შუ და ეკლერი


მასალა ცომისათვის: 100გრ. კარაქი ან მარგარინი, 1,5 ჭიქა, წყალი, 1 ჩ.ჭ. ფქვილი, მწიკვი მარილი, 5 კვერცხი, 1 სუფრისკოვზი არაყი.
მასალა კრემისათვის: 0,5 ლიტრი რძე, 1 ჩ.ჭ. შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი, კარაქი 200გრ. ვანილი 1 პაკეტი.
მასალა მინანქრისთვის (ეკლერი): 1,5 ს.კ. კარაქი, 1,5. ს.კ კაკაო, 2 ს.კ. არაჟანი, 2,5 ს.კ. შაქარი. ან უბრალოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ 1 ფილა შავი შოკოლადი, დამდნარი წყლის აბაზანაზე.
მასალა მოსაყრელად (შუ): 0,5 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი.
ცომის მომზადება: წყალი ავადუღოთ, დავუმატოთ მარგარინი და მარილი. როცა მარგარინი გადნება ჩავყაროთ ფქვილი და სწრაფად ვურიოთ, ვიდრე ცომი არ შეიკვრება. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ. გაციებულ ცომს სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხები და ბოლოს დავუმატოთ არაყი. ჩავრთოთ გაზქურა საშუალო ცეცხლზე, თუნუქის ფურცელს წავუსვათ ცხიმი და საკონდიტრო ტომრით მოვათავსოთ ცომი მასზე. ეკლერის შემთხვევაში მოგრძო, ხოლო შუს შემთხვევაში მრგვალი ფორმა მივცეთ. შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ. როდესაც ნამცხვარი კარგად გაფუვდება და მოყვითალო ფერს მიიღებს, თითქმის მზადაა, ამის შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს და გავაჩეროთ კიდევ 10 წუთი, ბოლოს გამოვრთოთ გაზქურა და ეკლერები დავტოვოთ შიგ. ასე უფრო კარგად გამოშრება ნამცხვრის გული.
კრემის მომზადება: ფქვილი და შაქარი კარგად ავურიოთ ერთად, ისე რომ ბურთულები არ დარჩეს და დავასხათ თბილი რძე. მოვურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ვურიოთ გამუდმებით. როდესაც კრემი გასქელდება, ვადუღოთ კიდევ 5 წუთი, გადმოვდგათ და გავაციოთ. გაციებულ კრემს დავამატოთ კარაქი და ვანილი. მიქსერით ავთქვიფოთ კარგად. გაციებული კრემით ამოვავსოთ შუ და ეკლერი, ამისათვის ნამცხვარს ფრთხილად გავუჭრათ გვერდი და ჩაის კოვზით ჩავდოთ გულში კრემი.
მინანქრის მომზადება: ჯამში დავადნოთ კარაქი, შემდეგ ჩავყაროთ კაკაო, შაქარი და ბოლოს არაჟანი. კარგად მოვურიოთ. ოდნავ რომ წამოდუღდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, თან ვურიოთ ვიდრე მინანქრის მასა მთლიანად ერთგვაროვანი არ გახდება. გავაგრილოთ მინანქარი და კრემით ამოვსებულ ეკლერს გადავუსვათ ზემოდან.
შუს შემთხვევაში, ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

0 კომენტარი:

Post a Comment

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !