელეთ 0,7მმ. სისქეზე. გამოჭრილი თარგის დეტალები დაალაგეთ ცომზე ზემოდან და პატარა დანით დაიწყეთ ცომის გამოჭრა. ამ ეტაპზე უნდა ამოიჭრას ფანჯრის და კარის ღიობები.
4. თუნუქის ფურცელზე დააფინეთ პერგამენტი, ზედ დაალაგეთ გამოჭრილი დეტალები, ოდნავ მოაყარეთ ფქვილი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10-12 წუთი. უფრო მეტ ხანს თუ დატოვებთ შეიძლება დაიწვას ცომი. გამომცხვარ დეტალებს აცადეთ გაგრილება.
5. მოამზადეთ შაქრის მინანქარი, რომლითაც შეაერთებთ დეტალებს და ასევე გააფორმებთ სახლის კედლებს და სახურავს დეკორატიულად. გაგრილებული კვერცხის ცილა ათქვიფეთ ბეზესავით, დაამატეთ შაქრის პუდრი და ლიმნის წვენი. თქვიფეთ, ვიდრე არ მიიღებთ სქელი კონსისტენციის მასას. თუ საჭიროა დაამატეთ შაქრის პუდრი.
გახსოვდეთ რომ რაც უფრო სქელია მინანქარი მით უფრო გაგიადვილდებათ დეტალების შეერთება. გამზადებული მინანქარი გადაიტანეთ ერთჯერად, ცელოფნის საკონდიტრო ტომარაში და მაკრატლით ოდნავ წააჭერით ტომარას თავი (წვეტიანი მხარე). ჯერ მორთეთ სახლის დეტალები, გაუკეთეთ კონტურები ფანჯრებს, კარს. სახურავზე შეგიძლიათ „დახატოთ“ კრამიტი. დააცადეთ გაშრობა და შემდეგ დაიწყეთ სახლის აწყობა. ამ ეტაპზე საკონდიტრო ტომარას ცოტა მეტად წააჭერით თავი რომ მინანქარი უფრო ადვილად გამოვიდეს. არ იჩქაროთ, დეტალები სათითაოდ შეაერთეთ, მაგ: ჯერ წინა და გვერდითი კედელი შეაწებეთ, დაელოდეთ ვიდრე მინანქარი გამაგრდება და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ დანარჩენი დეტალების მიმაგრება. კედლები რომ არ გადავარდეს შეწებებს პროცესში, შეგიძლიათ გამოიყენოთ საყრდენად სხვადასხვა საგნები, მაგ: ჭიქა. როდესაც სახლის კედლები მყარად მიეწებება ერთმანეთს და მინანქარიც გაშრება (ამისათვის ჯობს მთელი ღამით დატოვოთ ასე სახლი და სახურავი მეორე დღეს დაადგათ) დაიწყეთ სახურავის დადგმა და კარის დამაგრება. განსაკუთრებით მოთმინება გმართებთ სახურავის დამაგრებისას. არ დაიზაროთ და ცოტა ხანი ხელით გეჭიროთ სახურავის დეტალები, რომ არ დაცურდეს კედლებიდან. (ისევ და ისევ შეგიძლიათ ქვეშ დაუდოთ შესაბამისი სიმაღლის ჭიქა და ხელიც აღარ დაგეღლებათ). შესაძლებელია ე.წ. კბილის ჩხირების გამოყენებაც, რომ დეტალები უფრო ადვილად დააფიქსიროთ ერთად. მინანქარი არცთუ ისე მალე მაგრდება და შრება ამიტომ ცოტა დიდ დროს მოითხოვს სახლის აწყობა, მაგრამ მერწმუნეთ შედეგით ძალიან კმაყოფილი დარჩებით.
6. მას შემდეგ რაც სახლი უკვე მთლიანად აწყობილია და მინანქარი კარგად გამშრალი, შეგიძლიათ გააფორმოთ გარედან სხვადასხვა კანფეტებით.
P.S. შაქრის მინანქარი რომ არ გამოშრეს და გახმეს მეორე დღემდე, საკონდიტრო ტომარაში დატოვეთ. თუ მაინც გაშრა და გართულდა მისი გამოყენება, მაშინ ხელახლა გააკეთეთ.
შეიძლება იფიქროთ რომ საშობაო სახლის გაკეთება რთულია, მაგრამ მერწმუნეთ ეს პროცესი ძალიან სასიამოვნოა, აუცილებლად გამოგივათ და ყოველ წელს უფრო და უფრო ლამაზ სახლებს გააკეთებთ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!
0 კომენტარი:
Post a Comment