ბლინებით ფარშირებული ქათამი

მასალა: 1ც. დიდი ქათამი, 1 კგ. სოკო, 4 თავი ხახვი, 4ს.კ. მაიონეზი, მცენარეული ზეთი შესაწვავად, მარილი. ბლინებისათვის: 1 ჭიქა რძე, 1ც. კვერცხი, 1-2 ჭიქა ფქვილი.
მომზადება: ქათამს გამოვაცალოთ ძვლები იმ ადგილიდან, საიდანაც ხდება მისი გამოშიგნვა. დანის დახმარებით დავიწყოთ რბილობიდან ძვლების გამოცალკევება, თან უნდა ვეცადოთ რომ ტყავი არ დავაზიანოთ. ხელით კარგად შევამოწმოთ რომ სადმე თუნდაც პატარა ძვალიც კი არ დარჩეს. ქათამს ასევე ავაჭრათ გულმკერდის არეში ფილე, ხორცი დავტოვოთ მხოლოდ 1 სმ. სისქეზე. ქათმიდან ძვლების მოცილების ვიდეო იხ. აქ: http://www.kyxarka.ru/news/1237.html. მოჭრილი ფილეები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, სოკო და ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში. ფარში და სოკო ერთად ავურიოთ და მოვაყაროთ მარილი. გამოვაცხოთ ბლინები ცხელ ტაფაზე, თითოეულ ბლინზე დავდოთ ფარში და გადავახვიოთ მილისებურად. დავიწყოთ მზა ბლინებით ქათმის გამოტენვა. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მჭიდროდ ჩავაწყოთ, ისე რომ ცარიელი ადგილი არსად არ დარჩეს. ამის შემდეგ ქათამი გავკეროთ ძაფით, შემოვახვიოთ მჭიდროდ შპაგატი, ან ისეთი ძაფი რომელიც ღუმელში არ დაიწვება, ისე როგორც ეს სურათზეა, იმისათვის რომ ქათამმა ფორმა არ დაკარგოს. გარედან წავუსვათ არაჟანი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვათავსოთ ღუმელში 180-200 გრადუსზე დაახ. საათნახევრით. მომზადების პროცესში, ქათამს მოასხით ხოლმე, თავისივე ცხიმი. თუ კანი ზედმეტად მოებრაწება, მაშინ თუნუქის ფურცელი დავწიოთ ერთი თაროთი დაბლა, ან დავუწიოთ ზედა ცხობის რეჟიმს. მზა ქათამს მოვაცალოთ ძაფი და შპაგატი.
ბლინებში სოკოს ნაცვლად შეგვიძლია ჩავაყოლოთ მთლიანი მოხარშული კვერცხები. ძალიან უხდება შავი ქლიავის ჩირიც. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ნებისმიერი ხმელი სუნელი, საკმაზი, სოუსი, მაიონეზი ან აჯიკა წავუსვათ ქათამს.


1 comment:

  1. გემრიელად გამოიყურება :)

    ReplyDelete

Copyright © 2014 რეცეპტების კრებული გურმანებისთვის !